×

19 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე

მოგესალმებით, სამტრედიელებო!
დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მომავალზე საუბარი. ასევე დიდი პატივია, დღეს სამტრედიაში მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად.
წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ეს წარსული იყო ამ ქალაქის სიძლიერის წარსული. სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში, თავისი სარკინიგზო, სატრანსპორტო კვანძით და სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ, ეს ფუნქციაც შენელდა, დაიკარგა. ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფუნქცია, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს.
ყველამ კარგად იცით, რომ სახელმწიფო, დიდ, მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ჩვენც, ყველანი აქ ვსხედვართ და იძულებული ვართ პირბადით ვიყოთ, არც ერთი დღე, არც ერთი სისტემური პროექტის, ჩქაროსნული გზის მშენებლობა არ გაჩერებულა. ესეც სამტრედიის მომავალია, იმიტომ, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა და შემდეგ უკვე სამტრედია-გრიგოლეთის გზა, სულ სხვა ხარისხის სიცოცხლე იქნება აქ.
აქაურ ახალგაზრდებს არ დასჭირდებათ, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. მათ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიიღონ საბაზისო სერვისები - განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა, ყველაფერი ისეთი, როგორც სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, სამტრედიის სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას, ასევე, დაემატება აეროპორტი. ქუთაისის აეროპორტს კი ეძახიან, მაგრამ ეს აეროპორტი სამტრედიასთან უფრო ახლოს არის და მას თავისი ფუნქცია აქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. ეს ფუნქცია ამ ქალაქს ისტორიულად ჰქონდა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ რაღაც ახალი მოვიგონოთ, უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ყოველთვის ვიცოდით და რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სამტრედია სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ და მივეხმაროთ ჩვენს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ვიდრე ჩამოვიდოდი, ციფრებში ჩავიხედე და ცოტა ნაწყენი დავრჩი, იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროგრამას სთავაზობს, განსაკუთრებით გლეხებს. რაც ვნახე, 2012 წლიდან, სამტრედიაში სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით დაახლოებით 16 მლნ ლარია გამოყენებული, ეს ძალიან ცოტაა. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სამტრედიაში გაშენებულია ახალი, თანამედროვე ინტენსიური კულტურებიც, სულ რაღაც 60 ჰა, საერთოდ არაფერია ეს. მარტო სამტრედიაში არ ხდება ეს, სხვაგანაც ასეა. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქში, მათ შორის, სამტრედიაშიც საზოგადოებრივ ცენტრში, ან იუსტიციის სახლში ზუსტად იმავე სერვისებს მიიღებთ, რისთვისაც გიწევდათ თბილისში ჩასვლა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას, რომელიც მზად არის, დაიწყოს თავისი საქმე, გახსნას ბიზნესი, ეს იქნება ტურისტული, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო, არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო მას უნდა მიეხმაროს, წაახალისოს და მივეხმარებით. აქ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა, არა მთავრობას და სახელმწიფოს შეჰყურებდეს ხელში, არამედ გადადგას პირველი ნაბიჯი, დაიწყოს თავისი საქმე. მას, რა თქმა უნდა, მიხმარება სჭირდება, იმისთვის, რომ ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ დაეხმაროს მეზობელს, ნათესავს და ასე გაძლიერდეს ნელ-ნელა, გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ამისთვის კეთდება ყველა ეს პროგრამა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პირველი ნაბიჯი გადადგან. ეს არ არის მარტივი, რთულია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც არ შეეშინდება, ვისაც ცოდნა, ინიციატივა აქვს, სახელმწიფო დაუდგება გვერდით. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაიცვას, საერთოდ არავის ახსოვდა ეს წლების წინ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს სხვაობა არ ჰქონდეთ, დაიბადებიან ისინი თბილისში, ბათუმში, დიდ ჯიხაიშში, თუ კიდევ სხვაგან, მათ ერთნაირი დონის განათლება უნდა მიიღონ და ამისთვის ტარდება განათლების რეფორმა. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსული პოლიტიკური ძალა დაპირდება თუ არ დაპირდება პენსიის გაზრდას. სწორედ ამიტომ შევცვალეთ ჩვენ ეს საკანონმდებლო დონეზე და დღეს გარანტირებულია პენსიის ზრდა ყოველწლიურად, ის ეკონომიკურ ზრდასთან მიბმულია.
სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი, ძლიერი პოლიციელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ, რადგან ეს არის სახელმწიფოს განსახიერება, ეს ის ხალხია, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე.
ადამიანი ხვდება ჩვენი ყოველი ნაბიჯის, ყველანაირი პოლიტიკის ცენტრში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ერთად, ერთობლივი შრომით ქვეყანას, სისტემურ ინფრასტრუქტურას მოვიყვანთ წესრიგში, მას შემდგომ, რაც გვეყოლება ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი და პოლიციელი, გვეყოლება ღირსეული სიბერის მქონე პენსიონერი, ვიზრუნებთ ბავშვებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თანაბარი პირობები უნდა შევქმნათ თითოეული ადამიანისთვის და მივცეთ საშუალება, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ყველამ კარგად იცით, რომ სამტრედიაში დღეს ძალიან მწვავე პრობლემებია, როგორიც არის წყალმომარაგება. სამტრედიის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მისახედია. უნდა გავაკეთოთ, ისევე, როგორც სარწყავი წყალი. თქვენს შემთხვევაში, ზოგჯერ წყალი გასატანია, პირიქით, საირიგაციო სამუშაოები სხვანაირად არის გასაკეთებელი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი.
ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის, სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძე, ადამიანი, რომელიც ამ კუთხის შვილია, რომელსაც უმუშავია გუბერნატორად და ზედმიწევნით ზუსტად იცის თითოეული სოფლის, თითოეული რეგიონის პრობლემა, იქნება სამტრედიელების ღირსეული ხმა ქვეყნის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველანი ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!