31 ივლისი, 2016
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ გორში წარმოადგენს იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი ირაკლი მეზურნიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო და დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.”ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ და გითხრათ - დღეს რომ ქართლი და მთლიანად საქართველო ისევ ფეხზე დგას, თქვენი გამძლეობის, თქვენი თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების დამსახურებაა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში შეკრებილ მოსახლეობას. “სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულები და კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურმა მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნებაა. “როდესაც “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არა გვაქვს ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“.-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დევნილებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს: “მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა ვუთხრა მათ გამძლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა - ეს არის ის, რაც დღეს ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისაკენ. “ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდზეა“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა და ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. “საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისათვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ახალი ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ვაფინანსებთ სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას.“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.”ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ერის კონსოლიდაცია, ქვეყნის სწრაფი განვითარება და ხალხისათვის კეთილდღეობის მოტანა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. გორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერის. “მე მჯერა, 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. “რამდენიმე დღეში ისევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს. გორმა ბევრი სისხლი და ტკივილი ნახა და ამიერიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობაა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.