×

02 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები სოფელ კვარხეთში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით გაშენებულ ვაშლის ბაღში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სოფელ კვარხეთში, ვაშლის ბაღი -  „ტირიფონის ბაღები“ დაათვალიერეს.

კომპანია ქართველ მევაშლეთა შორის ამ დროისთვის ერთადერთია, ვინც GlobalGAP სერტიფიკატს ფლობს.

„ტირიფონის ბაღები“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 7 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 5 მილიონ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანიაში მუდმივად 20-მდე თანამშრომელი, სეზონურად კი 50-მდე დასაქმებულია.

2019 წელს, კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროგრამის დახმარებით, დაიწყო 1000 ტონაზე გათვლილი თანამედროვე სამაცივრე საცავის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულება 2,1 მილიონ ლარს შეადგენს და რომლის დასრულებაც სექტემბერში იგეგმება.