30 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, შუახეველებო!
აქ, ამ საოცარ ბუნებაში, საოცარ ადამიანებთან ერთად ყოფნა დიდი პატივია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც დღეს აქ ვართ. ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული. გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი.
შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, სადაც ბევრი რამ გაკეთდა თითოეულ ციხესიმაგრესთან, თითოეულ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ყველგან უნდა მივიყვანოთ, ყველგან უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, მეტი სტუმარი მიიღოს ამ მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ აჭარაც და საქართველოც გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს და ყველას დავანახოთ, რომ ეს არის წარმატებული ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებით და თავისი მომავლით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტიდან ძირითად სოფლებამდე გზები ასე თუ ისე წესრიგში მოვიყვანეთ, შიდა სასოფლო გზები ყველგან გასაკეთებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაზიფიცირება დასასრულებელია და მაღალმთიან აჭარაში ერთხელ და საბოლოოდ გაზი უნდა შევიდეს, ისევე, როგორც შუახევში სასმელი წყლის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბაღი გარემონტდა, მუნიციპალიტეტის დაახლოებით 10 ბაღში ჩატარდა რეაბილიტაცია, ესეც არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია. შუახევში ტარდება სკოლის რეკონსტრუქცია, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს, მუსიკალური სკოლით, ინფრასტრუქტურით. არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს, ბავშვი იზრდება თბილისში, ბათუმში თუ შუახევში. ყველგან უნდა ჰქონდეს ერთნაირი წვდომა მაღალი ხარისხის განათლებასთან.
მთლიანად აჭარაში, ისევე, როგორც შუახევში, მიწის რეგისტრაცია სისტემური პრობლემა იყო, რომლის გადაწყვეტა, ნელ-ნელა დავიწყეთ და სისტემურ მიწის რეგისტრაციასთან ერთად, 3 წელიწადში, ეს პრობლემა საბოლოოდ უნდა მოვაგვაროთ. ბევრი მაგარი, მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლომდე ერთად უნდა მივიყვანოთ.
ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ფერმერი. ფერმერი ნიშნავს იმას, რომ ძლიერია და გარდა თავისი ოჯახისა, მეზობელს, ნათესავს დაასაქმებს და სხვა ოჯახებსაც შემოსავალს გაუჩენს. ყველა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ, გლეხის, ფერმერის მხარდასაჭერად ვახორციელებდით, გაძლიერდება და გაგრძელდება. ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამუშავებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და აჭარაში მოდის, სახელმწიფო გლეხს მიეხმარება. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და რაც მთავარია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ამ ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას, ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ. მაშინ ვიქნებით წარმატებული ხალხი და მაშინ გვეთქმის ჩვენი მომავლისთვის, რომ ვიშრომეთ იმისთვის, რათა კეთილსინდისიერად, კეთილი და წარმატებული მომავალი დაგვეტოვებინა ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი.
ჩვენ არავისთან ბრძოლა და ომი არ გჭირდება. ყველაზე კარგად ვიცით, სად, რომელ ქალაქში, სოფელში და რომელ დაბაში რა არის გასაკეთებელი. ამაში ვერავინ გვაჯობებს. ყველაზე ეფექტიანი მთავრობა არის და იქნება, იმიტომ, რომ ადამიანზეა ორიენტირებული. მისი ზრუნვა მიმართულია იმისკენ, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს შეუქმნას იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად, სამართლიანად და კეთილსინდისიერად იშრომოს და არჩინოს თავისი ოჯახი. ეს არის ჩვენი მიზანი და შუახევს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი - ბათუმთან სიახლოვე, ტურიზმის ძალიან დიდი ნაკადები, უამრავი ისტორიული ძეგლი, შესანიშნავი ბუნება და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, საუკეთესო ადამიანები.
ეს არის ის, რამაც უნდა გაგვხადოს ჩვენ საბოლოო ჯამში წარმატებული სოფელი, წარმატებული ქალაქი და წარმატებული ქვეყანა. ჩვენი მიზანია ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული, სამართლიანი ევროპული სახელმწიფო და ყველამ იცოდეთ, რომ სწორედ ასეთ სამართლიან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენ გეყოლებათ ღირსეული წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. გამარჯვებას გისურვებთ!