პირველ რიგში, რაჭველებს საქართველომ მადლობა უნდა გითხრათ მთის შენარჩუნებისთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთაში და რაჭაშიც, მიგრაცია ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ყველას კარგად გვესმის, რა ძალისხმევა გჭირდებოდათ თქვენ, რომ მამაპაპისეული ფუძე არ მიგეტოვებინათ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი მთის კანონს მიიღებდა, ვიდრე ამბროლაურში აეროპორტი გაჩნდებოდა, ვიდრე დასრულდება ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ვიდრე ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომელიც მისცემს რაჭველ ადამიანს შესაძლებლობას, დანარჩენ საქართველოს მარტივად, თანამედროვე გზებით დაუკავშირდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო ძალზედ რთული. როდესაც ვსაუბრობთ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე - გზები, გაზი წყალი, სკოლები, საავადმყოფოები, ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მთაში, ამბროლაურში, ონში, ადამიანს ჰქონდეს ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები, როგორიც ექნება თბილისში, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს აუცილებლობა, მოსწყდეს თავის კუთხეს. რა თქმა უნდა, ვისაც ეს სურს, თორემ განათლების მისაღებად თბილისშიც უნდა წავიდეთ, ევროპაშიც, ამერიკაშიც და მთელი მსოფლიო უნდა მოვიაროთ, უნდა მივიღოთ საუკეთესო განათლება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს კუთხეს. ადამიანზე ზრუნვა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს თითოეულ უნიკალურ კუთხეზე ზრუნვა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. სოფლის მეურნეობას ამბროლაურში კი არა, კახეთში და ქვემო და შიდა ქართლშიც აღარ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ, რამდენი ახალი ვენახი ირგვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს თავის კუთხეში, იქ, სადაც ცხოვრობს, თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, ღირსეულად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ქართველ გლეხს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგას რთული ნაბიჯი, გახდეს ძლიერი ფერმერი, დაიწყოს ბიზნესი, უმასპინძლოს ტურისტს, გაგრძელდება, ამ საქმეში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის ვედექით და დავუდგებით გვერდზე. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე ხნის წინ ამბროლაურში გავხსენით ერთ-ერთი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომელმაც მოგცათ შესაძლებლობა, თბილისში აღარ ჩახვიდეთ, მიხვიდეთ იუსტიციის სახლში და იქ მომზადებულმა ამბროლაურელებმა გაგაცნონ, რა პროგრამებში შეგიძლიათ მონაწილეობა. ეს კუთხე დღეს სულ სხვა არის იმასთან შედარებით, რაც იყო 5 და 10 წლის წინ, ამას ტურისტებიც ხედავენ, ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ. ეს უნდა გაგრძელდეს, თანმიმდევრული გეგმის მიხედვით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, იმისთვის, რომ ყოველი წელი იყოს კიდევ უფრო წარმატებული. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში რეგიონის, რაჭის, ამბროლაურის წარმატებისთვის და სრულიად საქართველოს წარმატებისთვის. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ 31 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ პირველ ტურში და რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ თანასწორ და სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ დღეს ჩვენი მოქალაქეების იმდენად ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ერთადერთი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ პირელ რიგში ეს არის ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება, ამიტომ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ყველაზე კარგად რაც უნდა გავაკეთოთ, ფრთხილად, ღირსებით და მშვიდად უნდა დავიცვათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ 31 ოქტომბერს. რაჭველებო, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ!