12 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავში და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე უკვე საპარლამენტო ფორმატში – ირაკლი კობახიძე რუსთავი და გარდაბანი იმსახურებს და ყოველთვის იმსახურებდა ღირსეულ კანდიდატს. ბევრი ადამიანის შესახებ გვქონდა დადებითი რეკომენდაციები, ძალიან ბევრი ადამიანი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ მართლა საუკეთესო. ირაკლი შატაკიშვილმა უკვე დაამტკიცა გუნდში, რომ შეუძლია აიღოს პასუსიხმგებლობა კონკრეტულ თემებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმოქმედოს სწორად და  ბევრი საკითხი გადაწყვიტოს - მამუკა მდინარაძე კანდიდატის წარდგენას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო დალაქიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ

10 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ისეთ საკითხზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც დღეს მოგიწვიეთ, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული  შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა - არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება. ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16   33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია:  სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. „გადაწყვეტილებები“:   „გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. „სხდომა“ ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე! სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა.

09 თებერვალი, 2022

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.   შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.   აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.   შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოსა და ფართო რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.   ტომ ტუგენჰატმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.   შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.   საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

09 თებერვალი, 2022

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ მაკფოლს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შალვა პაპუაშვილმა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გააცნო.ჯონ მაკფოლმა დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მზაობა, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

09 თებერვალი, 2022

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს ლინდსი ჰოილს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის  და სხვა მიმართულებებით. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთანავე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერისთვის. ლინდსი ჰოილმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და, აგრეთვე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

02 თებერვალი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

02 თებერვალი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში.

30 იანვარი, 2022

„ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. განისაზღვრა პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებები. შეხვედრებს ესწრებოდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და აქტივი.

20 იანვარი, 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

დღეს, წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად. დღეს უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა.

29 დეკემბერი, 2021

შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში

მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პარლამენტის წევრებო, მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია. ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირსპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის. ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

24 დეკემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. ჩვენი მხრივ, მე „ქართული ოცნების’’ პოლიტიკური გუნდის სახელით, კახას ვუხდით დიდ მადლობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო. ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას. პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია არ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. შალვა წლების მანძილზე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აგრეთვე უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. შალვა პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციის მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტიის შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. წარმატებებს ვუსურვებ შალვას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. აგრეთვე, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ამ თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ გიორგის. ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის!

23 დეკემბერი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას.

18 დეკემბერი, 2021

მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან „ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

საქმეზე პარლამენტში არცერთი მათგანი არ შემოდის, აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს და ამ ფონზე შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ პიარული სვლა, რომელიც ემსახურება ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები და აქეთ ვდგავართ ისინი, ვისაც თურმე ეროვნული შერიგება არ გვდომებია. ისეთი მესიჯი დააჰედლაინეს - როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? მაგრამ შეგნებულად ვიმეორებ: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს შეიძლება გულში ან ტვინში გაკრა რაღაც კეთილშობილურმა იდეამ, მოინანია რაღაც დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ - მამუკა მდინარაძე.

26 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადება

დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა! ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ. იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიღწიონ! დღეს გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან!

15 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

13 ნოემბერი, 2021

ირაკლი კობახიძის განცხადება

ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია. მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის - გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა. ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს. ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ. რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას: ▪ როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი (ასეთია ორი ოფიციალური ბრალი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ორივე საქმის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის; ამასთან, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა)? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი ▪ როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი ▪ როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - არა ▪ როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - არა ▪ როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - კი ▪ ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია - თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში - კი ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი! ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია? 2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს. სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა. ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები. თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს. მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ.

12 ნოემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორი ჯგუფები, ყოველგვარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს.  ამჯერად, როგორც საზოგადოება საკუთარი თვალით ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს, საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების - იმ ადამიანების ლანძღვისა და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ. მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრისა და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი დადონ სასწორზე სახელმწიფოს სამსახურისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. დღეს, ქართული პოლიცია დგას სახელმწიფოს სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისა და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა, მოახერხეს და წინა რეჟიმის პირობებში, პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და შიშის ნაცვლად, დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ!  ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვასამართალხამცავი უწყების წარმომადგენელს მოთმინებისთვის, მათი დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.