09 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე

დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ნათელიც არის და როდესაც ონში გადაადგილდები, ამას ხედავ. რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის, სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით ედგა და მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს. ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა - ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭას ძალიან ბევრი ქართველი ესტუმრა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეთ თვითრეალიზების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი, კარგი განათლება, ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ონს თავისი ისტორიული გამორჩეულობა აქვს. ონში მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია, 1991 წლის სტიქიის შემდეგ, მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება და აბსოლუტურად თანამედროვედ აღჭურვილი მუზეუმი ტურისტების მიმზიდველობის კუთხით კიდევ დამატებითი ძალა იქნება. რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არის შოვი, არავის გვაკმაყოფილებს. სახელმწიფოს მეტი ყურადღება სჭირდება მის კიდევ უფრო განვითარებას, რათა შოვი გახდეს არა მხოლოდ შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი, არამედ უცხოელებიც ჩამოვიყვანოთ. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი დღევანდელი დღე ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ჩვენი გუშინდელი და ხვალინდელი დღე ჩვენი შვილებისთვის ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე დღევანდელი. ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად. ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!

09 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე

მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მილოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა. ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია. მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. ეს 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს, მომდევნო წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით წარმოდგენილი პროგრამებით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები. ბუნებრივია, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს, ზოგადად ამ რეგიონს აწუხებს და ქვეყანაშია. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ შეგვიძლია 2012 წლიდან, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს გეხებათ როგორც თქვენ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, ისე სრულიად საქართველოს. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.

09 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და  ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მუზეუმი და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მუზეუმის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია კი დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული.

08 ოქტომბერი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს. როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში. ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა "ქართული ოცნების" ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან. უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის.

08 ოქტომბერი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება გვინდა გამოვეხმაუროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის  ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის აღმოჩენილი რუკა, რომელიც  საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია. ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა  პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც  უკვე  დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება.  აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის  გათვალისწინებით იქნება მიღებული.

07 ოქტომბერი, 2020

კახა კალაძის განცხადება

ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი უმძიმეს ფაქტზე, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა! ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ - ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული! აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

07 ოქტომბერი, 2020

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს’ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე - სპიკერი კახაბერ კუჭავა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში  პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის წევრებთან, მაკა ბოჭორიშვილთან და გივი მიქანაძესთან ერთად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს და პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოს ალი ვერჯეს შეხვდნენ. ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

02 ოქტომბერი, 2020

განათლება და მეცნიერება - ანგარიში და სამომავლო გეგმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  მიხეილ ჩხენკელის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე   განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია: - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა; - საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი; - გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება; - სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა; - გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი; - სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა; - 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით; - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას; - 7-ჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება; - 33-დან 62%-მდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; - სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა; - უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა; - საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; - მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა.   განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:   -  გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება; -  მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; -  გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; -  გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; -  გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება        დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი; - საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი    იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი; - გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა; - ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას; - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.

02 ოქტომბერი, 2020

თავდაცვა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად“ - ირაკლი ღარიბაშვილი   „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ოთხი ძირითადი ამოცანა აქვს: ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად და  საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეესაბამება ნატოს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), გაიზარდა საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები და ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა და მომავალში განხორციელდება საბრძოლო-საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია: „შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება; დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP); ქართული ოცნების ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით გაორმაგდა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება და 227  მილიონი დოლარი შეადგინა.“ მისი თქმით, საამაყო ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას ავღანეთში და სხვადასხვა მისიებში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად.   ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ის ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რომელიც თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და სრული მოდერნიზაციის კუთხით მიმდინარეობს. მისივე თქმით, შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად თავდაცვის ძალების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. „შეძენილ იქნა და ახლო მომავალში დამატებით იგეგმება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება. ჩვენ დავიწყეთ და აქტიურად ხორციელდება საავიაციო ძალების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი.  მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების შეიარაღებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ასევე გეტყვით, რომ დაგეგმილია სამანევრო  ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა  და 2021 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმირებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი უკვე მარაგდება საქართველოში წარმოებული ცალკეული სამხედრო ეკიპირებით, თავდაცვის ძალები „დელტასგან" მალე აღიჭურვება მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებითა და  კავშირგაბმულობის მანქანებით: „აქტიურად მიმდინარეობს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ ვაზნების ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე დრონების წარმოებაზე, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ყუმბარმტყორცნებზე და სხვადასხვა სისტემების წარმოებაზე. „დელტასგან“ მალე მივიღებთ მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო ჯავშანმანქანებს და კავშირგაბმულობის მანქანებს. „დელტაში“ ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „დელტა ტექსტილი“, ეს არის თანამედროვე  სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ჩვენი გმირი სამხედროებისთვის მოხდება თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის უნიფორმების და სხვადასხვა საბრძოლო ეკიპირების წარმოება.“ სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საუკეთესო ინფრასქტრუტურული პირობების შესაქმნელად თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტი ნატოს სტანდარტებით შენდება და რემონტდება. ასევე, ქართული ჯარისთვის თანამედროვე მსოფლიო ბრენდების 500-ზე მეტი ერთეული საუკეთესო სპეცტექნიკის შესყიდვა განხორციელდა.   ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა“   „თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჩვენს ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.  მან აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გაიზარდა. მინისტრმა ჯარისკაცებისთვის კვებითი, სამედიცინო, საბინაო პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით აღჭურვის თემას.    ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა  დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისათვის, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვის კუთხით განხორციელებული პროექტები: „ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. გავუზარდეთ მათ დაფინანსება. ასევე, ამერიკის დახმარებით, ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის აშენდა რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში. გაძლიერდა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაციის სახით იღებენ ასი ათას ლარს. ასევე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ 1000 (ათასი) ლარი.“ თავდაცვის მინისტრმა 5000-მდე მოქმედი, ყოფილი სამხედროსა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ბინების დაკანონების, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემის, შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულად შესრულდება 2007 წელს, 2000-ზე მეტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის წინაშე აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულება 2013 წელს დაიწყო და მანამდე პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯარის ინსტიტუციური მართვის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით,  გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.     ირაკლი ღარიბაშვილი: “მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე”   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. „ჩვენ მივიღებთ უკეთ შეიარაღებულ, მომზადებულ, დაფასებულ და ძლიერ მოტივირებულ ჯარს, რომლიც კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით  და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა. „ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას,“ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.   თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატოში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება. „გლობალური გამოწვევების ფონზე, გავაგრძელებთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას. მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდ მიზანთან და გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

02 ოქტომბერი, 2020

ტურიზმი - ანგარიში და სამომავლო გეგმა

მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება „მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება,“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით,  გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70 პროცენტამდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30 პროცენტით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას. მისი თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვებას ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით. მარიამ ქვრივიშვილმა  ასევე შეაჯამა საქართველოს სამთო კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული მშენებლობები. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, რის შედეგადაც მათი ვიზიტორების რიცხვი შვიდჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, აშენდა 30-მდე ახალი საბაგირო გზა, გაიხსნა ახალი კურორტები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურსა და ბაკურიანში. „ყველა კურორტი აღიჭურვა თანამედროვე სპეცტექნიკით და რაც მთავარია ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოთხილამურე პატრულის მიმართულება შეიქმნა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  მომდევნო წლებში საქართველოში კურორტების მართვის ახალი სისტემა შეიქმნება, სამთო კურორტებზე სათხილამურო ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო განვითარდება.  აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა: 4,7 მილიონიდან 9,4 მილიონამდე გაიზარდა შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა; 2,5-ჯერ, ფაქტობრივად, 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს გაუტოლდა 3,3 მილიარდ აშშ დოლარს. შედეგად, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში 8%-ს გადააჭარბა, ასევე 150 ათასზე მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმდა.      მარიამ ქვრივიშვილი - სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა - სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა გასამმაგდა „პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023,“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა  მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნობრივ სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის უფრო მეტად განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მისი თქმით, მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით, 2014 წლიდან გადამზადდა 8,000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესიები ტურიზმის სექტორში დასაქმებისთვის. მისივე თქმით, მომდევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოთხჯერ გაიზარდა მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში, გაიზარდა საქართველოში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობა და შესაბამისად გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი მიმართულებების კუთხით. შედეგად, მოხდა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი ინდუსტრიის მდგრადი განვითარება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო წლებში გაფართოვდება როგორც ბათუმის აეროპორტის, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.

02 ოქტომბერი, 2020

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 3-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც  8  მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა. შედეგად, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა  40 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზარდა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა. ამოქმედდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც დღეის მდგომარეობით  70 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. 2012 წლიდან, ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება, რაც დღეის მდგომარეობით  350 მილიონ ლარს შეადგენს. პენსია, 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთათვის კი 300 ლარამდე გაიზარდა.  სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც სოციალურ პაკეტზე 20 პროცენტიან დანამატს, აგრეთვე ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტიან ანაზღაურებას იღებენ. ორნახევარჯერ   გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო ხუთჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა.  ორნახევარჯერ   გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა. 2013-2020 წლებში, 22 500 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი საკუთარი საცხოვრებლით. ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.  სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე.  გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება. შემდეგი 4 წლის მანძილზე, ჩვენ ვგეგმავთ 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

02 ოქტომბერი, 2020

გარემოს დაცვა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრის, მაია ბითაძის სიტყვით გამოსვლა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების” პროგრამას გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება - დემოკრატიული გარემოსდაცვითი მმართველობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლისა და ჰაერის დაცვა, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა. ქართულ ოცნება ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა. 2012 წლიდან დღემდე აღდგა და გაფართოვდა სრულიად მოშლილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი.  პირველად საქართველოში, სტიქიური მოვლენების რისკის პრევენციის მიზნით, დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ატმოსფერული ჰაერის დაცვას, გამკაცრდა მოთხოვნები საწვავის ხარისხის მიმართ -  დღეს, საქართველოში ,,ევრო - 5“ სტანდარტის ბენზინს მოვიხმართ. შეიქმნა საფუძვლები ამტვერებადი მასალის კონტროლის კუთხით, შეიქმნა კანონმდებლობა ტყის, ნარჩენების, რადიაციული უსაფრთხოების, საზოგადოების ჩართულობისა და გარემოს დაცვითი მმართველობის სფეროებში. შეიქმნა 26 ახალი დაცული ტერიტორია - 281 ათასი ჰექტრით გაფართოვდა დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და მან საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი მოიცვა. დაინერგა ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის 500 კილომეტრზე მეტი სატყეო გზა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება“ ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით.  მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი გაიზრდება და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას იმისთვის, რომ ნარჩენიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით.  მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით.

02 ოქტომბერი, 2020

სოფლის მეურნეობა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სოფლის  მეურნეობამაც უპრეცედენტო წინსვლა განიცადა. ჩვენ, დავპირდით იაფ ფულად რესურსებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში მრავალწლიანი ბაღების 9500ზე მეტი ჰექტარი ახალი ინტენსიური მეურნეობები შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 200 ზე მეტი ახალი საწარმო და გადაიარაღდა 900-ზე მეტი საწარმო. ასევე, შეიქმნა 99 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 100 ათასი ჰა ფართობის მიწის დაზღვევა განხორციელდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, 38 მლნ ლარი იყო. განხორციელდა 95 ათასი ჰა წყალუზრუნველყოფა. კახეთი უზრუნველყოფილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით, 500-დან 900 მლნ-მდე გაიზარდა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი. 750 მლნ ლარიდან 350 მლნ ლარამდე შემცირდა უცხოური სავაჭრო დეფიციტი. 5 ჯერ გაიზარდა თითქმის გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ასევე 5ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, გამოწვევები სოფლის მეურნეობაში ბევრია. ამისთვის ჩვენ გავქვს გეგმა, რომ გავაგრძელოთ კერძო სექტორის, ჩვენი ფერმერების მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა. ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ჩვენ გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნის მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. განხორციელდება დამატებით 40 ათასი ჰა-ს უზრუნველყოფა და 20 ჰა-ს დაშრობა. აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება მიწის ბალანსის შედგენას მოახერხებს, მიწის რესურსების აღრიცხვას მოვახერხებთ და ასევე, 1 200 000 ჰა-ს სისტემური რეგისტრაცია განხორციელება, რაც  სოფლის მეურნეობის განვითარების და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

02 ოქტომბერი, 2020

ინფრასტრუქტურა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის სიტყვით გამოსვლა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საგზაო სამუშაოების ტემპი და მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა: 2012 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-20 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა. მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული. კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი - განხორციელდა 3 300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია, აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი 10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგად  გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოქალაქეთა რიცხვი. ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობას პირველად აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება. მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, მხოლოდ სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1200 ქართული კომპანია და 30 ათასამდე  საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი - თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, ხოლო ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი - ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა. 2020-2024 წლებში აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე  აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა და თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში შევძლებთ უსაფრთხოდ ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეძლებს გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი. 2024 წლამდე დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზის და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც დიდ ბიძგს მივცემთ რეგიონების განვითარებას, შევქნით ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ახალ კავშირებს. ახალი გზების მშენებლობის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს. შედეგად, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, თუმცა ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024წწ 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების სამუშაოები - 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს, როცა 2012 წელს მხოლოდ 25 პროცენტი სარგებლობდა 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება და შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე. კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა. მომავალი 4 წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ათასობით პროექტი. ჩვენს გავაგრძელებთ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ და სწრაფ განვითარებას, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ქალაქებსა თუ სოფლად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და კეთილდღეობისთვის.

02 ოქტომბერი, 2020

ბიზნესის მხარდაჭერა და ენერგეტიკა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

ნათია თურნავა - 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე  მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. „ჩვენ დავიწყეთ  და წარმატებით ხორციელდება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. დაჩქარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, დაფინანსდა 200-მდე სტარტაპი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები.   ნათია თურნავა - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ბიზნესის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია“-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები. როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგარმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები. მისი თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე  მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.   ნათია თურნავა - ჩვენ  გავაგრძელებთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების  განმტკიცების უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმას მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. „ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, 2024 წლისთვის  გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები. „ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური - ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.   ნათია თურნავა -  საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი და ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან  თანამშრომლობით, აშენდება Pace Group-ის ახალი ტერმინალი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე  თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

02 ოქტომბერი, 2020

ეკონომიკა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

ივანე მაჭავარიანი: 2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა 2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და  ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსი და იკავებს მეხუთე ადგილს მსოფლიოში. 16,4-დან 9,9 პროცენტამდე შემცირდა ბიზნესზე საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი, რითაც საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.  შემოღებულ ექნა მოგების გადასახადის ე. ესტონური მოდელი და მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა მხოლოდ 2019 წელს შეადგინა 612 მილიონი ლარი. სიმბოლურ, 1 პროცენტამდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი. მნიშვნელოვნად გამარტივდა დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი, დღგ-ს დაბრუნების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 146-დან 615 მილიონამდე გაიზარდა 2019 წელს.  დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. 59 პროცენტით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი, 31 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი  შემცირდა 54-დან 41%-მდე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.   ივანე მაჭავარიანი: საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც  უზრუნველყოფს  ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას. როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს. „მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები”, -აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება. „დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას  ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

02 ოქტომბერი, 2020

დემოკრატიული მმართველობა - ანგარიში და სამომავლო გეგმა

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი: -          ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები -          შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების სამართლიანი წესი -          განხორციელდა საჯარო სამსახურის სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და საქართველოში პირველად დაინერგა საჯარო სამსახურის ე.წ. კარიერული მოდელი -          საქართველომ თავი დაიმკვიდრა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით -          გაუმჯობესდა საჯარო სერვისების ხარისხი და სერვისების როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული ხელმწისაწვდომობა -          გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობა - გაფართოვდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ფინანსური რესურსები, შემოღებულ იქნა მერების პირდაპირი არჩევის წესი, დამტკიცდა დეცენტრალიზაციის ამბიციური სტრატეგია 2021-25 წლებისთვის -          გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ყველა სფეროში -          ხორციელდება პროგრამა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ქმნის კარგ საფუძველს წარმატებული შერიგების პოლიტიკის განხორციელებისთვის და ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმების დასაბრუნებლად -          ასევე, ჩვენ ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თვისებრივად გავაუმჯობესეთ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი -          გაუმჯობესდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი და სახელმწიფო ენის ცოდნის დონე უმცირესობების წარმომადგენლებს შორის -          სასამართლო ხელისუფლება განთავისუფლდა უმძიმესი პოლიტიკური წნეხისგან, რაც პირდაპირ აისახა სასამართლო სტატისტიკაზე და საერთაშორისო რეიტინგებზე როგორც აქ იქნა ნათქვამი. 2012 წლიდან ორჯერ გაიზარდა სასამართლოსადმი მიმართვიანობა სწორედ ამ ნდობის წყალობით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე. დამკვიდრდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები მედიაციის და არბიტრაჟის სახით -          სამართალდამცავ ორგანოებში გადაცდომების გამოვლენისა და ობიექტურად გამოძიების მიზნით შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური -          განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაადამიანურება მოხდა. მოწესრიგდა სისხლის სამართლის სტატისტიკა -          პენიტენციურ სისტემაში აღიკვეთა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ პატიმრების სიკვდილიანობა საპატიმროში, განხორციელდა პროგრამები, რომლებიც პატიმრებს რესოციალიზაციის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს და მრავალი სხვა.   „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესწყობილებას ჩვენს ქვეყანაში:   -          ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა კვლავაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება და გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო პრინციპი იქნება -          გაძლიერდება პარლამენტის როლი მმართველობის სისტემაში, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციები -          გაძლიერდება საჯარო სამსახურის სისტემა: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას, ჩამოყალიბდება პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანი და ინკლუზიური სისტემა; -          მუდმივად გაუმჯობესდება საჯარო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტ ელექტრონულ მომსახურებაზე წვდომა; -          „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, რის საფუძველზეც გაფართოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და არანაკლებ მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტამდე გაიზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეფექტიანი და კომპეტენტური ადგილობრივი თვითმმართველობა; -          ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება -          განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება; -          გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით, დამტკიცდება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები. პროფესიული განვითარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამოძიების ხარისხი; -          გაგრძელდება პენიტენციურ სისტემაში სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება: მსჯავრდებულთათვის უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების და განათლების კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები, პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდება ჯანდაცვის სერვისები, დაინერგება გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა, გაუმჯობესდება თანამშრომლების სამუშაო პირობები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. ეს პროცესი არ შეჩერდება. აშენდება ახალი, მცირე ზომის და საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული მსჯავრდებულის  რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს. -          აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა.  

02 ოქტომბერი, 2020

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით ყველას, დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი, და ქვეყანა. დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს, და არა პირიქით. დღეს, ჩვენი პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება. პროგრამას, დღეს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, ჩემი ახალგაზარდა კოლეგები წარმოგიდგენენ. მე კი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ, და სად ვართ ახლა. რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდავოდ ვალდებული ვართ ობიექტურად შევაფასოთ და, არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, კიდევ ერთხელ, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და  კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისფულებისაგან, და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში. მტკიცედ მჯერა, რომ  მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ, შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო, და “ქართულ ოცნებასთან” ერთად, დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად, და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას. მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც  მოატყუოს ხალხი, და  დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა  მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში. გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე, და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას. სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა. ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის, და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები. ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი. დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა, და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის - როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები. გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა, და გაუაზრებელი მოქმედებებით, ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი, და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა. მსურს, ასევე შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა. მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე. რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც  ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო, ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს, და იძულებით ჩამოართვეს ქონება. ერთ დროს წარმატებული და აყვავებული, არაერთი ბიზნესი, უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით, ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან სამწუხაროდ, არ არსებობს, ჩვენი სამშობლოს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც  გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და, დამანგრეველი მმართველობის შედეგებს. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით, საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია, და რევიზიას არ ექვემდებარება, იმდენად დიდია მიყენებული ტკივილი და ტრავმები, რომ ამის გამოდევნა, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან შეუძლებელია! მიუხედავად ამისა, ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ, და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა. მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით, საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით, და მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლო „ქართულ ოცნება“, წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ, და არაფრისშემძლე ერთობად. ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში - „უნიათობა“, რომელიც უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო - რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის კი, ქართველ ხალხს, უნიათოს ნაცვლად, ეფექტური უნდა აერჩია.  სიცრუეში დახელოვნებულებმა, საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს: ჩვენ არ ვიტყუებოდით, და მათსავით, სამ-სამჯერ არ ვხსნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს;  წითელ ლენტს არ ვჭრიდით, თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე; არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას, და საუკუნის პროექტებს არ ვარქმევდით მათ; ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით; არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად. თუმცა, მათ გასაკვირად, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო, და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, მართვის სადავეების დაბრუნებაზე. პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტით, და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება - საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას, და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებული „უნიათობის“ პარალელურად, ტერმინი - „სისხლიანი რეჟიმი“ - დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო, და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა. არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავ ვერ შეძლეს. მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი, და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო, და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ. ოღონდ ერთი შესწორებით - თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, - დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი, და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია. და რადგან დღეს, აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს, ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა, და უიმედობა.  რას აღარ აგონებენ ხალხს, - რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება, და, საერთოდ, რა დღიდანაც ისინი  აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია. „ჭაობი“,  „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“,  „უპერსპექტივო აწმყო“, - უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან. პრინციპში, არც გაემტყუნებათ - პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს. ჩვენ გავუსწოროთ: მაშ ასე, - 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში: ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა; თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება. ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს? შედეგები, ამ მხრივ, მართლაც შთამბეჭდავია, კერძოდ: ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს  ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი, და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან. დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი, საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს. ეს არის რეალობა, რომელსაც, როგორც დარწმუნდით, ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს. სწორედ ამიტომ, ქართული ოცნების ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. სურათის ნათლად წარმოსაჩენად, მოდით, ისევ მოვიხმოთ სტატისტიკა, და დავინახოთ განსხვავება: რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე, სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ასევე გაიზარდა, და პრაქტიკულად გაორმაგდა, მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ  ლარზე მეტი, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც, და ზრდა მოხდება ყოველწლიურად. რასაკვირველია, არც ამ პროგრესს იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი „ღიმილიანი საქართველოს“ სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს. კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინიტრმა, „ქათმის გრიპად“ ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა - არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო. ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეოარქივები იწვის, და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ზემოთქმული. აუცილებლად მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფელს და სოფლის მეურნეობასაც შევეხო. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, და ასეც რომ არ იყოს, ეს მიმართულება, ჩვენთვის, მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი როდია - ქართული სოფელი, განსაკუთრებით ქართული ვაზი, და ქართული ღვინო, ჩვენი იდენტობის და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ღვინო ვახსენე და, სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს,  მოდი, ისევ „ულმობელ“ სტატისტიკას მივენდოთ: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა, - სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს, და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი - სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში. თავად განსაჯეთ: 2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა. 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა, და  55 ათას ჰექტარს მიაღწია. არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს, და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს, - სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ. 2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა, და  300 ათას ტონას მიაღწია. შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.  სხვათა შორის, რთველი ჯერ არ დასრულებულა, და ყველა პროგნოზით, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება. კახელი მევენახის ეს წარმატება - მთელი ქვეყნის წარმატებაა. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულიც საყოველთაო უნდა იყოს თითქოს, მაგრამ სწორედ ამ წარმატებამ გამოიყვანა წყობიდან ნაციონალების პარტია, რომლის მთავარმა პროპაგანდისტმა ღრმად დაბუდებული სნეულება ვერ დაფარა, და პირდაპირ ეთერში ქართული ღვინის წაბილწვით დაემუქრა გამრჯე კახელ გლეხს. დამეთანხმებით, ეს ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, შესაძლოა, ყველა სტატისტიკაზე უფრო მყარი. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როცა მომხდური მტერი ჩვენს გადაშენებას და იდენტობის გაქრობას ლამობდა, პირველ რიგში, ვაზს ჩეხდა. რას წარმოიდგენდა ჩვენი წინაპარი, რომ საქართველოს, ოდესმე ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კახელ გლეხს აიძულებდა, საკუთარი ხელით აეჩეხა ვაზი. როდესაც შესავალ ნაწილში აღვნიშნე, წინა ხელისუფლება მტერზე არანაკლები სისასტიკით ექცეოდა საკუთარ ხალხს-მეთქი, რამაც ალბათ ბევრს მოჭრა ყური, ამ მოვლენასაც ვგულისხმობდი, სხვა ფაქტორებთან ერთად.  მაგრამ დავუბრუნდეთ ეკონომიკას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ წლების განმავლობაში, მათი თავმოწონების და ტრაბახის ერთ-ერთი  მთავარი საგანი,  ინფრასტრუქტურის,  გზების, და მაგისტრალების მშენებლობა იყო. მოდით, ამ შემთხვევაშიც სტატისტიკას მივენდოთ: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა. საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2021 წელს, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლს ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ. კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს - საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში, და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ  იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია. არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ ინფრაქტრუქტურული პროექტების მილიარდიანი ბიუჯეტები წარმოადგენდა რეჟიმის მიერ შექმნილი ელიტარული კორუფციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს. ეს რომ ლიტონი სიტყვები, ან სუბიექტური შეფასება არ არის, ამას შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. კერძოდ: მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის, 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლოში 64-ე პოზიცია გვეკავა; 2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის  კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო, ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა,  „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის  13 სახელმწიფოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, პირველ ადგილზეა.  იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა. სულ ორიოდ დღის წინ, 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, და ევროკავშრის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო. ყველაფერი ამის არდანახვა, მხოლოდ ბრმას, ან მხოლოდ მოძალადე რეჟიმს შეუძლია. შევეხოთ განათლებასაც. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, და სწორედ ამიტომ, ჩვენი მმართველობის დროს, განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები. შედარებისთვის, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი. ჩვენ გავაორმაგეთ მასწავლებელთა ხელფასები, და დღეს 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება, 1000 ლარს აღემატება. განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას; ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად. არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღინიშნოს, რომ საგარეო კუთხითაც კიდევ უფრო გავიმყარეთ პოზიციები. წინსვლა გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება, და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის აქტი. უდავო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი. „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი, და სისხლისღვრა. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე: სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, და სამოქალაქო ომი მოჰყვა; შემდგომ კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტების პირველი ფაზა, მარცხი, და ასობით ათასი დევნილი მოსახლეობა; კრიმინალური ბანდების თარეში, და პრაქტიკულად გაუქმებული, დისფუნქციური სახელმწიფო, განადგურებული, ნულზე დაყვანილი ეკონომიკა, და სრულიად მოშლილი სოციალური ინფრასტრუქტურა; შემდეგ - სტაგნაცია, კორუფციული ჭაობი,  უძრაობა, და როგორც შედეგი, ხელისუფლების კვლავ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით ცვლილება; პირველი იმედები, გამოცოცხლება, და ისევ  ომი, ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, დევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი, და მძიმე ეკონომიკური კრიზისი. უმძიმესი მემკვიდრეობის, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების, და რყევების მიუხედავად, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ხანგრძლივად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული განვითარების, და შეუქცევადი წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ გვეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა, თუ ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია. ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის  „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა, და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, და ავტორიტეტული სარეიტინგო ინსტიტუტები ესოდენ მაღალი შეფასებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკა, ამ მიმართულებითაც უალტერნატივოა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდა, აქაც ვერ მოდის თანხვედრაში ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, და ვერც საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებთან. ცინიზმის მწვერვალია, როცა პოლიტიკური ძალა, ვინც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში, და შემდეგ ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ოფიციალურად დააბრალა ომის დაწყება, - დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში. და მაინც, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს, და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, და აღარ გავიმეორებ. ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს, და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს, და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით, უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება, და 2012 წელს,  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა. სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდწილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც  დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ, და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა, მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არ უგრძვნია. ამასობაში, ქართულმა ოცნებამ  ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა, და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა, და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით, და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და, რაც მთავარია, არ იპარავს მას. ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს, და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ. სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინონ ჩვენი გუნდის წევრებმა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა, შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის, რეგიონებში, და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ, და თვითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ. განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია, ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ, და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის.  ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის!