11 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის. დეტალებს რომც არ ჩავუღრმავდეთ, უკვე ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ. რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ასევე სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიის - „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად. აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, მეხუთე კოლონას ნაციონალური მოძრაობის სახით, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში. როგორც ცნობილია, ამ მიზნის გამჟღავნებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ, თუმცა, დავით უსუფაშვილს გუშინ წამოცდა ის, რაც არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა. კერძოდ, მან გუშინ, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ომში რუსეთთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგება ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს არც ომში ქვეყნის ჩართვას და არც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაუმართლებელი, გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. საზოგადოებას მოვუწოდებთ, სათანადოდ შეაფასოს რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ტელევიზიების მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და გამოიჩინოს მაქსიმალური განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პროვოკაციების მიმართ.

09 მარტი, 2022

„ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც იცით, უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მსგავსი პრეცედენტი დღეს არ ფიქსირდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს და ა. შ. საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ. მაგალითად: 1. ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება. რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით-ხოლმე საინფორმაციო სივრცეში:როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. 2. რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, მათ მართლაც ჰყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს. 3. უკვე რამდენიმე დღეა მიდის კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კერძო კომპანიების მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა "რატომღაც" ოთხი დღის წინ გამოაგზავნა. 4. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში და ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა დასპონსორებული გვერდები და ვიდეორგოლები, რომლებიც ომის შესახებ პირდაპირ მოწოდებას ეხება. ქვეყნის ფარგლებს გარედან გავრცელებული ამ ვიდეოეორგოლების პათოსს ირიბად და ხანდახან პირდაპირი მინიშნებებითაც კი რადიკალური ოპოზიციის აქტივი და მათი ლიდერები ამძაფრებენ ვითომდა მორალურ, ეროვნულ, ვაჟკაცურ ემოციებზე მითითებით და ამგვარად ცდილობენ შეფუთონ მათი მხრიდან ომის პროპაგანდა. 5. დაფიქსირდა ცრუ ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ თითქოს ხდება ქართული სამხედრო ძალების ცალკეული დანაყოფების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. თუმცა ამ ფეიკის მხარდაჭერას ისეთივე ღია ფორმებით, როგორსაც წინა შემთხვევებში, ვერ ბედავენ. 6. გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ ემოციურ ფონზე ამისი გატანა მარტივად შესაძლებელია და აორგანიზებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლითაც ისინი დისკრიმინაციის, ჩაგვრის და სხვა სახით ზემოქმედების გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ დისკრიმინაციის ეს კამპანია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურ სიბნელეს და შუასაუკუნეების მიდგომას წარმოადგენს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს და შეიცავს პროვოკაციის მომეტებულ რისკს საქართველოს ომში ჩათრევის უკვე კარგად გაშიფრულ ინტერესთან მიმართებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ და სხვა კამპანიების პარალელურად, სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე. წ. "ლაივვიდეოების" ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი მიზეზების შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. მოცემულ სიტუაციაში დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ერთი მხრივ რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე, არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას, იხოცებიან ადამიანები და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია იმავე სახელმწიფოს მიერ, დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მეორე მხრივ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ ფონზე მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვა და კამპანიის ლობირება საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი. საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას ომი, რომელმაც შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას, ნუ წამოეგებიან მათ ყოველდღიურ, ძირითადად ფეიკებზე აგებულ პროვოკაციებს და საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს. ახლა მთავარია ვიაროთ სწორი მიმართულებით და მართლები ვიყოთ არა რომელიმე რევანშისტული პარტიის მიერ შექმნილ საომარ ნარატივთან, არამედ ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სამშობლოს, მისი უსაფრხოების და ეროვნული ინტერესების წინაშე, რისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

07 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს, საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხის არსს, რომელიც გახდა ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადების მიზეზი:როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმაც განმარტა, მოთხოვნა რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს ვერც რუსეთ-უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ - მათ შორის თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ - განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას. გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც ეს შედის და ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ნაციონალური მოძრაობის.სინამდვილეში, მათ, იგივე მეხუთე კოლონას საქართველოში, არ ადარდებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მოგვიანებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი. საქართველო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოსახატად და ამავდროულად, საქართველოში მშვიდობის და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

04 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან. დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას. ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.დასასრულს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ყველა მიმართულებით სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად.

02 მარტი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე - ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვ. თუმცა, არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი. ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ. როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ. სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობების ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს. ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა. 2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც. გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ. გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე.

28 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეგიონის წინაშე არსებულ სერიოზულ რისკებზე. ჩვენ, ასევე განვიხილეთ აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟი და ის თავდასხმები, რომელიც საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიმართ ხორციელდება. სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის. საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ და ამის კვალდაკვალ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ამ ფონზე, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა. ნიშანდობლივია, რომ ამ მოღალატეობრივი მოქმედებების ავტორია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო და ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი მათგანისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ. გარდა ამისა, ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში არა ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები. გახსოვთ ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო სამწუხაროდ ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა მიატოვეს, უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ არც ერთი წუთით, არა თუ უკრაინა, თავიანთი სამუშაო ადგილები არ მიუტოვებიათ და თავის საქმეს აკეთებდნენ, ამის შემდეგ დაუწყეს მხოლოდ მადლობის გადახდა და ქება. ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევები არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს, შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი - ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და იცით შესაბამისი დოკუმენტები, მხარდაჭერა, ხელმოწერები, რაშიც სხვათა შორის იმ ადამიანებმა, ვინც ამ ე.წ. ტურბულენტობას უზრუნველყოფს, მონაწილეობა არ მიიღეს. ასევე იცით, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ამ ფონზე შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციისთვის და იმ რისკების გაღრმავებას ემსახურება მხოლოდ, რა რისკებიც წინაშეც ამ შემთხვევაში ცივილური სამყარო დგას.

23 თებერვალი, 2022

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადება

როგორც იცით, ამ დღეებში ჩატარდა ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციამ აქტიურად იმუშავა და მხარი დაუჭირა ევრონესტის ბიუროს გზავნილებს, რომელიც ეხებოდა უკრაინას და იყო მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი.სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან დელეგაციის შემადგენლობაში, საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა სხდომაში. ამავდროულად, სხვა ინფორმაციების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციის შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შეიძლება ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება იყოს. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული. რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია. მოვუწოდებთ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს!

20 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი და ეკა სეფაშვილი ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებსა და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. რაჭით დასრულდა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონებში. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიწყება მზადება ქალთა ორგანიზაციის ყრილობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ, თბილისში ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

19 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან მგალობლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. 20 თებერვალს შეხვედრა გაიმართება ამბროლაურში. შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის ორგანიზაციებთან.

19 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის გონიო-კვარიათის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.

18 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე. 19-20 თებერვალს შეხვედრები გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და ამბროლაურში. შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის მხარეში.

18 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები. დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში.

17 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი, ლექსო დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დმანისის მერი კობა მურადაშვილი, ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური, წალკის მერი ილია საბაძე, გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში. 18-20 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში.

14 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს პარლამენტში განსახილველ საკითხებზე და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: საპარლამენტო უმრავლესობა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკოს წევრის პოზიციებზე - გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს; საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე უმრავლესობა მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას; საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას გააცნო ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში გამართული ვიზიტის შესახებ. განიხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას და 2 აპრილს რუსთავსა და ბათუმში გასამართ შუალედურ არჩევნებს.

14 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული, კახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. თელავში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები, შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი. გუშინ შეხვედრები გაიმართა მცხეთაში, გორსა და ბორჯომში, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება.

13 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. დღეს შეხვედრები გაიმართა ასევე მცხეთასა და გორში, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება.

13 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ზაალ დუგლაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დღესვე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდებიან.

13 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მცხეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების  ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. დღესვე შეხვედრები გაიმართება გორსა და ბორჯომში.

13 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით, გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების როლის გააქტიურებას არა მხოლოდ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის.