×

19 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე

მოგესალმებით, წყალტუბოელებო!
წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია. წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დასრულდება. საერთოდ, საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, ის შესაძლებლობა, რომელსაც წყალტუბო შექმნის დასაქმების, მკურნალობის, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, იქნება უნიკალური, თუმცა ამას დასჭირდება 24-საათიანი მძიმე შრომის წლები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს და რა თქმა უნდა, საქართველოს. მიუხედავად იმ ფრთხილი მცდელობებისა, რაც ჩვენ გვქონდა წყალტუბოს განვითარებისთვის, ეს იმდენად დიდი და მასშტაბური პროექტია, რომ ყოველთვის გვიჭირდა მასთან შეხება, მისი წამოწყება.
ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განსავითარებელი და ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იყო ბაკურიანის, გუდაურის, ბათუმის, კახეთის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მერწმუნეთ, წყალტუბოს ჯერი მოვიდა. ეს გადადება არ იყო იმით გამოწვეული, რომ წყალტუბოს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით. პირიქით, ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, თუ სრულად არ ვიქენით მზად იმისთვის, რომ ამას ხელი მოვკიდოთ, საერთოდ შეუძლებელია ამაზე საუბრის დაწყება. თუმცა, გარწმუნებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად ვნახავთ, წყალტუბოს განვითარების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ წყალტუბოში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი „ნამახვანის“ პროექტი მიმდინარეობს, რომელიც არის 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგური და რომლის საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობის ეტაპზე, გარანტირებულად არის 3 000 სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და შემდგომ, ეს არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე უნდა დაიხარჯოს.
ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს არის სამუშაო ადგილები. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ამ ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის შემდგომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, აღორძინება, რათა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, სწრაფად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.
არ უნდა დაგვავიწყდეს და წყალტუბოში განსაკუთრებით ხმამაღლა უნდა ვთქვათ ჩვენს დევნილებზე. მოგეხსენებათ, მინიმუმი, რაც მთავრობას შეუძლია მათთვის გააკეთოს, იზრუნოს მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ელემენტარული საცხოვრებლით დააკმაყოფილოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც, საუბედუროდ, სამშობლოში გახდნენ დევნილები და ამ მიმართულებითაც წყალტუბოში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ კიდევ 3 000 ოჯახს, რომელთაგანაც 2 000 იქნება ახალი საცხოვრებელი, 1 000 ადამიანს კი დღევანდელი საცხოვრებელი დაუკანონდება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, ჩვენი ბავშვები, რომელთა განათლებაზეც ვზრუნავთ და ამიტომ გვაქვს სისტემური რეფორმა განათლების სისტემაში; ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა და ამიტომ გამოვიტანეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არ არის დამოკიდებული არჩევნებზე და პარტიულ ცვლილებებზე, არამედ კანონი განსაზღვრავს ყოველწლიურად პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას; ჩვენი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები - ეს ის ხალხია, რომელზეც ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უკეთესად მოემსახურონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
რა თქმა უნდა, წყალტუბოში არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი სოფლის მეურნეობაზეც, იმიტომ, რომ უაღრესად ნაყოფიერი მიწა გაქვთ. ისევე, როგორც ბალნეოლოგია იყო წყალტუბოს ნიშანი, სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგებიც იყო წყალტუბოსთვის დამახასიათებელი და წამყვანი. ჩვენ აქ უახლოეს მომავალში დავბრუნდებით კონკრეტული წინადადებებითა და პროექტებით, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აქ, პირველად საქართველოში, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული კლასტერი, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული კულტურების წარმოების და შემდეგ მათი გადამუშავების, დასაწყობების, დაფასოების და უცხოურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ქუთაისის აეროპორტს და ეს ინფრასტრუქტურა ამ ზონაში მოეწყობა.
ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2012 წელს და უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იქნება ოქტომბრის არჩევნები, იქნება არჩევნების ხარისხი, იქნება ის, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას შეეძლება, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში წარმოაჩინოს თავი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც იმიტომ, რომ აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული სოფლის, რაიონის და რეგიონის პრობლემები, იქნება ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს აშენება. გამარჯვებას გისურვებთ!