10 სექტემბერი, 2020
მე გამოვდივარ თქვენს წინაშე, როგორც ამ უძველესი, უმშვენიერესი ქალაქის მერი, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი.
მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლისთავზე, მსურს, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა - თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში.
ჩვენ შევცვალეთ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი - სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი.
8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა.
დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ, კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ.
დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე. ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე. ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე, მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე.
ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა. ეს ყველაფერი, ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.
ეს 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია!
დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როცა პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გათავისუფლების საქმეში და იმ დღიდან მოყოლებული, მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეულ თავისუფლების, ქვეყნისა და ხალხის მსახურების გზაზე.
დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.
ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.
იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე.
მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება.
პარტია და ხელისუფლება საჭიროა მხოლოდ ამ ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საშური საქმის განხორციელებისთვის, რათა როცა დაფიქრდები რა არგე შენს ქვეყანას, ამაზე მყარი და მკაფიო პასუხი გქონდეს და ვალმოხდილი იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მთელ საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი მოვლენა - საქართველოს სარაგბო ნაკრები „რვა ერის“ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს ქართული სპორტისა და ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა და ამ გამარჯვებაშიც, თავისი უანგარო ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, „ქართული ოცნების” განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ. კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!
ჩვენ ვაშენებთ აწმყოს, ჩვენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდებით საქმეს, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. წარმატებები მინდა ვუსურვო „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს!