21 აგვისტო, 2020
ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა და მე მინდა დავიწყო, პირველ რიგში, მადლობით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ - თითოეულ მოქალაქეს. გლობალური პანდემიის პერიოდში ჩვენ რთული დღეები გამოვიარეთ. თქვენი მხარდაჭერით, მოთმინებით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს რთული დღეები უკან მოგვეტოვებინა. დღესდღეობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ხელისუფლება ახერხებს ვირუსის ეფექტურად შეკავებას და ეს შესაძლებელი არის იმიტომ, რომ თითოეული მოქალაქე, თითოეული თქვენგანი მხარში უდგას სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ჩვენ მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ. ჩვენ გვაქვს გეგმები და გვყავს უკვე გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია, თქვენი მხარდაჭერით, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი საფიქრალი არის მომავალი და მხოლოდ და მხოლოდ მომავალი. ისტორია, რომელიც აქ გარდაბანში არსებობს, ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ მშვიდობიანი, ჰარმონიული თანაცხოვრებით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, ერთად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მე ძალიან მოკლედ შევაჯამებ, რაც ჩვენ შევძელით ერთად ამ წლების განმავლობაში და არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები მხარს უჭერენ ჩვენს სახელისუფლებლო გუნდს, არის ძალიან მკაფიო. ეს არგუმენტები დღეს ხელისგულზეა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც დღეს ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში. ჩვენი შექმნილი პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და მე-10 მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. არამედ, უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების. მინდა, ორიოდ სიტყვით ვისაუბრო ზაურ დარგალზე. ახალგაზრდა ენერგიული კაცი, რომელმაც უკვე საკმაო გამოცდილება მიიღო საჯარო სექტორში და მან, ვფიქრობ, უკვე დაამტკიცა, რომ თქვენი ღირსეული არჩევანია. ყველაზე რთულ დღეებში, როდესაც ეს რაიონები იყო ჩაკეტილი, როდესაც მისი ქალაქი იყო ჩაკეტილი, ის რჩებოდა თავის მოქალაქეებთან ერთად, მათ გვერდით და ბოლომდე, სანამ ყველა ფუნქცია არ აღდგა, სანამ თითოეულ ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, არ მიაქცია ყურადღება, ის ბოლომდე იდგა თავისი ქალაქის და თავისი საზოგადოების გვერდით. მან იცის, რა სჭირდება მარნეულს, მან იცის, რა სჭირდება გარდაბანს და მას ძალიან უყვარს. ის არის უზომოდ თავდადებული ადამიანი თავისი კუთხის და თავისი საზოგადოების. სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო გუნდში, რომ თქვენი ხმა, თქვენთან საუბარი, თქვენთან თანამშრომლობა იყოს შეუფერხებელი და იყოს ეფექტური და შედეგიანი. მინდა გავიხსენო 2010-2012 წლები, როდესაც ზაური მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში. ამ პროგრამას ჩვენ ვახორციელებდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. მაშინ, როდესაც დემოკრატიაზე იყო უპრეცენდენტო წნეხი, ადამიანებს არ ჰქონდათ კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალება, მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული, ან კონტროლირებული და დაბლოკილი, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, ელემენტარულად, ოფისების ქირაობის საშუალებასაც არ აძლევდა ხელისუფლება. როდესაც ეს პრობლემები არსებობდა ქვეყანაში, ზაურ დარგალი მუშაობდა დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში და ჩვენ ერთად შევქმენით ქვეყანაში ცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის, მედიისთვის, ახალგაზრდებისთვის გახსნილი იყო სივრცე. შეიძლებოდა დისკუსია, შეიძლებოდა პოლიტიკური შეხვედრები, მედიასთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ამიტომ და ვინაიდან იმ პროგრამაში ზაური იყო 20 საუკეთესო თანამშრომელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო კადრი და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი თქვენთვის. ვფიქრობ, რომ თქვენი საუკეთესო არჩევანი სწორედ ზაურ დარგალი იქნება და ის საუკეთესოდ შეძლებს, რომ ამ მხარის და თქვენი კუთხის ინტერესები წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია მას და ბევრის გაკეთება შეძლო, ბევრი საქმეები ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა, დამიჯერეთ, რომ პარლამენტიდან ის იქნება არანაკლებ აქტიური და არანაკლებ წარმატებული, ვიდრე დღეს. ერთად გავიმარჯვოთ, ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ერთად გავაკეთოთ ის საქმეები, რაც აქ საზოგადოებას სჭირდება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!