02 ოქტომბერი, 2020
ივანე მაჭავარიანი: 2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა
2012 წლიდან გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა.
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსი და იკავებს მეხუთე ადგილს მსოფლიოში. 16,4-დან 9,9 პროცენტამდე შემცირდა ბიზნესზე საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი, რითაც საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. შემოღებულ ექნა მოგების გადასახადის ე. ესტონური მოდელი და მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა მხოლოდ 2019 წელს შეადგინა 612 მილიონი ლარი. სიმბოლურ, 1 პროცენტამდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი. მნიშვნელოვნად გამარტივდა დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი, დღგ-ს დაბრუნების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 146-დან 615 მილიონამდე გაიზარდა 2019 წელს. დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. 59 პროცენტით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი, 31 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი შემცირდა 54-დან 41%-მდე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანი: საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა
საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას.
როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს.
„მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები”, -აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.
„დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.