×

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა ჩოხატაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე

ძალიან მოკლედ რომ გადავავლოთ თვალი, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად. 2012 წლიდან დღემდე, ჩვენ გავაკეთეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ, გაიუმჯობესა, პირველ რიგში, ნდობა საკუთარ მოქალაქეებთან, რომელიც იყო დაკარგული. მოქალაქეები აღარ ენდობოდნენ თავის სახელმწიფოს, მოქალაქეები საჩივრებით მიმართავდნენ ევროსასამართლოს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როდესაც წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოს უჩივის ევროსასამართლოში, ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. დღეს ეს რიცხვი რვაჯერ არის შემცირებული და ამ საქმეებში, ასევე, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი წვლილი იმ საქმეების და იმ დარღვევების, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მომხდარი და დღემდე ევროსასამართლო განაგრძობს ამ საქმეების განხილვას. ამას მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ მოკლე ნიშნული დავსვათ, თუ რა ჩავიბარეთ, საიდან დავიწყეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლების ცვლილებას და „ქართულ ოცნებას“ ჩააბარეთ მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაბრუნებოდათ საკუთარი სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო დაბრუნებოდათ ადამიანებს, ჩამდგარიყო ისევ ადამიანების სამსახურში, და ჩვენ ეს შევძელით ერთად, ჩვენ შევძელით იმ წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ადამიანებს დაუბრუნდათ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსება, საკუთრება არის დაცული. გახსოვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ასევე „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვა და გაიმარჯვა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, უკვე ჩვენი ამოცანა თავისუფლებასთან, ადამიანის დაცულობასთან ერთად, გახდა ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის განვითარება და უკვე თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული უდიდესი სამუშაო და ეს სამუშაო ბოლომდე გვაქვს ჩვენ მისაყვანი. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ეს არის მართლაც შთამბეჭდავი რიცხვები, ეს ინვესტიცია ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაზიფიკაციის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ წყლის სისტემების აღდგენას, ბოლომდე მივიყვანთ სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც სჭირდება თითოეულ სოფელს, ქალაქს და ოჯახებს, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. დღეს უკვე ვუახლოვდებით ისევ საპარლამენტო არჩევნებს.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და თავის მოქალაქეებთან ერთად, თავის მეგობრებსაც დაანახოს, რომ ჩვენი დემოკრატია ძლიერდება და ეს დემოკრატია არ არის ცალკე აღებული ცნება - ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება არის მეტი ეკონომიკა, მეტი სანდოობა და მეტი ინვესტიცია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსულ ტურისტთა და ვიზიტორთა რიცხვი 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა, ეს ჩემო ძვირფასო გურულებო, ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში 9 მილიონზე მეტი მოქალაქე, მათი ოჯახის წევრები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებას იღებენ, რომ სწორედ საქართველოში გაატარონ ის დრო და საქართველოში დახარჯონ ის რესურსი, რომელიც ოჯახისთვის ჰქონდათ გამოყოფილი. ეს არა მხოლოდ ტურიზმია, ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ დავამარცხებთ გლობალურ პანდემიას, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ტურიზმის და მთლიანად, ეკონომიკის აღდგენას. მე მინდა, ჩვენი ხელისუფლების სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, კიდევ ერთხელ, მტკიცე მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც ამ წუთებში დგანან პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინა ხაზზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მინიმალური ზიანით გაიაროს და რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით გაიაროს ქვეყანამ ეს რთული პერიოდი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააყენა გამოცდის წინაშე. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, რომ ჯანდაცვაში არ იყო საჭირო ამხელა დაფინანსების გამოყოფა და არ იყო თითქოს საჭირო ჯანდაცვის სისტემაში ამხელა დანახარჯების გაღება, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით. გახსოვთ, რომ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, რა საჭიროა, სოფლის მეურნეობას მხარს უჭერდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გახსოვთ, რომ ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, როგორ შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს კერძო მეწარმეები და ბიზნესის განვითარება. დღეს ყველამ დავინახეთ, რომ ზუსტად ამ რეფორმებმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, საიმედო და უსაფრთხო სახელმწიფო მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები და მათი ეკონომიკები ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალურმა პანდემიამ. და რასაკვირველია, ჩვენ გვეამაყება, რომ ამ განსაცდელშიც, თქვენთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს, რომ ეს პრობლემა გადავლახოთ და გადავჭრათ. რასაკვირველია, სხვას ვის უნდა ენდოს საზოგადოება, თუ არა გუნდს, რომელმაც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეძლო ვირუსის ურთულესი ეტაპის, პირველი ტალღის მოგერიება, მისი ჩაკეტვა ისე, რომ ამ ვირუსის გავრცელება მყისიერად არ მომხდარიყო მთელ საზოგადოებაში და საშიშროება მაშინ მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიომ მაშინ, ჩვენც, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა იყო კორონავირუსი, არ გვქონდა მასზე იმდენი ინფორმაცია, და არ გვქონდა ისეთი მზადყოფნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც დღეს არის, და სწორედ მისი დამსახურებაა, სწორედ სამთავრობო გუნდის, ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა ყველა მეკავშირე სამსახურების, მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ეს დრო მოვიგეთ და ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ ურთულესი პერიოდისთვის, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, როგორც ევროპის ნაწილში, ფიქსირდება. რა თქმა უნდა, როგორც გურია, ყველა ჩვენი მოქალაქის გული დღეს არის სავსე ოპტიმიზმით და მჯერა, რომ აქაც  თითოეულ თქვენგანს აქვს ოპტიმიზმი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას, შევძლებთ, ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების ნორმალურ ტემპში, აღვადგინოთ ეკონომიკა, სოციალური და კულტურული პროცესები და კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ამ მოთმინებისა და სოლიდარობისთვის.

რის გაკეთებას შევძლებთ და ვგეგმავთ მომავალში: თქვენ იცით, რომ აქ შენდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც არა მხოლოდ კოლეჯი იქნება, არამედ იქნება დასაქმების ახალი ცენტრი ჩოხატაურში, ვინაიდან, ამ კოლეჯის კურსდამთავრებულებისთვის, ალბათობა, რომ მათ მოძებნონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები და მოძებნონ უფრო გრძელვადიანი, სტაბილური დასაქმების შესაძლებლობა, იქნება ბევრად მაღალი, ვიდრე ეს არის დღეს, როდესაც ასეთი კოლეჯი ჩოხატაურს არ აქვს. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ამ კოლეჯის და ამ დასაქმების ცენტრის განვითარების მხოლოდ პირველი ფაზა. ჩვენ აუცილებლად ამას მოვაყოლებთ განვითარების გეგმას და ეს ცენტრი განაგრძობს განვითარებას, მას დაემატება ახალი კომპონენტები და ის გახდება კიდევ უფრო ეფექტური და კიდევ უფრო მოცულობითი. გარდა ამისა, ვიცით კარგად, რომ არაერთი მოქალაქე დღეს რჩება გაჭირვებასთან პირისპირ. ვიცით, რომ არაერთ ოჯახს სჭირდება სახელმწიფოსგან ქმედითი დახმარება და ჩვენი გეგმა, ჩვენი ყურადღება მომავალში მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული ამ ადამიანებზე, სადაც თქვენი მხარდაჭერით, თქვენი სოლიდარობის იმედიც გვაქვს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევამციროთ სიღარიბე ჩვენს საზოგადოებაში და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებით ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე და მათ დასაქმებაზე. ჩვენ გვქონდა ბატონ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად აქ ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურის ახალგაზრდებთან და გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი იმ საჭიროებებზე, რომელიც აქ არსებობს, დღეს ახალგაზრდობის მხარდაჭერა არის გამჭოლი პრიორიტეტი. ის შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის რამდენიმე მიმართულებაში, ეს არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც ახალგაზრდებისთვის არსებობს ცალკე კონკრეტული ქვეპროგრამა და პრიორიტეტი, ეს არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც 100 ათას ლარიან გრანტებს აძლევს ახალგაზრდებს ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად. ეს არის უკვე ბრწყინვალე და ახალი პროექტი ახალი შესაძლებლობების ჰაბი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მე ყველას მადლობას გიხდით რომ თქვენ მაქსიმალური ჩადეთ თქვენი შვილების განათლებაში და ასევე კარგად მესმის, რომ რადგან მაქსიმალურად დაიხარჯეთ, თქვენ ელით, რომ თქვენი შვილები წარმატებულ კარიერას შეიქმნიან. გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.მე მინდა, მხარი დავუჭირო ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, მას უყვარს თავისი მხარე, მან კარგად იცის, რა სჭირდებათ ადამიანებს, რა სჭირდებათ ოჯახებს, ამას აკეთებდა წლების განმავლობაში, და როდესაც ის გახდება პარლამენტის წევრი, მე მჯერა, რომ ის ბევრად უკეთესად და ბევრად უფრო ძლიერად შეძლებს ამ საქმის გაკეთებას. ის საქმიანი ადამიანია და თავისი ქვეყნის პატრიოტია. მაშ, რატომ არ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ სახელისუფლებლო გუნდთან ერთად, როგორც ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც საკუთარი კუთხის და საკუთარი ქვეყნის განვითარება და მხარდაჭერა ჰქვია. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურია ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვასილ ჩიგოგიძე არ იქნება მარტო ამ საქმეში, ქალბატონი ნინო წილოსანი, რომელიც ლანჩხუთში არის დაბადებული, მე ოზურგეთიდან, თვითონ ჩოხატაურელი გახლავთ, ჩვენ სამი მაქსიმალურად შევაერთებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ერთად ვეცდებით, რომ გავაკეთოთ ის საქმე, რაც გურიას და ჩვენს ქვეყანას გამოადგება. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო წილოსანს გაწეული სამუშაოსთვის, და რა თქმა უნდა, მან დაიმსახურა ის, რომ ის არის პროპორციულ სიაში და დაიმსახურა ის, რომ ახალ საპარლამენტო გუნდშიც მას ექნება გამორჩეული ადგილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, აქ ბრძანდება ქალბატონი ქეთი დუმბაძე და ეს არის დიდი ტრადიციების, კულტურის და თავისუფლების მხარე, ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ ეს უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს, და ჩვენს ქვეყანას უნდა მოვუტანოთ მეტი პროგრესი და წარმატება.