საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე მოგესალმებით, ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო მეგობრებო. მივესალმები ჩვენს ღირსეულ, ამაყ, თავისუფლების მოყვარულ და დაუმარცხებელ ქართველ ხალხს, მივესალმები სრულიად საქართველოს! ჩემთვის დიდი პატივია, ძვირფასებო, ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული, პატრიოტი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში, მე მინდა გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თქვენი ნდობისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის, მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველას! დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს, სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, ჩემო ძვირფასებო, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით, პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით, სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას და რაც მთავარია, ხელისუფლება ემსახურება ხალხს. დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია,ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა...ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები... სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში, 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.ადრე თუ გვიან, ძვირფასებო, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას,არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას,არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას,არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას.არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს. როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებს. ჩვენ არ მოვექეცით და არ მოვექცევით მათ ისე, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება. ჩვენ დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ქართველი ხალხის, თქვენი ძალა, ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, ძალა, რომელიც დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ რჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, შორის, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის.ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს, სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა - თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება?! აი ამ კითხვაზე ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ ! ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდით მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში! ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ! მე დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები! გაერთიანების წლები!ჩემი დიდი სურვილია, დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ! გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს!ზუგდიდი გაიმარჯვებს! ქუთაისი გაიმარჯვებს! ბათუმი გაიმარჯვებს!ოზურგეთი გაიმარჯვებს! რუსთავი გაიმარჯვებს! ფოთი გაიმარჯვებს!თელავი გაიმარჯვებს! თიანეთი გაიმარჯვებს! ქარელი გაიმარჯვებს!ხაშური გაიმარჯვებს! ცაგერი გაიმარჯვებს! ბაღდათი გაიმარჯვებს ! წყალტუბო, სენაკი გაიმარჯვებს! მარტვილი გაიმარჯვებს! ხობი გაიმარჯვებს! წალენჯიხა გაიმარჯვებს! ჩხოროწყუ გაიმარჯვებს !ხელვაჩაური გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს!ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!