ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს; ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში გააკეთა, სადაც პარტიის ახალი სახეები წარადგინა.
თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე დღეიდან „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ გუნდის ახალი წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი.
„დღევანდელი ჩვენი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგული ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ისევ ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნებოდა:,,ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”. დღეს ჩვენს თაობას პატივი ერგო, იყოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პოლიტიკური პროცესების შემოქმედი და მონაწილე. დღეს ყველა ერთად გავდივართ იმ გზას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ: ,,ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს“. ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს - დიახ, ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც გახლავთ ადამიანი და ადამიანის ღირსება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ამ 4 წელიწადში, სირთულეების მიუხედავად, მყარი საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით, რომლებიც მალე თითოეული ადამიანისთვის ხელშესახები გახდება.„ხელისუფლების ვალდებულებაა ემსახუროს ხალხს და ჩვენ ვცდილობთ, ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს. როგორც ილია ამბობს, ,,ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა!. დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ და გუნდის ყველა ახალი წევრი, რომელიც სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული, მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება!“, - განაცხადა პრემიერმა და გუნდის ახალი წევრების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
თამარ ჩუგოშვილი - მას იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დამსახურება და თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მან გასწია თომას ჰამერბერგთან ერთად, და დღეს მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი. დღეს თამარი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, და მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო მას.
გიორგი გახარია - ის არის ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გიორგი არის ფართო განათლების ადამიანი, გამოირჩევა პრინციპულობით, ლიდერის თვისებებით. გიორგი გახლავთ ბიზნესომბუდსმენი და ის, რომ მან ბიზნესის წარმომადგენლებთან მოახერხა სრულიად განსხვავებული, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მისი შემოსვლა ჩვენს რიგებში დიდი შენაძენია, არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისთვის.
ირაკლი კობახიძე - ირაკლის უკვე ყველა კარგად იცნობს. ის გახლავთ ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი. ირაკლის იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
აკაკი ზოიძე - გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7-წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში, როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.
არჩილ თალაკვაძე - არჩილსაც, ვფიქრობ, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. არჩილი გახლავთ მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. წარმატება ვუსურვოთ მას.
თამარ ხულორდავა - თამარი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ამჟამად არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. ქალბატონი თამარი არის ამერიკის იურისტთა ასოციაციის წევრი, მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში იურისტად, იგი ხელმძღვანელობდა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო პროგრამებს და იმედი მაქვს, მისი გამოცდილება წაადგება ჩვენს გუნდს. წარმატება ვუსურვოთ მას.
ირინა ფრუიძე - ირინა პროფესიით გახლავთ ფსიქოლოგი და ექიმი. მას ყველა იცნობს როგორც ,,რა, სად, როდის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტანს. და, დარწმუნებული ვარ, მისი როგორც ინტელექტი, ასევე პროფესია, ერთნაირად გამოადგება „ქართულ ოცნებას“. ასევე, მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, იგი გახდა მეორე შვილის დედა და მინდა, ყველაფერი ერთად მივულოცო მას.
კახა კუჭავა - კახა გახლავთ სამართალმცოდნე, გახლავთ ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით და ის ბიზნესიდან შემოდის პოლიტიკაში. მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო მას ამ სრულიად ახალ ამპლუაში.
მამუკა მდინარაძე - მამუკაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ კარგად გაიცნო. იგი გახლავთ სამართლის დოქტორი. მას იცნობენ როგორც წარმატებულ ადვოკატს, იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი. მამუკა არის სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტის „საადვოკატო გამოძიების სამსახურის“ ავტორი. წარმატება ვუსურვოთ მამუკას.
მარიამ ჯაში - მარიამი არ გახლავთ დღეს ჩვენთან, იგი იმყოფება მნიშვნელოვან მივლინებაში. იგი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს „სოლიდარობის ფონდს“, რომელმაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე იხსნა. მივესალმოთ ასევე მარიამის შემოერთებას „ქართული ოცნების“ გუნდში.
ნინო გოგუაძე - ნინო გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად გახლავთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარე. მივესალმოთ და წარმატება ვუსურვოთ.
რომან კაკულია - რომანს აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობების კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით, თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტები, რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დაახლოებისათვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. წარმატება ვუსურვოთ რომანს და მივესალმოთ მის შემოერთებას ჩვენს გუნდში.
სოფო კილაძე - სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი, იურისტი. არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს-ს აკადემიის პრორექტორი. სოფო წარმატებული ადამიანია, და ვფიქრობ, რომ პოლიტიკაშიც იგი იტყვის თავის სიტყვას. მივესალმოთ მის შემოერთებას.
სოფო ქაცარავა - სოფო გახლავთ უცხო ენების სპეციალისტი, იგი იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და წლების განმავლობაში ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტების კოორდინატორი, როგორიც გახლავთ სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამა Chevening-ი, რომლითაც მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი განათლება დიდ ბრიტანეთში. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში (WWF). მივესალმოთ სოფოს შემოსვლას „ქართული ოცნების“ გუნდში.
სოფო ჯაფარიძე - მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მივესალმოთ სოფოს შემოსვლას ჩვენს გუნდში.
პრემიერმა გუნდის ახალი წევრების წარდგენისას ყურადღება გენდერული თანასწორობის საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარდგენილი 15 ადამიანიდან, 8 ქალი და 7 მამაკაცია.
„მივეჩვიოთ ამ ახალ რეალობას, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია. ჩემო კოლეგებო, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, ჩვენი გუნდის ახალ და არსებულ წევრებს, იმ რწმენით, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ! გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ამ წმინდა ადგილას, კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენს მოწოდებას, ავაშენოთ უკეთესი საქართველო ყველასათვის, ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ქართველი კაცის, საქართველოს მოქალაქის საუკეთესო თვისებები იქნება ხაზგასმული. მინდა, ის ორი საუკეთესო თვისება მოვიყვანო ჩვენს იდეალად და ჩვენს მიზნად, რომელსაც ილია ყველა თავისი ნაბიჯით ყოველდღიურად უსვამდა ხაზს - ეს არის ქართველი კაცის თავმდაბლობა, მაგრამ ამავე დროს, თავდაჯერებულობა. ჩვენ ვართ თავმდაბლები, მაგრამ ჩვენ ვართ თავდაჯერებულები და იმ რწმენით გამსჭვალული, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, - მიმართა პრემიერმა საგურამოში შეკრებილ საზოგადოებას