×

03 სექტემბერი, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ხაშურში

ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს. 

სიმბოლურია, რომ დღეს ხაშურში დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება. 

დღეს ხაშურში ვართ, შიდა ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ დღეს გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი. განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, იმიტომ რომ სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც გლობალური პანდემიის შემდგომ ფიზიკურად პირველად ჩატარდა, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერია, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა. ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად გვაქვს სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ.

ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და  ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა. რუსული ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ. 

ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და დღეს, სახელმწიფო მილიარდობით ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მიუხედავად პანდემიისა, მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ქვეყანაში ერთი დღით არ შეჩერებულა. შედეგად,  უპრეცედენტო ზომის, 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალური გზა წელს შევა მწყობრში, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, მათ კომფორტი შევუქმნათ და, რა თქმა უნდა, ქალაქების ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი. 

ასევე, მინდა გითხრათ და ერთგვარად, ბოდიშიც მოვიხადოთ ხაშურელების წინაშე, რომ გაგვიგრძელდა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები წლებია დგას, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება და სრულიად რეაბილიტირებული იქნება ხაშურის, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემა და შეიქმნება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს შეეფერება. 

ყველამ იცით, რომ მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და რა თქმა უნდა, ბანა. ბანას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს არის ხაშურის გვირგვინი, რომელიც აქ შექმნის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს და მისცემს შესაძლებლობას რეგიონს, შეასრულოს ის ფუნქცია, რაც აქვს - ეს არის საქართველოს შუაგული. რა თქმა უნდა, გზაჯვარედინს, რომელიც აქ არის, ისტორიული დატვირთვაც აქვს და რეალურიც, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურულიც.

ყველას კარგად გვახსოვს ხაშურის ინდუსტრიული ფუნქციაც და ყველამ უნდა ვიშრომოთ მის აღსადგენად. 

მინდა, ვისაუბრო ხაშურში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე. ეს ის მუნიციპალიტეტია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა მოამარაგოს. ამიტომ, ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა გავაგრძელოთ. „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს ხაშურში.

ჩვენ დავნერგეთ სიახლე.  „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბევრ კარგ პროგრამას ქმნიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, რისკი, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, მიეხმაროს. ამისთვის გვჭირდებოდა თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროში სიარული. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ და ეს ყველაფერი იქნება თქვენთან, აქ, ქალაქში და მთლიანად გაიშლება გეოგრაფიულად საქართველოში. ადამიანს შეეძლება, მივიდეს საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის სახლში და მიიღოს სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტიც კი გააფორმოს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის. 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა. ხაშურში მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი მაღალი ხარისხის განათლებას უნდა იღებდეს. ეს არის ის ამოცანა, რომელიც გვიბიძგებს მაღალი მიზნისკენ და რამაც უნდა შეგვასრულებინოს ჩვენი ძირითადი მოწოდება - ადამიანი. ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში. 

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა. ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების, ღირსების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ კეთილსინდისიერი, ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატება ადრე თუ გვიან იქნება მათი წარმატებაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება და კეთილდღეობა იქნება ცენტრში, რომელიც მიმზიდველს გახდის მათთვის ერთიან სახელმწიფოს. 

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხაშურს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ზაზა დუგლაძე არის ღირსეული ადამიანი, ამ კუთხის შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ხაშურელების ღირსეული და ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მინდა ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!