×

26 ივლისი, 2016

გურიის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა

გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ,- ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. “ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს. “არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გურიის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქვენგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. “ნაბეღლავის“ და “ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხამს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა “Black sea arena-ს“ გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. “ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

 

“ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. “ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. “მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა. საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. “მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. “ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. "გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ. ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტრიფიცირების პროგრამებზე. “ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.