18 მარტი, 2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება

დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ვეტინგთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით, თუმცა პირველ რიგში, დღევანდელი დღიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვეხმაურებით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. მისასალმებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის შეეხო მრავალ საკითხს. სასიხარულოა მისგან ხაზგასმა მაგალითად, კრიზების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის საკითხებზე და ზოგადად ნატო-სთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატოსს მისიებში. ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება.ჩვენი კი, ჩვენი მხრიდან, მტკიცედ გავაგრძელებთ ქვეყნის სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ამავდროულად, ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობას და ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილური განვითარების სწორ გეზს. ასევე, დღევანდელ დღეს არ შეიძლება ასეთი განცხადება არ გაკეთდეს, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, რაც ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში და შეურაცხმყოფელი ქმედებაა და დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს კიდევ ერთხელ ალბათ ამას ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კარგად იაზრებს. რაც შეეხება მიმდინარე კვირის საკითხებს, მიმდინარე კვირაში, როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტებიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ ამ კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. როგორც იცით, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოპონენტები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თემის ოპონენტები, შეგვიძლია ვთქვათ, ზოგადად ოპონენტები, პრინციპში განსხვავება აღარ იქნება დამერწმუნეთ ამაში. ტრენინგები გაიმართა პრაიდის ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში კი, არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს: კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული - იმისათვის, რომ მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში, იმისათვის, რომ, მაგალითად ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე. წ. „ფარა“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში. დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ. რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, ესეც იყო დღევანდელი განხილვის თემა. შეგვიძლია თამამად ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება, არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან თუ პიარ კამპანიებისგან. რაც შეეხება ასევე ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს - მტკიცებულებების დონეზე გაირკვა, ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტიდანაც გამომდინარეობდა ეს და ბევრი ამბავი გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე თაღლითური შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკო-ს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა, ერთი მხრივ, თავდასხმა ცესკო-ს თავმჯდომარეზე, მორალური თუ ფიზიკური გზით, ორივე მიმართულებით ხმოვანდებოდა ინფორმაცია და თუ ეს მოხერხდებოდა, მის მოვალეობას ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი შეასრულებდა. ამავდროულად, კანონმდებლობაში ამგვარი დაშვება და პრეცედენტი ევროპის, არცერთ, ხაზს ვუსვამ, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამის, ცესკო-ს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და 9 ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთაღნიშნული უდავო ფაქტებისა, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექსს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასევე აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც მე წეღან ვახსენე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერსაცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო უშედეგო მცდელობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნებს ჩაატარებს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით არჩეული, დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვასრულებთ 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც თავისუფალი და ვციტირებ - თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს იყო ერთ-ერთი დათქმა და ეს შესრულებული იქნება და ვერ იქნებოდა შესრულებული იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებდით მათ მოწოდებას, როცა მაგალითად, თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა რომელიღაცა პარტიის, განსაკუთრებით ხაზარაძის, ანუ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი შტოს პოლიტსაბჭოს წევრს უნდა შეესრულებინა. და ბოლოს, ვულოცავთ „ხალხის ძალას“ პარტიის დაფუძნებას. ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით და მისი პარტიის სხვადასხვა შტოებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა არ ვთვალთმაქცობთ და არ ვემიჯნებით ერთმანეთს. გარდა იმ ერთი ორი საკითხისა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირიქით, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მსგავსად, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ საერთო შეხედულებებს ეროვნულ ღირებულებებზე, საერთო ხედვებს მშვიდობის, ქვეყნის მთლიანობის და დეოკუპაციის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და სხვა საერთო ღირებულებების მიმართ, თუმცა გვაქვს განსხვავებული ხედვა რამდენიმე საკითხის გადაჭრის გზებთან მიმართებით, რის გამოც მათ ცალკე პარტიის შექმნა გადაწყვიტეს. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს და უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ ახალ პარტიულ ასპარეზზე.

29 თებერვალი, 2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს, ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ასეთ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს. შემაშფოთებელია, რომ ეს მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, ზრდა კი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ეს პროპაგანდა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას. ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება. ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე. წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის, ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

15 თებერვალი, 2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ მირქმის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს და მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალური მობილიზაცია, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი.გავიმეორებ - ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ ირაკლი კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს.

02 თებერვალი, 2024

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა. პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართა „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობა, სადაც აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე. ხელახლა უცვლელი შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის შემადგენლობები. ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ. ამის შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება.

30 დეკემბერი, 2023

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

მოგესალებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ყრილობის დელეგატებს, „ქართული ოცნების” წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს მმართველი პარტიის ყრილობას. ზუსტად 3 წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, 3 წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები. ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებულად ვაფასებ და ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა. მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება. დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ - საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება. პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ - სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე. ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!

11 დეკემბერი, 2023

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ კანონპროექტებს, მათ შორის, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს; დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ლამინირებული პირადობის მოწმობებს ეხება. გარდა ამისა, დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“. კონსულტაციების შედეგად მიღწეულია კონსენსუსი - მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა და სრულად აღჭურვონ.

27 ნოემბერი, 2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ. უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შეეხო უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას, რომელზეც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. უმრავლესობის წევრებმა განიხილეს ასევე ცვლილებები ფრაქციაში. მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია რატი იონათამიშვილი, ხოლო მოადგილეებად - ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა და ირაკლი კირცხალია.

08 ნოემბერი, 2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

მინდა ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება. საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით! დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა! მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პოზიტიური დასკვნის მომზადების და საქართველოში არსებული დემოკრატიული პროგრესის ობიექტურად შეფასების პროცესში. მადლობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ვინც დაუღალავად და კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ მოგვცა საშუალება ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თანხმდებოდა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, რამაც, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოზიტიური შეფასების გაცემაში. ბუნებრივია, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

30 ოქტომბერი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს საქართველოში მოქმედმა მდიდარმა და მათთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული სანქციების რეაგირების გარეშე დატოვების გამო უსაყვედურეს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 7 თვის წინ, რამდენიმე მოქმედ და ყოფილ ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, პარტნიორებისგან შესაბამისი ბრალდებების გამამყარებელი მტკიცებულებები მიეღო, თუმცა, უშედეგოდ. მეტიც, მოვისმინეთ სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. ასევე, 6 კვირის წინ, სანქცირებულ პირთა ამერიკულ სიაში შეყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძე. როგორც ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა, სამსახურმა პარტნიორებისგან გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას არც ოფიციალურ და არც პირად შეხვედრებზე, არც ღია და არც დახურული არხებით არავითარი მტკიცებულება არ მიუღია. მეტიც, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე. აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში, არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. წარსულშიც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მდიდარი ენჯეოების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უხერხულობები ექმნებოდა. თუნდაც, რად ღირს არჩევნების პარალელური ხმის შედეგებთან დაკავშირებული სკანდალი, რომლითაც ერთ-ერთმა მდიდარმა ენჯეომ უმძიმესი უხერხულობა შექმნა. ორიოდე კვირის წინ, საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი, რომელთანაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს ძალზე პროდუქტული შეხვედრები. გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამ ვითარებაში, მდიდარი ენჯეოების განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებამ შექმნა სერიოზული უხერხულობა ურთიერთობებში. ენჯეოების შესაბამისი ძალისხმევა, გარდა სხვა მიზნებისა, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების ინტერესითაც იყო ნაკარნახევი.თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ეს საკითხი საჯარო დისკუსიაში წინა პლანზე არ წამოგვეწია, რათა უხერხულობა კიდევ უფრო არ გაგვეღრმავებინა. ამ ფონზე, როდესაც მდიდარი ენჯეოები თავად ცდილობენ თავისივე გაფუჭებულის აქტუალიზაციას, ვფიქრობთ, ეს ფაქტი საგანგებო შეშფოთებას იმსახურებს. ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, დღეს ცდილობენ ძველი ხელოვნური უხერხულობების დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამით, ახალი უხერხულობების შექმნას, რის გამოც იძულებულს გვხდიან, მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ. ისიც ნიშანდობლივია, რომ მდიდარი ენჯეოები ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება. ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი ენჯეოები არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ ენჯეოებს არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და ყველანაირად ცდილობენ, ამ ურთიერთობებში ძველი, უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. აღნიშნული ენჯეოები სწორედ იმიტომ აპროტესტებდნენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ სურდათ, საკუთარი უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გაეხადათ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმების და მათი დაფინანსების წყაროების გაშიფვრის ეშინოდათ. ახლა, მდიდარი ენჯეოები ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ. იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული. დარწმუნებული ვართ, ქალბატონი რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რისთვისაც მმართველი გუნდი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს.

16 ოქტომბერი, 2023

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. მიმდინარე კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში, რათა საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ არგუმენტები იმ პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. მიმდინარე კვირაში პარლამენტი ასევე მოისმენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და სახალხო დამცველის ანგარიშებს. „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს, ხოლო ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარდგება. პარლამენტი ასევე იმსჯელებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

16 ოქტომბერი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითაც ის უხეშად დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამოსახსნელი ჰქონდა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი:- საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია;- სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული ამ კონსტიტუციური დანაწესის შესახებ და ის საქართველოს მთავრობისგან სისტემატურად ითხოვდა თანხმობას როგორც სამუშაო, ისე ცერემონიული ვიზიტების განხორციელებაზე;- თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მეტიც, განზრახ და უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული.

02 ოქტომბერი, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად, ჩვენმა კანდიდატმა 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობას ვუხდით პარტიის საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის. ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტი მისცემს ხმას. ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში.

18 სექტემბერი, 2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. „დღეს, როგორც მოგეხსენებათ, შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც, ტრადიციულად, ვიმსჯელეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, განვიხილეთ საპარლამენტო დღის წესრიგის საკითხები. რა თქმა უნდა, მსჯელობა შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მით უმეტეს, ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომლებზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, ამაზე შევჯერდით დღეს, უმრავლესობის სხდომაზე და მინდა შევეხო ოთხივე საკითხს: • 1. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისათვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე, მასთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ. ეს იყო პირველი საკითხი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სრულად ვპასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას. • 2. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიცირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას - ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად ვპასუხობთ. • 3. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში; • 4. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.   ანუ იყო 4 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი. გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში „მანივალის“ რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ; ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი; ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ; გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს იყო 4 დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ. როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისებრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.

04 სექტემბერი, 2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე. საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. აღინიშნა, რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტები შესაბამისი დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. ​სხდომაზე ასევე იმსჯელეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადავადებაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

01 სექტემბერი, 2023

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, გარდა სხვა საკითხებისა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტზეც ვიმსჯელეთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება.

14 აგვისტო, 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.   „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას. გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, მან დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. ბატონი გიორგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით. გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას. გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში!

29 მაისი, 2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით: საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით;პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას;საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს. სხდომაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და „სახალხო ალიანსს“ გამარჯვებას და მიაჩნია, რომ მათი გამარჯვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია.