„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირების, ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებს მოიცავს.
მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი.კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება. იურისტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულად შემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია. „დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება. ესენია: მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა და მარშალ გელოვანის ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირის და ვასილ გოძიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; ვაკე-საბურთალოს რაიონში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; გმირთა მოედნის მიმდებარე გზის გაფართოება; ვაკე-საბურთლოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; კრწანისის რაიონში ქვედა და ზედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და სარკინიგზო გამტარი გვირაბი; ვაკის რაიონში, მდინარე ვერეში, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება.
ხმალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება. ქალაქში 700-მდე ავტობუსი შემოვა, რაშიც 260 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძის განცხადებით დედაქალაქში გაიზრდება როგორც სამარშუტო ხაზების, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა. „დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და პოპულარობის მიმართულებით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს და მე, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროავტობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით - 330 000, ხოლო მეტროს - 288 000 მგზავრი გადაჰყავს.„მას შემდეგ, რაც მეტროს რეაბილიტაციას მოვახდენთ და ახალი ვაგონები დაემატება, დარწმუნებული ვარ, რომ მეტროთი უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში არსებულ ორ საბაგიროს კი, დღეში დაახლოებით, 4100 ადამიანი გადაჰყავს. ეს ის მიმართულებებია, რაზეც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასა და არსებული ვაგონების ჩანაცვლების შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.„ჩვენ ამ ღონისძიებით მივალთ იქამდე, რომ შეიქმნება უფრო მეტი კომფორტი მგზავრების გადაყვანის დროს, გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა და სადგურებზე მოლოდინის დრო შემცირდება. მოხდება 23 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
კახა კალაძის თქმით, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს პარკირების პრობლემაც. „როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები,“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრეზენტაციაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური „ისანი“, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური „ვარკეთილი“ და გეგეშიძის ბაღი.
მისივე თქმით, ეს იქნება ჯამში 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომები. პრეზენტაციისას, ასევე, აღნიშნა რომ სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.
პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.