18 სექტემბერი, 2017
თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მა პეიჰუა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო.
კახა კალაძემ ხაზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.
შეხვედრაზე ასევე, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და ამ მიმართულებით, საქართველოს როლი და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივებსაც.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.