20 სექტემბერი, 2020
მოგესალმებით, ზესტაფონელებო!
ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მეტალურგიაზე. ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით. ზესტაფონი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, როგორც სატრანსპორტო კვანძიც, თუმცა დღეს სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენ ზესტაფონში გვაქვს, ეს არის სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაშიც ეს ქალაქი ყოველთვის ძლიერი იყო, სადღაც რაღაც კომპეტენციები დავკარგეთ, სადღაც კონკურენტულ გარემოს ვერ გავუძელით და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი. ფეროშენადნობი დღესაც ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსს ფეროშენადნობთა ქარხანა ასწორებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
შემდეგი ნაწილია ელექტროენერგეტიკა და ზესტაფონის, როგორც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის, გადამცემის სატრანზიტო ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევეა სოფლის მეურნეობაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შევუწყოთ ხელი.
ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიაა, ზესტაფონში საკმაოდ კარგად მიდიოდა ტურისტული ნაკადებიც, გზიდან გამომდინარე, მაგრამ აქაც ცოტა გაგვიჭირდა და ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ახლობლები, მოხუცები, გავითვალისწინოთ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ ამ ეკონომიკურ კრიზისსაც გავუძლოთ და ყველაზე კარგი, სწრაფი აღდგენა გვქონდეს საქართველოში, რისი შესაძლებლობებიც, მერწმუნეთ, გვაქვს.
მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას შეცვლის ზესტაფონში რიკოთის უღელტეხილი. ვინც მოძრაობთ საქართველოში, თბილისიდან დასავლეთით, ყველანი ხედავთ, რა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. 94 ხიდი, 56 გვირაბი, ურთულესი საინჟინრო ინფრასტრუქტურა კეთდება და 4 წელში უკვე თბილისიდან ზესტაფონამდე სულ რაღაც 2 საათი დაგვჭირდება, რაც, რა თქმა უნდა, მობილობას გაზრდის. იმედია, უკვე Covid-19 დამარცხებული გვექნება და ეს მობილობა არ იქნება რისკი ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და ეს პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობებზე. ჩვენ ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ზესტაფონში და ზოგადად, საქართველოში.
ჩვენ ყველანი ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში - გზა, წყალი, გაზი, ელემენტარული, ცხოვრების ნორმალური პირობები რომ შევქმნათ და მომავალ თაობას დავუტოვოთ. ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურის გარდა არის სხვა მიმართულებებიც, არა ფიზიკური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი. ბავშვებისთვის - განათლება, მოხუცებისთვის - პენსია და სოციალური დახმარება, ჯანდაცვის გამართული სისტემა, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ღირსეულად ვიშრომოთ და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. სწორედ, ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ მთელი რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, „დანერგე მომავალი“, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინიციატივის მქონე მოქალაქეებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, გადადგას პირველი ნაბიჯი, მაქსიმალურად მივეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ზესტაფონში, თქვენს იუსტიციის სახლში ყველა ეს პროგრამა თავმოყრილია და თითოეულ ადგილობრივს შეუძლია მივიდეს, მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და დაიწყოს საქმე. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, მესმის, რომ ყოველთვის რთულია და ახალგაზრდა ადამიანსაც აქვს შიში, პირველი ნაბიჯი გადადგას, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ოჯახზე, შემდგომ უკვე მეზობელსა და ნათესავზე, მაგრამ მერწმუნეთ, სახელმწიფო იქნება თქვენს გვერდით.
ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯი, ღირსეულად არჩინონ ოჯახი, შექმნან ძლიერი ბიზნესი, რადგან ვერავინ ვერასდროს შეცვლის ბიზნესის როლს. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ძლიერი, პირად ინიციატივაზე დაფუძნებული და ამ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს თანაბარ პირობებში, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანი ცხოვრობს ზესტაფონში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად დაახლოებული, თანაბარი პირობები და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, რომ სამართლიან პირობებში ადამიანს შეუწყოს ხელი, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მისი ინიციატივა იყოს წარმატებული.
ასე უნდა აშენდეს ძლიერი ზესტაფონი, ძლიერი რეგიონი და ძლიერი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და რა თქმა უნდა, ევროპული სახელმწიფო. ამ მიმართულებით, არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. მერწმუნეთ, გამარჯვების შემდეგ, როდესაც მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ყველა იტყვის, რომ ამ საერთო საქმეში მასაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რა პოზიციაზე, ან რომელ მხარეს არის. მთავარია, ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ 31 ოქტომბერს. გამარჯვებას გისურვებთ სამართლიან ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძეს აქ ჩემი ქება და წარდგენა არ სჭირდება, აქაური კაცია, ჩემზე უკეთ შეაფასებთ მას, ჩემზე უკეთ იცით, რისი გამკეთებელია, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს ადამიანი იქნება ზესტაფონელების ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გამარჯვებას გისურვებთ!