16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი და სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს. ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს - მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას. 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები. გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენს წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა იქნეს დროულად მოგვარებული. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები გისურვოთ!

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად,  ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს. ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება.  შედეგად, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება. ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა. ჩატარდა სრული სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები - დაზიანებული კედლები სრულად გამაგრდა, შეიცვალა სახურავი, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის შიდა და გარე ფასადებს. სრულად აღდგა თეატრის დიდი დარბაზის ჭერის მოხატულობა, განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები. მოპირკეთდა გარე ტერიტორია, მოეწყო გამწვანება და სხვ.   თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016-დან 2020-წლამდე მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, ფონდ „ქართუს“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა - რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების სრული სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. მხოლოდ სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამები, ფონდ „ქართუს“ 200 მილიონზე მეტით აქვს დაფინანსებული.

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა ჩოხატაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

ძალიან მოკლედ რომ გადავავლოთ თვალი, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად. 2012 წლიდან დღემდე, ჩვენ გავაკეთეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ, გაიუმჯობესა, პირველ რიგში, ნდობა საკუთარ მოქალაქეებთან, რომელიც იყო დაკარგული. მოქალაქეები აღარ ენდობოდნენ თავის სახელმწიფოს, მოქალაქეები საჩივრებით მიმართავდნენ ევროსასამართლოს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როდესაც წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოს უჩივის ევროსასამართლოში, ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. დღეს ეს რიცხვი რვაჯერ არის შემცირებული და ამ საქმეებში, ასევე, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი წვლილი იმ საქმეების და იმ დარღვევების, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მომხდარი და დღემდე ევროსასამართლო განაგრძობს ამ საქმეების განხილვას. ამას მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ მოკლე ნიშნული დავსვათ, თუ რა ჩავიბარეთ, საიდან დავიწყეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლების ცვლილებას და „ქართულ ოცნებას“ ჩააბარეთ მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაბრუნებოდათ საკუთარი სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო დაბრუნებოდათ ადამიანებს, ჩამდგარიყო ისევ ადამიანების სამსახურში, და ჩვენ ეს შევძელით ერთად, ჩვენ შევძელით იმ წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ადამიანებს დაუბრუნდათ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსება, საკუთრება არის დაცული. გახსოვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ასევე „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვა და გაიმარჯვა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, უკვე ჩვენი ამოცანა თავისუფლებასთან, ადამიანის დაცულობასთან ერთად, გახდა ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის განვითარება და უკვე თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული უდიდესი სამუშაო და ეს სამუშაო ბოლომდე გვაქვს ჩვენ მისაყვანი. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ეს არის მართლაც შთამბეჭდავი რიცხვები, ეს ინვესტიცია ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაზიფიკაციის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ წყლის სისტემების აღდგენას, ბოლომდე მივიყვანთ სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც სჭირდება თითოეულ სოფელს, ქალაქს და ოჯახებს, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. დღეს უკვე ვუახლოვდებით ისევ საპარლამენტო არჩევნებს.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და თავის მოქალაქეებთან ერთად, თავის მეგობრებსაც დაანახოს, რომ ჩვენი დემოკრატია ძლიერდება და ეს დემოკრატია არ არის ცალკე აღებული ცნება - ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება არის მეტი ეკონომიკა, მეტი სანდოობა და მეტი ინვესტიცია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსულ ტურისტთა და ვიზიტორთა რიცხვი 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა, ეს ჩემო ძვირფასო გურულებო, ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში 9 მილიონზე მეტი მოქალაქე, მათი ოჯახის წევრები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებას იღებენ, რომ სწორედ საქართველოში გაატარონ ის დრო და საქართველოში დახარჯონ ის რესურსი, რომელიც ოჯახისთვის ჰქონდათ გამოყოფილი. ეს არა მხოლოდ ტურიზმია, ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ დავამარცხებთ გლობალურ პანდემიას, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ტურიზმის და მთლიანად, ეკონომიკის აღდგენას. მე მინდა, ჩვენი ხელისუფლების სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, მტკიცე მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც ამ წუთებში დგანან პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინა ხაზზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მინიმალური ზიანით გაიაროს და რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით გაიაროს ქვეყანამ ეს რთული პერიოდი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააყენა გამოცდის წინაშე. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, რომ ჯანდაცვაში არ იყო საჭირო ამხელა დაფინანსების გამოყოფა და არ იყო თითქოს საჭირო ჯანდაცვის სისტემაში ამხელა დანახარჯების გაღება, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით. გახსოვთ, რომ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, რა საჭიროა, სოფლის მეურნეობას მხარს უჭერდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გახსოვთ, რომ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, როგორ შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს კერძო მეწარმეები და ბიზნესის განვითარება. დღეს ყველამ დავინახეთ, რომ ზუსტად ამ რეფორმებმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, საიმედო და უსაფრთხო სახელმწიფო მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები და მათი ეკონომიკები ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალურმა პანდემიამ. და რასაკვირველია, ჩვენ გვეამაყება, რომ ამ განსაცდელშიც, თქვენთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს, რომ ეს პრობლემა გადავლახოთ და გადავჭრათ. რასაკვირველია, სხვას ვის უნდა ენდოს საზოგადოება, თუ არა გუნდს, რომელმაც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეძლო ვირუსის ურთულესი ეტაპის, პირველი ტალღის მოგერიება, მისი ჩაკეტვა ისე, რომ ამ ვირუსის გავრცელება მყისიერად არ მომხდარიყო მთელ საზოგადოებაში და საშიშროება მაშინ მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიომ მაშინ, ჩვენც, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იყო კორონავირუსი, არ გვქონდა მასზე იმდენი ინფორმაცია, და არ გვქონდა ისეთი მზადყოფნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც დღეს არის, და სწორედ მისი დამსახურებაა, სწორედ სამთავრობო გუნდის, ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა ყველა მეკავშირე სამსახურების, მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ეს დრო მოვიგეთ და ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ ურთულესი პერიოდისთვის, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, როგორც ევროპის ნაწილში, ფიქსირდება. რა თქმა უნდა, როგორც გურია, ყველა ჩვენი მოქალაქის გული დღეს არის სავსე ოპტიმიზმით და მჯერა, რომ აქაც  თითოეულ თქვენგანს აქვს ოპტიმიზმი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას, შევძლებთ, ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების ნორმალურ ტემპში, აღვადგინოთ ეკონომიკა, სოციალური და კულტურული პროცესები და კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ამ მოთმინებისა და სოლიდარობისთვის. რის გაკეთებას შევძლებთ და ვგეგმავთ მომავალში: თქვენ იცით, რომ აქ შენდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც არა მხოლოდ კოლეჯი იქნება, არამედ იქნება დასაქმების ახალი ცენტრი ჩოხატაურში, ვინაიდან, ამ კოლეჯის კურსდამთავრებულებისთვის, ალბათობა, რომ მათ მოძებნონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები და მოძებნონ უფრო გრძელვადიანი, სტაბილური დასაქმების შესაძლებლობა, იქნება ბევრად მაღალი, ვიდრე ეს არის დღეს, როდესაც ასეთი კოლეჯი ჩოხატაურს არ აქვს. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ამ კოლეჯის და ამ დასაქმების ცენტრის განვითარების მხოლოდ პირველი ფაზა. ჩვენ აუცილებლად ამას მოვაყოლებთ განვითარების გეგმას და ეს ცენტრი განაგრძობს განვითარებას, მას დაემატება ახალი კომპონენტები და ის გახდება კიდევ უფრო ეფექტური და კიდევ უფრო მოცულობითი. გარდა ამისა, ვიცით კარგად, რომ არაერთი მოქალაქე დღეს რჩება გაჭირვებასთან პირისპირ. ვიცით, რომ არაერთ ოჯახს სჭირდება სახელმწიფოსგან ქმედითი დახმარება და ჩვენი გეგმა, ჩვენი ყურადღება მომავალში მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული ამ ადამიანებზე, სადაც თქვენი მხარდაჭერით, თქვენი სოლიდარობის იმედიც გვაქვს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევამციროთ სიღარიბე ჩვენს საზოგადოებაში და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებით ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე და მათ დასაქმებაზე. ჩვენ გვქონდა ბატონ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად აქ ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურის ახალგაზრდებთან და გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი იმ საჭიროებებზე, რომელიც აქ არსებობს, დღეს ახალგაზრდობის მხარდაჭერა არის გამჭოლი პრიორიტეტი. ის შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის რამდენიმე მიმართულებაში, ეს არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც ახალგაზრდებისთვის არსებობს ცალკე კონკრეტული ქვეპროგრამა და პრიორიტეტი, ეს არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც 100 ათას ლარიან გრანტებს აძლევს ახალგაზრდებს ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად. ეს არის უკვე ბრწყინვალე და ახალი პროექტი ახალი შესაძლებლობების ჰაბი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მე ყველას მადლობას გიხდით რომ თქვენ მაქსიმალური ჩადეთ თქვენი შვილების განათლებაში და ასევე კარგად მესმის, რომ რადგან მაქსიმალურად დაიხარჯეთ, თქვენ ელით, რომ თქვენი შვილები წარმატებულ კარიერას შეიქმნიან. გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.მე მინდა, მხარი დავუჭირო ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, მას უყვარს თავისი მხარე, მან კარგად იცის, რა სჭირდებათ ადამიანებს, რა სჭირდებათ ოჯახებს, ამას აკეთებდა წლების განმავლობაში, და როდესაც ის გახდება პარლამენტის წევრი, მე მჯერა, რომ ის ბევრად უკეთესად და ბევრად უფრო ძლიერად შეძლებს ამ საქმის გაკეთებას. ის საქმიანი ადამიანია და თავისი ქვეყნის პატრიოტია. მაშ, რატომ არ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ სახელისუფლებლო გუნდთან ერთად, როგორც ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც საკუთარი კუთხის და საკუთარი ქვეყნის განვითარება და მხარდაჭერა ჰქვია. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურია ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვასილ ჩიგოგიძე არ იქნება მარტო ამ საქმეში, ქალბატონი ნინო წილოსანი, რომელიც ლანჩხუთში არის დაბადებული, მე ოზურგეთიდან, თვითონ ჩოხატაურელი გახლავთ, ჩვენ სამი მაქსიმალურად შევაერთებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ერთად ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ის საქმე, რაც გურიას და ჩვენს ქვეყანას გამოადგება. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსანს გაწეული სამუშაოსთვის, და რა თქმა უნდა, მან დაიმსახურა ის, რომ ის არის პროპორციულ სიაში და დაიმსახურა ის, რომ ახალ საპარლამენტო გუნდშიც მას ექნება გამორჩეული ადგილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, აქ ბრძანდება ქალბატონი ქეთი დუმბაძე და ეს არის დიდი ტრადიციების, კულტურის და თავისუფლების მხარე, ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ეს უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს, და ჩვენს ქვეყანას უნდა მოვუტანოთ მეტი პროგრესი და წარმატება.

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ჩოხატაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა, ამ მყუდრო და თბილ გარემოში ჩვენი ქვეყნისა და გურიის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზმომარაგება, წყალი, ისეთ საკითხებში, როგორიც არის წყალმომარაგება, სასმელი და საირიგაციო წყალი, მაინც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ ელემენტარულ წესრიგში, ისე როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა თუ თბილისში, მას ყველგან უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმ აშკარა პროგრესისა, რომელიც სისტემურ ინფრასტრუქტურაში გვაქვს, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ძირითადად ეს იქნება წყალი, გაზმომარაგება, საირიგაციო, სარწყავი წყლები, გზები და ა.შ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია, ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა. დღეს, სამწუხაროდ, ყველას პირბადე გვიკეთია და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. როგორც დღეს ეპიდემია არის გლობალური, კონკურენციაც იქნება გლობალური და ჩვენს შვილებს მოუწევთ დიდი და სისტემური ქვეყნების შვილებთან კონკურენცია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განათლება, ჯანდაცვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, მნიშვნელოვანია. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვიწევს გამოწვევებით სავსე პერიოდში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პანდემიას. რამდენადაც გასაკვირი და რთულად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც. ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც. მე ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და რა თქმა უნდა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს. დღეს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომელსაც ვგრძნობთ. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეს გამარჯვება არ დავაყენოთ რისკის ქვეშ. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა გავუძლოთ ღირსეულად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ჩოხატაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

მოხარული ვარ, რომ დღეს, გურულების, ლაღი, მშრომელი და სიყვარულით სავსე ადამიანების წინაშე ვიმყოფები. ჩოხატაური და მთლიანად გურია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, სადაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდა. დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარების, აბსოლუტურად ყველა სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის გამოწვევად კვლავ რჩება არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობები არის შექმნილი. სახელმწიფო რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებით, გაზრდილია დასაქმება, გაზრდილია ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტული ნაკადები, რაც რეგიონებში თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მართალია, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის ბევრი მიმართულება დაზიანდა, თუმცა სახელმწიფომ სწორი, დაბალანსებული პოლიტიკით შეძლო ერთი მხრივ, ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარების ეფექტურად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური სექტორებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმარება, მათი გვერდში დგომა და სტიმულირება. გაკეთებული საქმეების, ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, გურიაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიური შრომით, ერთად დგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა.

16 ოქტომბერი, 2020

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენა ლანჩხუთში

ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში გამომიცხადეს ნდობა. მშობლებმა ბავშვობიდან ჩამინერგეს ჩემი კუთხისა და სოფლის განსაკუთრებული სიყვარული. ჩვიდმეტი წლის წინ გავხდი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, რომ ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეტანა. მოგეხსენებათ მაშინ სულ სხვა დრო იყო, ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა - დავდივარ რა შეხვედრებზე, ყველგან თვალნათლივ ჩანს სახელისუფლებო და სამთავრობო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მჯერა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად უფრო მეტად გავუმკლავდები იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ჩვენს მხარეს აქვს პოტენციალი გახდეს ეკონომიკურად უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად განათლებული, სოციალურად უფრო მეტად დაცული. და ბოლოს, მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“ და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას.

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ასეთი სტუმრები გვყავს ლანჩხუთში. რა თქმა უნდა, დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ აქ ლანჩხუთში შევიკრიბეთ, რათა ძალიან მოკლედ ვთქვათ, რის გაკეთება შევძელით და ასევე, ვისაუბროთ მომავალზე, ვინაიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით გურია, არის მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, არის სავსე ოპტიმიზმით და ჩვენ ვიხედებით წინ, ჩვენ გვაინტერესებს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად. დავიწყო მინდა, მადლობით. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის მშვიდობა, და ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი და უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება სრულად. ამის მაგალითები არის და ჩვენ შევქმენით ნამდვილად ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ადამიანის გარშემო არის კონცენტრირებული ყველა სახელმწიფო სერვისი, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო და წლევანდელმა წელმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა აქ რეფორმების გატარებას. მე მინდა, სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გამოვუცხადო თითოეულ ექიმს და ექთანს, რომელიც დღეს არის ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მათთან ერთად ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ დავამარცხებთ და სანამ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი არ მიიღებს და ერთად არ გავაცილებთ ამ პანდემიას, არ დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პროცესს. რაც მთავარია, მომავალი და ჩვენი ინვესტიცია მომავალში- პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ჩვენი სახელისუფლებლო გუნდი აკეთებს უპრეცენდენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მომავალი ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი დღეს. ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, სადაც ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება და მომავალ წლებში ვაპირებთ, რომ 25%-მდე გაიზარდოს სახელმწიფოს დანახარჯები ამ სფეროში. ეს ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასებს პედაგოგებისთვის, ახალ სკოლებს, უნივერსიტეტებს, უფრო ხარისხიან და კონკურენტულ განათლებას თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში, რაც თავისთავად, უკვე ნიშნავს მეტ დასაქმებას, უფრო შემოსავლიან სამსახურებს და მეტ შემოსავალს თითოეულ ოჯახში. ჩვენ ვდებთ უპრეცენდენტო ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში. სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვდებთ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა და ჯანდაცვა. ეს ყველაფერი არის მომავალი, ეს ყველაფერი ემსახურება უკეთესი მომავლისთვის მუშაობას და ეს ოპტიმიზმი, ენერგია და შრომა სწორედ ამისთვის გვჭირდება. ძალიან მოკლედ, რა გაკეთდა გურიაში, რა გაკეთდა ლანჩხუთში - ჩვენ ვაშენებთ ახალ სკოლებს, არაერთი აშენდა, ახლაც, როდესაც აქ ვსაუბრობთ, შენდება არაერთი სკოლა, არის კაპიტალური რეაბილიტაცია რამდენიმე სკოლაში, გაზიფიკაცია მიმდინარეობს და მივიყვანთ ამ პროცესს ბოლომდე, კულტურული სფერო არ დარჩენილა მხარდაჭერის გარეშე და აქ კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს ჩვენ, წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, აქაც ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეებს და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, ეს არის ახალი სამეწარმეო პოტენციალი: მცირე, საშუალო და დიდი საწარმოების მხარდაჭერა, ბიზნესის მხარდაჭერა. ახალი სამუშაო ადგილები, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რათა თქვენი შვილები და ის ახალგაზრდები, ვის განათლებაშიც თქვენ ჩადეთ ინვესტიცია, დასაქმდნენ, მათ შექმნან თავისი კარიერა, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ დავუფინანსოთ ბიზნეს-ინიციატივები და მივცეთ გზა საჯარო სამსახურში. ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდი ყურადღება ექნება ამ საქმეს. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც გურიაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა - ეს არის არამხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ეს არის გურია უკვე ახალი, სრულიად განსხვავებული სახით მსოფლიო ეკონომიკურ, კულტურულ რუკაზე და ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საქმე შიდა ტურიზმს ეხება. უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე, აქ არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა შექმნილი, როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე, სასტუმრო „პარაგრაფი“ და ეს კომპლექსი, „ბლექ სი არენა“ , დენდროლოგიური პარკი, გასართობი პარკი „ციცინათელა“, არაერთი სხვა პროექტი, რაშიც ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის ჩადებული. რასაკვირველია, ჩვენთვის ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებასთან ერთად, პრიორიტეტად რჩება მთის განვითარება. მთავრობასთან ერთად, ჩვენ, ბატონი ვასილ ჩიგოგიძე და ნინო წილოსანი აქტიურად ვიმუშავებთ, რომ გომის მთისა და ბახმაროს განვითარების ტემპები დაჩქარდეს, გვქონდეს თანამედროვე პროექტები, და არა წერტილოვანი განვითარებით, არამედ საერთო კონცეფციით და დიდი ინვესტიციებით შევძლოთ ამ კურორტების განვითარება და მივიყვანოთ ის ევროპული სტანდარტების დონეზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ნინო წილოსანს, რომელთან ერთადაც ოთხი წელი ვიმუშავე. ის იყო თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ის იყო ძალიან აქტიური ადამიანი და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ის საპარლამენტო გუნდში აგრძელებს და გააგრძელებს საქმიანობას, და გვეამაყება, რომ ბატონ ვასილთან ერთად, რომელიც ჩოხატაურელია და რომელსაც ძალიან უყვარს თავისი გურია, ლანჩხუთიდან ნინო წილოსანი, ოზურგეთიდან მე - ჩვენ სამნი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევაერთოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო მეტი ჩვენი გურიისთვის - ლანჩხუთისთვის, ჩოხატაურისთვის და ოზურგეთისთვის. მინდა, მხარი დავუჭირო ვასილ ჩიგოგიძეს. ეს არის თავის მხარეზე შეყვარებული ადამიანი, რომელმაც იცის, რა ჭირდება აქ ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს სამშობლოს ამ კუთხეში. ეს არის საქმიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, და ამავე დროს, საოცრად ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება თავის საზოგადოებასთან და ყველასთან, ვისზე ზრუნვაც მისი მოვალეობა იქნება. შესაბამისად, მას უნდა მივცეთ შანსი, ის იმსახურებს, რომ ეს შესაძლებლობა მივცეთ. ის ნამდვილად იმსახურებს, რათა საქართველოს პარლამენტში მივცეთ შესაძლებლობა, რომ იზრუნოს და იმუშაოს გურიისთვის, იზრუნოს ლანჩხუთზე, ჩოხატაურზე და ოზურგეთზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონებო და ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ზე გვაქვს ახლა მთელი ყურადღება მომართული და ჩვენ ყველანი მომართული ვართ, რომ დავამარცხოთ ეს პანდემია, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბატონ გიორგი გახარიასთან ერთად, სახელისუფლებლო გუნდი არის მზად და მოწოდებული იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და მინიმალური ზიანით გავიაროთ ის, რამაც მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. დარწმუნებული ვარ უკეთეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას!

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

დიდი პატივია ჩვენთვის აქ, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. გურია, ლანჩხუთი ყოველთვის იყო ქვეყანაში სანიმუშო საზოგადოებრივი მოღვაწეების სამჭედლო - დიდი მწერლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვნების წარმომადგენლების. აქტიურობა ხშირ შემთხვევაში იწყებოდა აქედან და პირველი რესპუბლიკის დიდი ნაწილი, რომლითაც დღესაც ვამაყობთ, გურულებისგან შედგებოდა. ეს ყველაფერი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს. როდესაც ჩვენს ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, სამუშაო ადგილების და ინფრასტრუქტურის პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ამაზე ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში. მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება თუ ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სამაგიეროდ სოფლებში წყალმომარაგება პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა შიდა სასოფლო გზები. მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირბადეებით გვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ბოლო 8 თვის განმავლობაში, მათ შორის გურიაში, არც ერთი წუთით სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ორი მონაკვეთი გაიხსნა. სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, ამასთან ერთად უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყვანა. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში. ერთი და იგივე, დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება აქ, თავის კუთხეში, თავის პატარა სამშობლოში, სადაც შეძლებენ, საზოგადოებას დაეხმარონ და ქვეყნისთვის იშრომონ, სადაც შეძლებენ ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი სხვაობა არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამ მიზნიდან გამომდინარე, გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურადაა გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება პირველ რიგში წყალმომარაგებას. გზების შემდგომ, ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი, როგორც სასმელი, ისე საირიგაციო და სარწყავი წყლები, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლების წესრიგში მოყვანა, მაგისტრალური და შიდა სასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ელემენტარული, ნორმალური ცხოვრების სტანდარტები დააკმაყოფილოს. გამოწვევები დღეს ძალზედ დიდია. ვხედავთ, რომ უჩვეულოა, როდესაც პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში, ინფიცირების რაოდენობის ანტირეკორდი დამყარდა. ჩვენთანაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ ამ ბრძოლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ, როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას!

16 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

ჩემთვის პატივია დღეს, აქ, თქვენთან, თავისუფლებისმოყვარე, ნიჭიერ და თავისი ხასიათით მთელს ქვეყანაში გამორჩეულ ხალხთან - გურულებთან შეხვედრა. გურულები განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევით და ხუმრობის ხალისს, ოპტიმიზმს ძნელბედობის ჟამსაც არ კარგავთ. ნამდვილად ურთულესია კიდევ მოიძებნოს თავისუფლების ასეთი მოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მუდმივად იმედით აღსავსე ამდენი ადამიანი. გურია პოლიტიკურად აქტიური, საკუთარი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარი ხალხის მხარეა და ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიულად. სწორედ აქ, ლანჩხუთში დაიბადა უამრავი ადამიანი, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას საფუძველს უყრიდნენ, მათ შორის, ნოე ჟორდანია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ამ ულამაზეს მხარეს კიდევ უფრო ალამაზებს გურული სიმღერა, პოლიფინია, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი განძია. ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე, ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ჩვენს ქვეყანას. ალბათ არავისთვის არის უცხო, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ამ პროცესში, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები ლანჩხუთში, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.

13 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე

დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. ჩვენ, დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ. განსაკუთრებით წესრიგშია მოსაყვანი სისტემური ინფრასტრუქტურა - გზები. ვხედავთ, რომ ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი უკვე დასრულდა, შემდგომი ლოტი უკვე გამოცხადებულია და გაგრძელდება. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სისტემურ ინფრასტრუქტურასთან, ეტაპობრივად, სრულად წესრიგში უნდა მოვიყვანოთ, ისე, რომ ადამიანებისთვის დიდი სხვაობა არ იყოს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმსა თუ რუსთავში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა. ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ღირსეულად იცხოვრონ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნინოწმინდისთვის პირველ რიგში დგას ისეთი პრობლემები, როგორიც არის წყალმომარაგება. ვიცით, რომ აუცილებელია, დავიწყოთ და საბოლოოდ დავასრულოთ გაზმომარაგების საკითხი, რათა ნორმალური პირობები იყოს აქ ცხოვრებისთვის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად საირიგაციო სისტემის წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე არის და რეაბილიტაციის შედეგად, ნინოწმინდაში 4 ათასამდე ჰექტარი უკვე ირწყვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდელი მშრომელი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ფარავნის ტბა, ფოკის დედათა მონასტერი, ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ ვითარდება ჩვენი კუთხე და რა ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები ვართ ჩვენ ყველანი აქ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ ერთად. ამისთვის, რა თქმა უნდა, გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არჩევნებში ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაც პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს. ამიტომ, მეტი მოთმინება გვმართებს, არ გვჭირდება არანაირი პროვოკაციები, დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს და ისეთი კანდიდატი გვყავს. სამველ მანუკიანი არის ამ რეგიონის, ამ კუთხის ღირსეული შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული კანდიდატი, თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, სულ ცოტა დრო დარჩა. 31 ოქტომბერს გამარჯვებას გისურვებთ!

13 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე

დღეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიყოფებით, სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მცხოვრები, მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს ჩვენს საქართველოს. „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა. ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას. ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები. გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევებია. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ განვითარების გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ მოსახლეობას, შევძლებთ არა მხოლოდ ამ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს , წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

13 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის - კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი. 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი. წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში მიმდინარეობს შრომა, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს, რა თქმა უნდა. ასევე გააგრძელებს მათ გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამით - ეს არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული გეგმა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ. სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. თქვენ ახლა ხედავთ, რომ გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი. ჩვენი ძირითადი მიზანია ღირსეული სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!

13 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური შრომით აძლიერებენ რეგიონს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს კიდევ უფრო მეტად ალამაზებენ, რომლის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში. სწორედ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და განსხვავებული ადამიანების ერთობა, მათი საქართველოს სამსახურში ყოფნაა ის, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაკუთრებული გახადა. ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის” რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით, რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი გამოწევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული. კორონავირუსმა ჩვენი, როგორც ადამიანების, ისე მთავრობის გეგმები ძალიან შეცვალა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ. ჩვენი ყველას ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად წარმატებული საქართველოს მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ და ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ერთად საქართველოს წარმატებისთვის !