16 ოქტომბერი, 2020
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ასეთი სტუმრები გვყავს ლანჩხუთში.
რა თქმა უნდა, დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ აქ ლანჩხუთში შევიკრიბეთ, რათა ძალიან მოკლედ ვთქვათ, რის გაკეთება შევძელით და ასევე, ვისაუბროთ მომავალზე, ვინაიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით გურია, არის მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, არის სავსე ოპტიმიზმით და ჩვენ ვიხედებით წინ, ჩვენ გვაინტერესებს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში ერთად. დავიწყო მინდა, მადლობით.
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის მშვიდობა, და ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი და უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება სრულად. ამის მაგალითები არის და ჩვენ შევქმენით ნამდვილად ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ადამიანის გარშემო არის კონცენტრირებული ყველა სახელმწიფო სერვისი, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო და წლევანდელმა წელმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა აქ რეფორმების გატარებას. მე მინდა, სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გამოვუცხადო თითოეულ ექიმს და ექთანს, რომელიც დღეს არის ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მათთან ერთად ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ დავამარცხებთ და სანამ ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი არ მიიღებს და ერთად არ გავაცილებთ ამ პანდემიას, არ დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პროცესს. რაც მთავარია, მომავალი და ჩვენი ინვესტიცია მომავალში- პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ჩვენი სახელისუფლებლო გუნდი აკეთებს უპრეცენდენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მომავალი ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი დღეს. ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, სადაც ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება და მომავალ წლებში ვაპირებთ, რომ 25%-მდე გაიზარდოს სახელმწიფოს დანახარჯები ამ სფეროში. ეს ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასებს პედაგოგებისთვის, ახალ სკოლებს, უნივერსიტეტებს, უფრო ხარისხიან და კონკურენტულ განათლებას თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში, რაც თავისთავად, უკვე ნიშნავს მეტ დასაქმებას, უფრო შემოსავლიან სამსახურებს და მეტ შემოსავალს თითოეულ ოჯახში. ჩვენ ვდებთ უპრეცენდენტო ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში. სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვდებთ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა და ჯანდაცვა. ეს ყველაფერი არის მომავალი, ეს ყველაფერი ემსახურება უკეთესი მომავლისთვის მუშაობას და ეს ოპტიმიზმი, ენერგია და შრომა სწორედ ამისთვის გვჭირდება.
ძალიან მოკლედ, რა გაკეთდა გურიაში, რა გაკეთდა ლანჩხუთში - ჩვენ ვაშენებთ ახალ სკოლებს, არაერთი აშენდა, ახლაც, როდესაც აქ ვსაუბრობთ, შენდება არაერთი სკოლა, არის კაპიტალური რეაბილიტაცია რამდენიმე სკოლაში, გაზიფიკაცია მიმდინარეობს და მივიყვანთ ამ პროცესს ბოლომდე, კულტურული სფერო არ დარჩენილა მხარდაჭერის გარეშე და აქ კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს ჩვენ, წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, აქაც ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეებს და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, ეს არის ახალი სამეწარმეო პოტენციალი: მცირე, საშუალო და დიდი საწარმოების მხარდაჭერა, ბიზნესის მხარდაჭერა. ახალი სამუშაო ადგილები, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რათა თქვენი შვილები და ის ახალგაზრდები, ვის განათლებაშიც თქვენ ჩადეთ ინვესტიცია, დასაქმდნენ, მათ შექმნან თავისი კარიერა, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ დავუფინანსოთ ბიზნეს-ინიციატივები და მივცეთ გზა საჯარო სამსახურში. ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდი ყურადღება ექნება ამ საქმეს. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც გურიაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა - ეს არის არამხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ეს არის გურია უკვე ახალი, სრულიად განსხვავებული სახით მსოფლიო ეკონომიკურ, კულტურულ რუკაზე და ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საქმე შიდა ტურიზმს ეხება. უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე, აქ არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა შექმნილი, როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე, სასტუმრო „პარაგრაფი“ და ეს კომპლექსი, „ბლექ სი არენა“ , დენდროლოგიური პარკი, გასართობი პარკი „ციცინათელა“, არაერთი სხვა პროექტი, რაშიც ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის ჩადებული.
რასაკვირველია, ჩვენთვის ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებასთან ერთად, პრიორიტეტად რჩება მთის განვითარება. მთავრობასთან ერთად, ჩვენ, ბატონი ვასილ ჩიგოგიძე და ნინო წილოსანი აქტიურად ვიმუშავებთ, რომ გომის მთისა და ბახმაროს განვითარების ტემპები დაჩქარდეს, გვქონდეს თანამედროვე პროექტები, და არა წერტილოვანი განვითარებით, არამედ საერთო კონცეფციით და დიდი ინვესტიციებით შევძლოთ ამ კურორტების განვითარება და მივიყვანოთ ის ევროპული სტანდარტების დონეზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ნინო წილოსანს, რომელთან ერთადაც ოთხი წელი ვიმუშავე. ის იყო თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ის იყო ძალიან აქტიური ადამიანი და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ის საპარლამენტო გუნდში აგრძელებს და გააგრძელებს საქმიანობას, და გვეამაყება, რომ ბატონ ვასილთან ერთად, რომელიც ჩოხატაურელია და რომელსაც ძალიან უყვარს თავისი გურია, ლანჩხუთიდან ნინო წილოსანი, ოზურგეთიდან მე - ჩვენ სამნი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევაერთოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო მეტი ჩვენი გურიისთვის - ლანჩხუთისთვის, ჩოხატაურისთვის და ოზურგეთისთვის.
მინდა, მხარი დავუჭირო ვასილ ჩიგოგიძეს. ეს არის თავის მხარეზე შეყვარებული ადამიანი, რომელმაც იცის, რა ჭირდება აქ ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს სამშობლოს ამ კუთხეში. ეს არის საქმიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, და ამავე დროს, საოცრად ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება თავის საზოგადოებასთან და ყველასთან, ვისზე ზრუნვაც მისი მოვალეობა იქნება. შესაბამისად, მას უნდა მივცეთ შანსი, ის იმსახურებს, რომ ეს შესაძლებლობა მივცეთ. ის ნამდვილად იმსახურებს, რათა საქართველოს პარლამენტში მივცეთ შესაძლებლობა, რომ იზრუნოს და იმუშაოს გურიისთვის, იზრუნოს ლანჩხუთზე, ჩოხატაურზე და ოზურგეთზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონებო და ბატონებო.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ზე გვაქვს ახლა მთელი ყურადღება მომართული და ჩვენ ყველანი მომართული ვართ, რომ დავამარცხოთ ეს პანდემია, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბატონ გიორგი გახარიასთან ერთად, სახელისუფლებლო გუნდი არის მზად და მოწოდებული იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და მინიმალური ზიანით გავიაროთ ის, რამაც მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. დარწმუნებული ვარ უკეთეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას!