02 ოქტომბერი, 2020
მოგესალმებით ყველას,
დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი, და ქვეყანა.
დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს, და არა პირიქით.
დღეს, ჩვენი პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება.
პროგრამას, დღეს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, ჩემი ახალგაზარდა კოლეგები წარმოგიდგენენ. მე კი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ, და სად ვართ ახლა.
რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდავოდ ვალდებული ვართ ობიექტურად შევაფასოთ და, არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, კიდევ ერთხელ, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისფულებისაგან, და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში.
მტკიცედ მჯერა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ, შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო, და “ქართულ ოცნებასთან” ერთად, დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად, და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას.
მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი, და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში.
გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე, და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას.
სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა.
ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის, და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს.
ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები.
ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი.
დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა, და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის - როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.
ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა, და გაუაზრებელი მოქმედებებით, ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი, და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა.
მსურს, ასევე შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა.
მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო, ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს, და იძულებით ჩამოართვეს ქონება.
ერთ დროს წარმატებული და აყვავებული, არაერთი ბიზნესი, უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით, ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა.
ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან სამწუხაროდ, არ არსებობს, ჩვენი სამშობლოს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და, დამანგრეველი მმართველობის შედეგებს.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით, საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია, და რევიზიას არ ექვემდებარება, იმდენად დიდია მიყენებული ტკივილი და ტრავმები, რომ ამის გამოდევნა, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან შეუძლებელია!
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ, და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა.
მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით, საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით, და მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლო „ქართულ ოცნება“, წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ, და არაფრისშემძლე ერთობად.
ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში - „უნიათობა“, რომელიც უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია.
მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო - რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის კი, ქართველ ხალხს, უნიათოს ნაცვლად, ეფექტური უნდა აერჩია.
სიცრუეში დახელოვნებულებმა, საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს: ჩვენ არ ვიტყუებოდით, და მათსავით, სამ-სამჯერ არ ვხსნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს; წითელ ლენტს არ ვჭრიდით, თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე; არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას, და საუკუნის პროექტებს არ ვარქმევდით მათ; ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით; არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად.
თუმცა, მათ გასაკვირად, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო, და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, მართვის სადავეების დაბრუნებაზე.
პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტით, და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება - საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი.
სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას, და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც.
სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ, ჩაფლავებული „უნიათობის“ პარალელურად, ტერმინი - „სისხლიანი რეჟიმი“ - დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო, და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა.
არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავ ვერ შეძლეს.
მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი, და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო, და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ.
ოღონდ ერთი შესწორებით - თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, - დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა, და არგუმენტი, საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი, და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია.
და რადგან დღეს, აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს, ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა, და უიმედობა. რას აღარ აგონებენ ხალხს, - რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება, და, საერთოდ, რა დღიდანაც ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.
„ჭაობი“, „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“, „უპერსპექტივო აწმყო“, - უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან.
პრინციპში, არც გაემტყუნებათ - პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს.
ჩვენ გავუსწოროთ:
მაშ ასე, - 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:
ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა;
თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი;
160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი;
70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი;
35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი;
25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;
200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;
8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.
ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება.
ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს?
შედეგები, ამ მხრივ, მართლაც შთამბეჭდავია, კერძოდ:
ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს.
იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი, და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან. დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი, საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს.
ეს არის რეალობა, რომელსაც, როგორც დარწმუნდით, ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს.
„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს.
სწორედ ამიტომ, ქართული ოცნების ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. სურათის ნათლად წარმოსაჩენად, მოდით, ისევ მოვიხმოთ სტატისტიკა, და დავინახოთ განსხვავება:
რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე, სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი.
ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ასევე გაიზარდა, და პრაქტიკულად გაორმაგდა, მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც, და ზრდა მოხდება ყოველწლიურად.
რასაკვირველია, არც ამ პროგრესს იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი „ღიმილიანი საქართველოს“ სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს.
კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინიტრმა, „ქათმის გრიპად“ ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა - არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო.
ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეოარქივები იწვის, და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ზემოთქმული.
აუცილებლად მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფელს და სოფლის მეურნეობასაც შევეხო. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, და ასეც რომ არ იყოს, ეს მიმართულება, ჩვენთვის, მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი როდია - ქართული სოფელი, განსაკუთრებით ქართული ვაზი, და ქართული ღვინო, ჩვენი იდენტობის და მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ღვინო ვახსენე და, სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, მოდი, ისევ „ულმობელ“ სტატისტიკას მივენდოთ:
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა.
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა, - სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს, და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი - სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში.
თავად განსაჯეთ:
2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა.
2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა, და 55 ათას ჰექტარს მიაღწია.
არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს, და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს, - სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ.
2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა, და 300 ათას ტონას მიაღწია.
შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სხვათა შორის, რთველი ჯერ არ დასრულებულა, და ყველა პროგნოზით, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება.
კახელი მევენახის ეს წარმატება - მთელი ქვეყნის წარმატებაა. ამ წარმატებით გამოწვეული სიხარულიც საყოველთაო უნდა იყოს თითქოს, მაგრამ სწორედ ამ წარმატებამ გამოიყვანა წყობიდან ნაციონალების პარტია, რომლის მთავარმა პროპაგანდისტმა ღრმად დაბუდებული სნეულება ვერ დაფარა, და პირდაპირ ეთერში ქართული ღვინის წაბილწვით დაემუქრა გამრჯე კახელ გლეხს.
დამეთანხმებით, ეს ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, შესაძლოა, ყველა სტატისტიკაზე უფრო მყარი.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როცა მომხდური მტერი ჩვენს გადაშენებას და იდენტობის გაქრობას ლამობდა, პირველ რიგში, ვაზს ჩეხდა. რას წარმოიდგენდა ჩვენი წინაპარი, რომ საქართველოს, ოდესმე ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც კახელ გლეხს აიძულებდა, საკუთარი ხელით აეჩეხა ვაზი. როდესაც შესავალ ნაწილში აღვნიშნე, წინა ხელისუფლება მტერზე არანაკლები სისასტიკით ექცეოდა საკუთარ ხალხს-მეთქი, რამაც ალბათ ბევრს მოჭრა ყური, ამ მოვლენასაც ვგულისხმობდი, სხვა ფაქტორებთან ერთად.
მაგრამ დავუბრუნდეთ ეკონომიკას.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ წლების განმავლობაში, მათი თავმოწონების და ტრაბახის ერთ-ერთი მთავარი საგანი, ინფრასტრუქტურის, გზების, და მაგისტრალების მშენებლობა იყო.
მოდით, ამ შემთხვევაშიც სტატისტიკას მივენდოთ:
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა.
საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2021 წელს, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს.
წინა ხელისუფლებამ, 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლს ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ.
კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს - საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში, და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია.
არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ ინფრაქტრუქტურული პროექტების მილიარდიანი ბიუჯეტები წარმოადგენდა რეჟიმის მიერ შექმნილი ელიტარული კორუფციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს.
ეს რომ ლიტონი სიტყვები, ან სუბიექტური შეფასება არ არის, ამას შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. კერძოდ:
მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის, 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლოში 64-ე პოზიცია გვეკავა;
2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო, ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა, „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის 13 სახელმწიფოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, პირველ ადგილზეა. იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა.
სულ ორიოდ დღის წინ, 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, და ევროკავშრის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო.
ყველაფერი ამის არდანახვა, მხოლოდ ბრმას, ან მხოლოდ მოძალადე რეჟიმს შეუძლია.
შევეხოთ განათლებასაც.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, და სწორედ ამიტომ, ჩვენი მმართველობის დროს, განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები.
შედარებისთვის, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
ჩვენ გავაორმაგეთ მასწავლებელთა ხელფასები, და დღეს 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება, 1000 ლარს აღემატება.
განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას;
ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად.
არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღინიშნოს, რომ საგარეო კუთხითაც კიდევ უფრო გავიმყარეთ პოზიციები. წინსვლა გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება, და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.
უდავო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი. „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი, და სისხლისღვრა. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე: სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა, და სამოქალაქო ომი მოჰყვა; შემდგომ კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტების პირველი ფაზა, მარცხი, და ასობით ათასი დევნილი მოსახლეობა; კრიმინალური ბანდების თარეში, და პრაქტიკულად გაუქმებული, დისფუნქციური სახელმწიფო, განადგურებული, ნულზე დაყვანილი ეკონომიკა, და სრულიად მოშლილი სოციალური ინფრასტრუქტურა; შემდეგ - სტაგნაცია, კორუფციული ჭაობი, უძრაობა, და როგორც შედეგი, ხელისუფლების კვლავ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით ცვლილება; პირველი იმედები, გამოცოცხლება, და ისევ ომი, ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, დევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი, და მძიმე ეკონომიკური კრიზისი.
უმძიმესი მემკვიდრეობის, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების, და რყევების მიუხედავად, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ხანგრძლივად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული განვითარების, და შეუქცევადი წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს.
იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ გვეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა, თუ ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია.
ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა, და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, და ავტორიტეტული სარეიტინგო ინსტიტუტები ესოდენ მაღალი შეფასებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკა, ამ მიმართულებითაც უალტერნატივოა.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდა, აქაც ვერ მოდის თანხვედრაში ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, და ვერც საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებთან.
ცინიზმის მწვერვალია, როცა პოლიტიკური ძალა, ვინც პირდაპირ შემოუძღვა ოკუპანტს ქვეყანაში, და შემდეგ ევროპის საბჭოში საკუთარ სამშობლოს ოფიციალურად დააბრალა ომის დაწყება, - დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაში.
და მაინც, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს, და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.
დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.
დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო.
დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, და აღარ გავიმეორებ.
ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს, და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს, და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით, უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება, და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.
სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდწილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ, და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა, მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არ უგრძვნია.
ამასობაში, ქართულმა ოცნებამ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა, და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა, და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით, და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და, რაც მთავარია, არ იპარავს მას.
ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს, და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ.
სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინონ ჩვენი გუნდის წევრებმა.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა, შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის, რეგიონებში, და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ, და თვითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ.
განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია, ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ, და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,
კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის!