03 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია. გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

29 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა ჯილდო მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიანიჭეს. ღონისძიება ბილბაოს თეატრში ბასკეთის მმართველი პარტიის ორგანიზებით შედგა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ „უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს.რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით. მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!ჩემი ქვეყანა - საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას.მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის.ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის.ნება მომეცით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის!” - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

23 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას. სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35 პროცენტით, აშშ-ში - 36 პროცენტით, ბულგარეთში - 67 პროცენტით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა; ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში - 24 პროცენტით, იტალიაში - 100 პროცენტით, საფრანგეთში - 84 პროცენტით, ნიდერლანდებში - 51 პროცენტით, ბელგიაში - 78 პროცენტით, უნგრეთში - 132 პროცენტით, საბერძნეთში - 142 პროცენტით, ესპანეთში - 51 პროცენტით, ავსტრიაში - 139 პროცენტით, სლოვაკეთში - 71 პროცენტით, ბულგარეთში - 116 პროცენტით, რუმინეთში - 55 პროცენტით, ჩეხეთში - 31 პროცენტით, სლოვენიაში - 346 პროცენტით, ხორვატიაში - 68 პროცენტით, კვიპროსში - 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში - 262 პროცენტით. როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა. ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება.

11 იანვარი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

21 დეკემბერი, 2022

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართასხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ხვალინდელი კენჭისყრა იქნება ფორმალური და არც ერთ კანდიდატს არ ექნება უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა.„პროცესის ჩაგდება გამოიწვია ოპოზიციის მიერ შერჩევის პროცესში ულტიმატუმის ენით საუბარმა და შესაბამისად, მათ მიერ კანდიდატების შერჩევის სამუშაო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებამ. ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ვერც ომბუდსმენის და ვერც იუსტიციის საბჭოს წევრის არჩევას. მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიისთვის კვლავ შეეცდება, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და მივაღწიოთ კონსესუსს კანდიდატებთან დაკავშირებით“, - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეგარდა ამისა, ხვალ გაიმართება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშების მოსმენა.

12 დეკემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინიცირებულ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაში საპარლამენტო უმრავლესობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს. სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს. მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

28 ნოემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე, უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით არ განიხილავს. უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. პირველ დეკემბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

14 ნოემბერი, 2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 15 ნოემბერს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე, მეორე მოსმენით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებას. 16 ნოემბერს, განიხილება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხი, რომელიც ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, კანონმდებლები მოისმენენ სემეკი-ს, ასევე საპენსიო ფონდის 6 თვის ანგარიშს. 17 ნოემბერს განიხილება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 20 ნოემბრამდე, შესაბამისი შენიშვნებით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას. 18 ნოემბერს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს. უმრავლესობის წევრებმა ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ხვალ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებს კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავს.​ უმრავლესობის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამეს.

17 ოქტომბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშები გერმანიასა და რუანდაში ვიზიტებთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს გააცნო ინფორმაცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუანდის დედაქალაქ კიგალში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში. აღინიშნა, რომ ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არაღიარების პოლიტიკას, რაც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესია. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 18 ოქტომბერს, დეპუტატები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 19 ოქტომბერს, პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშებს მოისმენს. 20 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

14 ოქტომბერი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესთან ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას" - ირაკლი კობახიძე შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.

14 ოქტომბერი, 2022

14-15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

14-15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი. „ჩვენ პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივებზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებზე და რა თქმა უნდა საუბარი გვაქვს იმაზე, რომ გერმანიის როლი და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში. ბუნდესტაგის წევრები კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და როგორ ვხედავთ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყრილობაზე არიან წარმოდგენილი ლიდერები პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მმართველი პარტიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები და ბუნებრივია მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ევროპის გაძლიერების, ასევე საქართველოს როლის გამოკვეთის კუთხით საერთო ევროპულ ოჯახში. ამ პლატფორმას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

03 ოქტომბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 4 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. 5 ოქტომბერს, განიხილება საარჩევნო კოდექსში და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. 6 ოქტომბერს, საპარლამენტო ტრიბუნა „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაეთმობა. 7 ოქტომბერს, პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენს.

01 ოქტომბერი, 2022

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება. დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება.

19 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. უმრავლესობა ასევე მხარს დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიციიდან „მოქალაქეების" დეპუტატის ლევან იოსელიანის წინადადებას ომბუდსმენის ღია კენჭისყრით არჩევის შესახებ. მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტი ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს, ხოლო ინტერპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენს. პარლამენტი ასევე აირჩევს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კომიტეტების თავმჯდომარეებს.

15 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.

14 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების 3 ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატები და ჩვენ გთავაზობთ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს, დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება.

13 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.ჩვენს ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისათვის.