03 სექტემბერი, 2020
დიდი პატივია აქ, ჯამბაკურ-ორბელიანის სახლ-მუზეუმში ყოფნა. გარდა ამისა, ლამისყანაში საოკუპაციო ხაზიდან აქვე, ხელის გაწვდენაზე. დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის სამშობლოში ყოფნა და თქვენთან საუბარი და რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოში ყოფნა.
შეუძლებელია, ამ გარემოში, ამ სახლ-მუზეუმში, არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო და ის გმირი ქართველები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ - კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპაცია არის, ყოველდღიურად იქნება ჩვენთვის პრობლემა, ვიდრე მას არ მოვაგვარებთ. როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოში ქვეყანა გავაძლიეროთ, ეკონომიკა გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე, გაძლიერდეს და კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზს იქით, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა, ნახონ ეს სხვაობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის მიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ კასპში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როდესაც ვდგებით და ვიწყებთ ჩვენს სამუშაო დღეს, განსაკუთრებით კასპში, არ არსებობს არანაირი მიღწევა ან წარმატება, რომელიც არ იქნება განპირობებული ოკუპაციით. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ეს არ არის მხოლოდ მიწა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში გახდნენ დევნილები. შეუძლებელია ჩვენ ქვეყნის გამარჯვებაზე ან წარმატებაზე ვისაუბროთ, ვიდრე ამ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში ერთი ადამიანი მაინც იქნება დევნილი. ამიტომ, წარმატებული, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ეს არის ის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მიზანს ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვაღწევთ - ვაღწევთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის.
ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არის ერთადერთი გზა, როგორ შეგვიძლია დავძლიოთ ოკუპაცია. ყველა ის საქმე, რომელიც დაგვიწყია და ერთად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, აქ კასპში, მიმართულია კონკრეტული ადამიანებისთვის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საგზაო ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე წესრიგშია მოყვანილი და დღეს რაიონული ცენტრიდან სოფელში შეიძლება ნორმალურად მივიდეთ, მაგრამ შიდა სოფლის გზები მოსაწესრიგებელია ბევრგან და კიდევ ბევრია სამუშაო. სასმელი წყალი ამ რეგიონში განსაკუთრებული პრობლემაა. წელს, მაგალითად, დაიწყება კასპში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 1 წლის თავზე, კასპის მუნიციპალიტეტში 400 ჰა მიწის მორწყვას შესაძლებელს გახდის. კასპში დაიწყება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ეს ხომ პირდაპირ ადგილობრივ, მუნიციპალურ ბიუჯეტში შემოსავალია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ეს ფული უფრო ეფექტურად დახარჯოთ.
საერთოდ, ადამიანი, ფერმერი, გლეხი, იქნება სახელმწიფოს, მთავრობის ყურადღების ცენტრში, ვიდრე ის ფეხზე არ დადგება, არ გაძლიერდება და არ შეძლებს თავის მეზობელზე თუ ნათესავზე ზრუნვას. ჩვენ მოსახლეობას უნდა მივეხმაროთ, რომ ყოველდღიური ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინონ ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ. სახელმწიფო პროგრამებს ვთავაზობთ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იშრომოს, იღვაწოს და შექმნას უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე.
კასპში ბოლო 2 წლის განმავლობაში 436 ჰა ბაღები არის განახლებული პროგრამით - „დანერგე მომავალი“. ეს, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა დარჩეს არც ერთი ძველი ბაღი. დღეს კი ვამბობთ, რომ გლეხს გვერდით დავუდგებით და არასტანდარტულ ვაშლს მივიღებთ იმისთვის, რომ ადამიანის შრომა დაფასდეს, მაგრამ გვერდზე ხომ არის თანამედროვე ბაღი, რომელიც პროგრამით - „დანერგე მომავალი“ გაკეთდა და სულ სხვა სტანდარტებისაა, მას დახმარებაც არ სჭირდება, ევროპული ბაზრისთვის გამზადებული პროდუქტია. ჩვენი ამოცანაა, ამაში მოგეხმაროთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ ქართლში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის დაღუპული ბიჭები და ის ხალხი, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ოკუპაცია არ არის ერთი, გამქრალი მოვლენა. ყველამ კარგად იცით და თქვენზე უკეთესად არავინ იცის, რა ხდება - ადამიანების მოტაცება, დატყვევება, დაპატიმრება. დღესაც გვყავს 3 ქართველი, რომლებიც მძიმე დღეში არიან და რომელთაც ყოველდღიურად დახმარება სჭირდებათ. ამიტომ შრომა, კეთილსინდისიერება, ქვეყანაზე ფიქრი და რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მძიმე ყოველდღიური შრომით, იმისთვის, რომ ის წარმატებები და ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით, იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ იყოს ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის.
რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც დაწყებული გვაქვს. გიორგი ხოჯევანიშვილი არის ამ კუთხის ღირსეული შვილი. ის რამდენიმე წელი იყო გუბერნატორი. არავინ მასზე უკეთ არ იცის კასპში, გორში, სად რა პრობლემაა. მას არჩევნების მეორე დღიდანვე შეუძლია, დაჯდეს და დაიწყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქ არსებობს და დარწმუნებული ვარ, თქვენი ღირსეული ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ რაც მთავარია ღირსეულ და სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს, გამარჯვებას გისურვებთ!