30 აგვისტო, 2020
გამარჯობა ქედელებო!
დიდი პატივია, დღეს ვიყო აქ. ქედა ხომ შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის უნიკალური ჯიშების და ტურიზმის განვითარების ცენტრად. თქვენ აქ ცხოვრობთ და ყოველდღიურად ჩამოსულ სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და მომავლის იმედს უქმნით აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.
ბევრი კარგი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქედაში ბევრი წამოწყებაა დასასრულებელი. ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ამას ყველამ ერთად უნდა მივხედოთ. უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და თითოეულ ოჯახს ეს პრობლემა უნდა მოვუგვაროთ. მუნიციპალური ცენტრიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, ქედაში, სოფლების შიდა გზებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია და რეაბილიტაცია დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება - ქედის საჯარო სკოლის, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ - თბილისში, ბათუმში, თუ ქედაში, ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას შორის სხვაობა არ უნდა იყოს. ცხოვრების მინიმალური დონე უნდა დაკმაყოფილდეს ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქედაში და, ზოგადად, აჭარაში დაგროვდა, არის მიწის რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ პროგრამა - მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება. პროგრამა განხორციელდება ისეთ დონეზე, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება.
ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორებიცაა გზა, წყალი, გაზი. ნელ-ნელა, ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და მათი პენსია. ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს.
რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გლეხი გახდეს ფერმერი, მას გაეზარდოს შემოსავალი. ქედაში, ყურძნიდან დაწყებული, ციტრუსებით დამთავრებული და არავის არ ეგონოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცეებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო, გლეხს მარტო არ დატოვებს არასდროს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტულის, ასევე სტანდარტულის, ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება გვერდით მომავალშიც.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, რომელ სოციალურ განზომილებაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლოო ჯამში - ქვეყანაზე. მინდა, გისურვოთ გამარჯვება და რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!