დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს, ქართული იდენტობის და ქართული კულტურის აკვანში, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ყველა ვმუშაობთ, ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე. სამცხე ყოველთვის იყო ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, ქვეყნის ის კუთხე, რომელსაც დღეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის მრავალეთნიკურობა, რომელიც დღეს აქ არის, არის ჩვენი სიძლიერის გარანტი. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო ხვალ იყოს უკვე უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის და ამას უნდა მივაღწიოთ ერთობლივი შრომით. დღეს, მსოფლიოში გლობალური გამოწვევებია, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, არის პანდემია, ბევრი პროცესი გაჩერდა, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური კრიზისი რეალობაა, სამუშაო ადგილებს ვკარგავთ ჩვენც და ბევრი ქვეყანა მსოფლიოშიც. ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლის მოგვარებისთვის არც ერთი დღე არ უნდა გავჩერდეთ და ამის მაგალითია ის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ყოველდღე გრძელდებოდა და არც ერთი დღე არ გაჩერებულა. ახალციხის, ვალეს სისტემური პრობლემაა წყალმომარაგება, კანალიზაცია, ამ კუთხით მუშაობა არც ერთი დღე არ გაჩერებულა და უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც არასდროს ყოფილა, 24-საათიანი წყალმომარაგებაც და კანალიზაციაც იქნება. ასევე, არასოდეს ყოფილა ისეთი დონის და ისეთი სისწრაფის რეკონსტრუქცია გზაზე, როგორიც არის ახალციხე-ნინოწმინდა. ერთი ლოტი დამთავრდა, მეორე ლოტი გაგრძელდება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ნორმალურ ქვეყანაში გავზარდოთ ჩვენი შვილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვაობა არ იყოს, ადამიანი, ახალგაზრდა ცხოვრობს ახალციხეში, ახალქალაქში, ვალეში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა თუ რუსთავში, თანაბარი პირობები უნდა იყოს ყველასთვის და ამისთვის ვატარებთ ჩვენ ისეთ სისტემურ რეფორმებს, როგორიც არის განათლების რეფორმა, როგორიც არის სოციალური დახმარების რეფორმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იშრომოს ღირსეულად და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. მინდა, ახალციხელებს მადლობა გითხრათ. ახალციხელები აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მხარდაჭერის ისეთ პროგრამებში, როგორიც აქვს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ახალციხე ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც ამ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ, რაც კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს ქართველ გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - საქართველოს მოქალაქის, გლეხის გვერდით ვიქნებით ყოველთვის, ვინც რა შეფასება არ უნდა მისცეს ამას და რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, იმას გავაგრძელებთ, რათა ადამიანს დავუდგეთ გვერდით. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ და თუ ადრე ამ პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო იყო თბილისში ჩასვლა, იმავე ინფორმაციას, იმავე მხარდაჭერას დღეს თქვენს ქალაქებში მიიღებთ, იქნება ეს საზოგადოებრივი ცენტრი თუ იუსტიციის სახლი. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ხვალინდელი დღე გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი. ამისთვის გვჭირდება, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ თითოეული დღე გაწერილი გვაქვს პროგრამის შესაბამისად და მინდა ახლავე გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, დამატებით ინვესტირებული იქნება ჯამში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის კონკრეტული პროგრამები და პროექტებია, რომელიც ჩვენ უკვე განხილული გვაქვს და ვიცით, სად გზა უნდა გავიდეს, სად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, სად სასმელი წყალი უნდა იყოს, სად საირიგაციო სისტემა უნდა განახლდეს და ა.შ მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ახალციხელებთან ერთად ვმსჯელობდით და ახალციხეში უახლოეს დროში აუცილებლად იქნება ბექა ჯაყელის ქუჩაც და გიორგი ბრწყინვალეს ძეგლიც. ეს თითოეული ჩვენგანის ის ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე უნდა შევასრულოთ. გამარჯვებას გისურვებთ, ახალციხელებო!