12 ნოემბერი, 2021
სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორი ჯგუფები, ყოველგვარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს.
ამჯერად, როგორც საზოგადოება საკუთარი თვალით ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს, საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების - იმ ადამიანების ლანძღვისა და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ.
მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრისა და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი დადონ სასწორზე სახელმწიფოს სამსახურისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის.
დღეს, ქართული პოლიცია დგას სახელმწიფოს სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისა და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა, მოახერხეს და წინა რეჟიმის პირობებში, პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და შიშის ნაცვლად, დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ!
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვასამართალხამცავი უწყების წარმომადგენელს მოთმინებისთვის, მათი დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.