10 სექტემბერი, 2022

კაჭრეთში „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ. დღეს ასევე გვსურს წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას, რითაც დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტია - „საქართველოსთვის“ ტანდემში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ ახორციელებდნენ. მოვუწოდებთ ბატონი ზაზა ყურაშვილის მხარდაჭერისკენ თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას.

05 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები გოგი მეშველიანი, ზაურ დარგალი, ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. ქართული ოცნების ლიდერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართეს.

05 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები.რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ. მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა. ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები - ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული. თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია - ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს.

04 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში, პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ქუთაისში, პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

03 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, ირაკლი ხახუბია, ლევან მგალობლიშვილი, ედიშერ თოლორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

01 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის უმრავლესობის წევრები, თავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, ნინო იობაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

25 ივლისი, 2022

„ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე მცხეთაში, პარტიის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ზაალ დუგლაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის მხარეში აბელ აბესაძე, მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.გასულ კვირას შეხვედრები გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

07 ივლისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები.მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი - „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება:მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს;თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა;ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს. როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.

04 ივლისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

01 ივლისი, 2022

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების კონკრეტული გეგმა წარადგინა

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად: პუნქტი 1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით. ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული. დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე. დეპოლარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და მიიღება არა უგვიანეს 1 ნოემბრისა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პუნქტი 3. სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს. სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნის მიღებისთანავე. კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. კონსტიტუციური კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არა უგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1 დეკემბრამდე. პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა. პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე. პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ. პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც. პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა. პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არა უგვიანეს 1 დეკემბრისა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

24 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

მინდა პარტიის - „ქართული ოცნების“ სახელით გამოვეხმაურო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ასეთივე თანმიმდევრულობით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მადლობას გადავუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ გადაწყვეტილებისთვის და მხარდამჭერი სიტყვებისთვის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, შარლ მიშელმა გუშინდელ დღეს უწოდა ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მან ქართველ ხალს საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პერსონალურადაც მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, გადაწყვეტილების განმსაზღვრელი, უპირველეს ყოვლისა, ომისა და ომთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორი გახდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, ისე სამხედრო კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე მოლდოვას ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შესაბამისად იმოქმედა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივის აღიარებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის წინსწრებით მიღებას. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ. ამას აქვს თავისი კანონზომიერება: რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული. საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. კერძოდ, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. მაგალითად, 2014-2020 წლებში 5 კანდიდატი ქვეყნის წლიურმა დაფინანსებამ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევრო შეადგინა, ხოლო იმავე წლებში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული დაფინანსება 39 ევრო იყო. მომდევნო წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან. დასასრულს, კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას ევროკავშირს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საჯარო მოსამსახურეებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ევროპული პერსპექტივის მისაღებად იქნა გაწეული. რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს, რომლის პროგრესულობისა და პრაგმატულობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო, ერთი მხრივ, ინარჩუნებს მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, დგამს ნაბიჯებს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირის წევრობისაკენ.

20 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა. ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული კითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს, ვის აწყობს არეულობა, ქაოსი და ევროპული ინტეგრაციის შეფერხება... ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი. თუმცა ეს ჩვენ არ გვიკვირს, რადგან ისინი არა თუ დღეების, არამედ წლების განმავლობაში მალავდნენ, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერს, რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა და რომლითაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის კასეტური ბომბებით დაბომბვა დააბრალეს. ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ ინფორმაციებს, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს. საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ. როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა. მაგალითებისათვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად 3 წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა. ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია მგიმოს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც, ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუსი ბიზნესმენის, გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსულ ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები. როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული, ჰონორარის რაოდენობისათვის შეუსაბამო, მილიონობით რუბლი ემატება, ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება. ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით.ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია. თავად ელენე ხოშტარიას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში. რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს. თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

17 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ ევროპული კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას. როგორც მოგეხსენებათ, კომისია ევროპულ საბჭოს უწევს რეკომენდაციას, უკრაინასა და მოლდოვას მთელი რიგი დათქმებით მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც არის იმ ღირებულებების პატივისცემისა და განმტკიცების ერთგული, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“. გარდა ამისა, დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე ქვეყანასთან მიმართებით. თუმცა, გვესმის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში.კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას - იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს.კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც , რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული.დასასრულს, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, პარლამენტარებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა განაცხადის მომზადებასა და ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე მის ადვოკატირებაში. ასევე, მადლობას ვუხდით ევროკავშირის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს საკითხს გულდასმით გაეცნო და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.

15 ივნისი, 2022

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა, გამოვეხმაუროთ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს. ქალბატონი სალომეს განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, ძალიან მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს. დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია. კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა.  არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: 19 აპრილის შეთანხმების ანულირება. სალომე ზურაბიშვილს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მხარემ - ნაციონალურმა მოძრაობამ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და მმართველმა პარტიამ ის ანულირებულად მხოლოდ ამის შემდეგ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა. ამ 100 დღის მანძილზე, ჩვენ არ გვახსენდება სალომე ზურაბიშვილის, ენჯეოების თუ საერთაშორისო პარტნიორების არცერთი მკვეთრი თუ თუნდაც ნაკლებად მკვეთრი მოწოდება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. რატომ არ მოუწოდებდა ნაციონალურ მოძრაობას არავინ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდია; 5 ივლისის ძალადობის არასათანადო გამოძიება. ეს არის მეორე ბრალდება. სტატისტიკას აღარ გავიმეორებთ, თუმცა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, სათანადოდ წარმიმართა და არაერთი ადამიანი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორე იგივე, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის არასათანადო გამოძიება ყოველგვარ კონკრეტულ ფაქტზე მითითების გარეშე დააბრალა; მესამე, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია; გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარის თქმა. შემდეგი თემა. შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის უპრეცედენტო, აბსურდული წესის შემოღება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ უტყუარი არგუმენტები, რაზეც ოპოზიციამ ვერცერთი, ვიმეორებთ - ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტით ვერ გვიპასუხა. შესაბამისად, ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან ამ გარემოებას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება; არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გავრცელება. კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ისიც ეხსენებინა, რომ ეს ჩანაწერები არჩევნების წინ არა მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამ გაავრცელა. ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, ვინ განახორციელა და შემდეგ, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, ამ საქმეზე გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად წარიმართოს; მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საბჭოს წევრები კონფერენციამ, 300-ზე მეტმა მოსამართლემ კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს ქვეყანას ფუნქციონირებადი იუსტიციის საბჭო არ ეყოლებოდა. სწორედ ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ინტერესი და რატომ იზიარებს ამ ინტერესს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის გაუგებარია; ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილება. საქართველოს პარლამენტმა შეამსუბუქა ცესკოს წევრების არჩევის უპრეცედენტო და აბსურდული წესი და ის შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან წინასწარი კონსულტაციებიც გავიარეთ. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განცხადება მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული; უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის არჩევა. ამ შემთხვევაშიც, კანდიდატების წარდგენა და არჩევა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ, სირთულისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობას უსწრებს. გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქონდა პოლიტიკური ინტერესი, უზენაესი სასამართლო სრულად არ დაკომპლექტებულიყო და ფუნქციონირებაში სირთულეები შექმნოდა. თუმცა, რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი, ესეც ჩვენთვის გაუგებარია; სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახური არ გაუქმებულა, არამედ ორ ნაწილად გაიყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად არათუ არაფერი გაუარესებულა, არამედ, პირიქით, სისტემა, უფრო რაციონალურად მოწესრიგდა. პრეზიდენტს სიტყვაც არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ ორი ასეთი სამსახურის ერთად არსებობის პრეცედენტი მსოფლიოში არ ფიქსირდება. შესაბამისად, კრიტიკა ამ შემთხვევაში სრულად არის საფუძველს მოკლებული; გვარამიას „უდროო“ დაკავება. ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს; მიყურადების კანონის მიღება. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ამ კანონის მეორე მოსმენით განხილვა გადავდეთ 2 კვირით, რათა ოპოზიციას, ენჯეოებს და საერთაშორისო პარტნიორებს კანონის წინააღმდეგ არგუმენტები წარმოედგინათ. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ამგვარი არგუმენტები, ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. მეტიც, მეორე მოსმენის დროს, პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი სიტყვითაც კი არ გამოსულა. ასეთ დროს, პარლამენტს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა მიეღო კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამგვარად, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას. ფაქტები კი არის ის, რომ მმართველი პარტიის ნაბიჯების წყალობით, დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სათანადოდ მუშაობს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, სრულად და სათანადოდ არის დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოში დღესაც მოქმედებს გენერალური პროკურორისა და ცესკოს წევრების არჩევის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურები, კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის ის, რაც არ მოსწონთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, მაგრამ რაც მოგვწონს ჩვენ და რაც მთავარია, მოსწონს საქართველოს მოსახლეობას. რატომ არ მოსწონს ეს სალომე ზურაბიშვილს, ამის ახსნა საზოგადოებისთვის მიგვინდია. რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას: სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ეს არის მაგალითად დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია; ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა; საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატოს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს, საბედნიეროდ. ბოლოს, შევეხებით ხვალისთვის დაანონსებული აქციის თემას. ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.

09 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე - ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისათვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციაში და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. ევროპარლამენტის რეზოლუცია, ძირითადად, აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ძალადობა ჟურნალისტებზე, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-12 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა, რიგითი მოქალქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, რომ გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე, რის შედეგადაც 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც, არ გვგონია, რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება. მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე, პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს. მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, რომლებმაც ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ეროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, რომლებმაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და შემდეგ ის მოროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს. შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. რამდენიმე მცირე შედარება: როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება. ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია თუ უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; 2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში, 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ესეც არის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში: ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, განხორციელდა უამრავი რეფორმა, რომელთა წყალობითაც დღეს საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ევროკავშირის წევრ თუ წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანასაც კი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის იმ მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ. ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა. ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა. თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს - ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება. რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს , არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს. იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი  დაგვხვდება . „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და  ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება. მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ. ყველას გახსოვთ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო, როდესაც მათაც ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არც საქართველოსთვის და არც უკრაინისა და არც მოლდოვისთვის არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს. ამასთან, ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი, პიტერ აკერმანი ნაციონალურ მოძრაობას, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდადატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი. ოპოზიციის გათვლა მარტივია, რაზეც დღემდეც არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. მათი გათვლით, საქართველომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოყვეს საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მღელვარება და ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა, რისთვისაც ასე გულმოდგინედ იღწვიან მთელი ეს თვეები ნაციონალური მოძრაობა და მისი მფარველები. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ.

06 ივნისი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. 7 ივნისს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. 8 ივნისს, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 9 ივნისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს. სხდომაზე განიხილავენ ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პლენარულ სხდომებზე განიხილება სხვადასხვა კანონპროექტები.