02 ოქტომბერი, 2020
2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი:
- ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები
- შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა და პარტიების დაფინანსების სამართლიანი წესი
- განხორციელდა საჯარო სამსახურის სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და საქართველოში პირველად დაინერგა საჯარო სამსახურის ე.წ. კარიერული მოდელი
- საქართველომ თავი დაიმკვიდრა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით
- გაუმჯობესდა საჯარო სერვისების ხარისხი და სერვისების როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული ხელმწისაწვდომობა
- გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობა - გაფართოვდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და ფინანსური რესურსები, შემოღებულ იქნა მერების პირდაპირი არჩევის წესი, დამტკიცდა დეცენტრალიზაციის ამბიციური სტრატეგია 2021-25 წლებისთვის
- გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ყველა სფეროში
- ხორციელდება პროგრამა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ქმნის კარგ საფუძველს წარმატებული შერიგების პოლიტიკის განხორციელებისთვის და ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმების დასაბრუნებლად
- ასევე, ჩვენ ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თვისებრივად გავაუმჯობესეთ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი
- გაუმჯობესდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი და სახელმწიფო ენის ცოდნის დონე უმცირესობების წარმომადგენლებს შორის
- სასამართლო ხელისუფლება განთავისუფლდა უმძიმესი პოლიტიკური წნეხისგან, რაც პირდაპირ აისახა სასამართლო სტატისტიკაზე და საერთაშორისო რეიტინგებზე როგორც აქ იქნა ნათქვამი. 2012 წლიდან ორჯერ გაიზარდა სასამართლოსადმი მიმართვიანობა სწორედ ამ ნდობის წყალობით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე. დამკვიდრდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები მედიაციის და არბიტრაჟის სახით
- სამართალდამცავ ორგანოებში გადაცდომების გამოვლენისა და ობიექტურად გამოძიების მიზნით შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
- განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაადამიანურება მოხდა. მოწესრიგდა სისხლის სამართლის სტატისტიკა
- პენიტენციურ სისტემაში აღიკვეთა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ პატიმრების სიკვდილიანობა საპატიმროში, განხორციელდა პროგრამები, რომლებიც პატიმრებს რესოციალიზაციის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს და მრავალი სხვა.
„ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესწყობილებას ჩვენს ქვეყანაში:
- ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა კვლავაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება და გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო პრინციპი იქნება
- გაძლიერდება პარლამენტის როლი მმართველობის სისტემაში, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციები
- გაძლიერდება საჯარო სამსახურის სისტემა: განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას, ჩამოყალიბდება პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანი და ინკლუზიური სისტემა;
- მუდმივად გაუმჯობესდება საჯარო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მათ შორის უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტ ელექტრონულ მომსახურებაზე წვდომა;
- „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, რის საფუძველზეც გაფართოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და არანაკლებ მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტამდე გაიზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები, საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეფექტიანი და კომპეტენტური ადგილობრივი თვითმმართველობა;
- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
- გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით, დამტკიცდება ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება, გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები. პროფესიული განვითარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამოძიების ხარისხი;
- გაგრძელდება პენიტენციურ სისტემაში სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება: მსჯავრდებულთათვის უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების და განათლების კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობები, პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდება ჯანდაცვის სერვისები, დაინერგება გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა, გაუმჯობესდება თანამშრომლების სამუშაო პირობები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. ეს პროცესი არ შეჩერდება. აშენდება ახალი, მცირე ზომის და საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს.
- აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო სერვისებზე სრულფასოვანი წვდომა.