14 აგვისტო, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.   „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას. გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, მან დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით. გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას. გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში!

29 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით: საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით;პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას;საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს. სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და „სახალხო ალიანსს“ გამარჯვებას და მიაჩნია, რომ მათი გამარჯვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია.

29 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით, განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას, ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.

28 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია. კონფერენციებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე. თბილისის გარდა, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში გაიმართა.

21 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს; გლდანის პარტიულ ორგანიზაციას - კოტე ზარნაძე; მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას - დავით კირკიტაძე; კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც. პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

11 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

მოგესალმებით, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პოლიტსაბჭოს სხვა წევრები, აგრეთვე, დისტანციურად პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები და ერთ-ერთ მთავარ საკითხზე მინდა, რომ გავაკეთო დღეს განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს პოლიტიკური პარტიის სახელით. „ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი სჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ. როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტული იყო. გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება. დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული.

29 აპრილი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში. მერების შუალედური არჩევნები თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნები ქუთაისში, ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში. ისიც მოგეხსენებათ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3 200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა. ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკანიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილს გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით. იმ წესით რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას. ასევე, ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით. მადლობას გადავუხდით რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს იმისათვის, რომ სათანადოდ ჩატარდა ეს არჩევნები. კიდევ ერთხელ გვინდა გადავუხადოთ მადლობა ამომრჩეველს არჩევნებზე მოსვლისთვის და ჩვენთვის ნდობის გამოცხადებისთვის, ჩვენი გუნდის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა.

03 აპრილი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრსვლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან. ხვალვე, უმრავლესობის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ კი - გივი მიქანაძის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს. 5 აპრილს, დეპუტატები დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გადანაწილების შესახებ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია. ასევე, დეპუტატები კომიტეტების ანგარიშებს მოუსმენენ.

18 მარტი, 2023

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს.

14 მარტი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა: პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის; საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან; გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ ენჯეოების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ. კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან. იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის. ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ. ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე. „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან. გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა. დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე. რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს. დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!

09 მარტი, 2023

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს. გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია. საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია.

08 მარტი, 2023

ირაკლი კობახიძის განცხადება

გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის. კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელზეც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული: ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად მოხსენიება და საქართველოს ევროპული მომავალი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის. რაც შეეხება ჯაშუშის (და არა უცხოური გავლენის აგენტის) იარლიყის მიწებებას. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელი მოუწერა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოეთ თანამშრომლობა ნატოსთან. ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ. სამაგიეროდ, დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილს და ბაია პატარაიას, რომლებიც, თავისი არსით, ჩვენი ღირსეული წინაპრების სრული ანტიპოდები არიან. ამავე დროს, გვინდა შეგახსენოთ, რომ სანდრო ახმეტელიც და ტიციან ტაბიძეც სწორედ ჯაშუშებმა დახვრიტეს, ჯაშუშებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძეც, ჯაშუშები შემოუძღვნენ 1921 წელს რუსულ ჯარს საქართველოში. თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში - მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს. საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს. დღეს ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას. საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცალ ფეხზე სიარულით, ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ. როდესაც ხელისუფლების მიერ ევროპული ინსტიტუტების პატივისცემაზეა საუბარი, გვინდა შეგახსენოთ, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. აქედან ჩანს, თუ სინამდვილეში რამდენად უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!

07 მარტი, 2023

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.პირველ რიგში, მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს.როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია.თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროეტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა , საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე, საუბარი იყო სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე , რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე , რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით, თუმცა თქვენ ხედავთ რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული სიცრუეზე აგებული კამპანია, იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ბუნებრივია საზოგადოებას. სინამდვილეში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით . ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ , რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრვია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაჯავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო, კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ.კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში. ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.დასასარულს, მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია , თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენს მიერ, სინამდვილეში მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას , ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს. ასევე მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ , ჩვენ ვხედავთ რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან , იქ არის რა თქმა უნდა გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართადამცავების მიმართ , არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში ,რა თქმა უნდა , ნებისმიერი კანონდამრღვევი , კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების , არა მარტო ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივია ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები , რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი . მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას , რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებულიი დამოკიდებულება.

07 მარტი, 2023

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართამმართველმა გუნდმა მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველი საკითხები შეათანხმა ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა გუნდის მიერ შეჯერებული საკითხები: ქართული ოცნება მხარს დაუჭერს სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას. კენჭისყრა გაიმართება სამშაბათს განხილული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ახალი კანონპროექტი ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა პირველი მოსმენით მიიღებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ამერიკულ კანონს აგენტების თაობაზე და მის ქართულ ვარიანტს ასევე შედგება სხვა მიმდინარე კანონპროექტების კენჭისყრა, მათ შორის ერთ-ერთია ევრორეკომენდაცია ქალთა ფინანსური გაძლიერების თაობაზე დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება

22 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სამივე კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში.

20 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართასხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 21 თებერვალს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. 22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტებს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.

06 თებერვალი, 2023

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საწვავის და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ პრემიერის ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც.სხდომაზე საუბარი შეეხო ცესკო-ს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 90%-ს საშუალება ექნება თავისი არჩევანი ელექტრონული წესით გააკეთოს. ასევე ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე. უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს 2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე. 7 თებერვალს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში“ ცვლილებების შესახებ, „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ცვლილებს და სხვა კანონპროექტებს. ხვალვე დეპუტატები პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ. 8 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.