03 სექტემბერი, 2020
დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მთელს გუნდს და ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის.
ქარელის რაიონის ეს ლამაზი ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით, ჩვენი ქვეყნის საინტერესო ისტორიით, წარსულის დიდებით.
XVI – XVII საუკუნეში ფანასკერტელ-ციციშვილებმა რეზიდენცია აქ გადმოიტანეს, რომელიც შემდეგ დიდ პოლიტიკურ ცენტრად აქციეს.
დღეს ჩვენთან ერთად ვხედავ ეკლესიის მსახურებს. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეუფე იობს, ჩვენი დაფასებისთვის.
სწორედ აქ, დავით აღმაშენებელმა პირველი საეკლესიო კრება მოიწვია. ამ შეხვედრამ დაუდო საფუძველი საქართველოს აღორძინებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ძლიერების საწინდარი გახდა.
დღეს მე ვდგავარ აქ, როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი. კარგად ვიცნობ შიდა ქართლის ამ უმშვენიერეს კუთხეს, რადგან მე ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, კარგად ვიცი ამ რეგიონის ყველა სასიკეთო საქმე, რომელიც გაკეთდა და რომელიც უნდა გაკეთდეს. გამარჯვების შემთხვევაში თქვენს ხმას მივიტან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ილია ჭავჭავაძემ ბრძანა - „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი“. სწორედ ეს დიდი ტვირთია, რომელიც მინდა თქვენთან ერთად ვიტვირთო და ვაკეთო მრავალი სასიკეთო საქმე. მე მივიღებ აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში - კულტურის, სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში.
ვიქნები ქარელის მუნიციპალიტეტში პროფესიული სასწავლებლების გახსნის ინიციატორი, დღეს ხომ ეს ძალიან სჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე, პროფესიული გადამზადების კურსების გახსნის მოზრდილთათვის, რომ ადგილზე იყვნენ კვალიფიციური კადრები და ჰქონდეთ დასაქმების საშუალება.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქარელის რაიონში გაგრძელდეს ოპტიკური ინტერნეტის ინფრასტრუქტურული პროექტი, გაიზარდოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ვიქნები „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” გაგრძელების მომხრე და მხარდამჭერი.
დღეს ძლიერი სოფელი და სოფლის მეურნეობაა ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის სიძლიერე, ამიტომაც ვიქნები თქვენთან ერთად, რომ მოხდეს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და საკონსერვო წარმოების აღდგენა, რისი საშუალებითაც, სოფლად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
მზად ვარ თითოეულ ამომრჩეველთან შესახვედრად და სასაუბროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრობლემის დაძლევას - ჩვენი სოფლების, რაიონის და ადამიანების სატკივარის გაზიარებას და კეთილი საქმეების გაკეთებას.