×

30 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ხულოში

მოგესალმებით აჭარის და საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ხულოში!
ჩემთვის პატივია აქ, თქვენთან ყოფნა და საუბარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომავალზე, მაგრამ, ვიდრე ამ საუბარზე გადავალთ, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს კუთხე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო სამაგალითო. მთიანი აჭარა, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბუნებით, განვითარების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ბათუმთან ერთად, არის უნიკალური პოტენციალის მატარებელი კუთხე საქართველოში.
თქვენი წარმატება და ის, რაც ბათუმსა და აჭარაში ხდება, აჭარის განვითარება, ყოველთვის იყო, არის და იქნება საამაყო თითოეული ქართველისთვის. ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა. ხულოს მუნიციპალიტეტში რა გაკეთდა, ამაზე არ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ამას ყველა ხედავს. ამას არ სჭირდება დამატებითი სიტყვები. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც იქნება მომავალში.
იყო ისეთი დაპირებები, რომელიც ცოტა უფრო ადრე უნდა განგვეხორციელებინა, როგორიც არის, მაგალითად ხულო-ზარზმის გზა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადრე უნდა დაწყებულიყო და ადრე დამთავრებულიყო, ეს გზა უკვე დაიწყო და უახლოეს 3 წელიწადში დასრულდება. ეს არ არის დაპირება, ეს უკვე საქმეა. ეს ისეთი საქმეა, როგორიც ბევრი დავიწყეთ და დასასრულებელი გვაქვს, ისევე, როგორც ხულოს და მაღალმთიანი აჭარის გაზით მომარაგება. მაგისტრალური გაზი აქ უკვე გამოყვანილია, დაერთება დროის საკითხია და ესეც, სისტემური ინფრასტრუქტურის მოგვარების თემაა.
შემდეგი თემაა სასმელი წყალი, რომელიც ასევე უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ჩვენს მომავალ თაობაზე, ინფრასტრუქტურულად სკოლები მოვიყვანოთ წესრიგში, ავაშენოთ ახალი საბავშვო ბაღები და ა.შ ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ამის გაკეთების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ხულოში და მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს, არაფრით უნდა განსხვავდებოდეს ადამიანისგან, რომელიც ბათუმში ან თბილისში ცხოვრობს. მათ თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, იმის მიუხედავად, რა წინააღმდეგობები გველის წინ.
არ იქნება მარტივი, პანდემიაა, ეკონომიკური კრიზისია, ყველა კარგად ვხედავთ, მაღალმთიან აჭარას როგორ დაეტყო ტურისტის შემცირება. ჩვენ ახლა გადასულები ვართ შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. მთავარია ის, რომ უნდა გვჯეროდეს და ვიცოდეთ, რომ ერთად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა მოვუაროთ ამ კუთხეს და ამ ქვეყანას იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, გამართული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაც უნდა დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს და ჩვენს შვილებს.
დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენი არჩევანიც მოგვეხმარება, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხულოს ხმას როგორც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ და რომლებსაც თავიანთი ცხოვრებით, განვლილი გზით დაუმტკიცებიათ, რომ პირველ რიგში ზრუნავენ მაღალმთიან აჭარაზე, ხულოელებზე და რაც მთავარია, ადამიანზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ 31 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიანად. გამარჯვებას გისურვებთ!