21 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, ძვირფასო მარნეულელებო! მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! ბატონებო და ქალბატონებო! აქედან მივესალმები მთელს გარდაბანს!
მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა საქართველოზე შეყვარებული ამდენი ადამიანის წინაშე ვიმყოფებოდე.
ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან.
მე ამ მუნიციპალიტეტის შვილი ვარ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ იზრდებიან ჩემი ბავშვები და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება.
მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეული თქვენგანის წინაშე, რომ ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში.
მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ერთიან გუნდს, რომ 1 წლის წინ მე საშუალება მქონდა კენჭი მეყარა მერის არჩევნებში. ზუსტად 1 წელი გავიდა და მე დღეს მაქვს საშუალება და უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიყო თქვენი ხმა პარლამენტში.
მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ არა თქვენი უანგარო მხარდაჭერა, თქვენი ნდობა, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვგრძნობდი, ასევე, ჩემი უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი რეგიონი გავითარდეს და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი გუნდის ღირებულება, მე არასდროს ვიფიქრებდი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე.
ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ამიტომ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ. განვახორციელეთ და დავგეგმეთ ბევრი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ იყო მიმართული.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მზად ვარ კვლავ ვემსახურო მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, ამჯერად უკვე მაჟორიტარი დეპუტატის პოსტიდან, რომ გავხდე თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა პარლამენტში.
„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს 2012 წლიდან იმისათვის, რომ მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილი ჩვენი რეგიონისთვის.
ჩვენ განვახორციელეთ ისეთი ისტორიული პროექტები, რომლებიც ვერცერთი მთავრობისა და ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიყვანეთ გზები ისეთ სოფლებში, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა გზა. მივიყვანეთ წყალი ისეთ სოფლებში, სადაც არასოდეს ჰქონიათ სასმელი წყალი.
მარტო წელს მარნეულში 8 ახალი სკოლა შენდება და ამ სიაში ჩვენ ვართ ლიდერები საქართველოს მასშტაბით. გარდაბანში აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი.
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანობასა და პროფესინალიზმზე მეტყველებს.
თუმცა კარგად გვესმის, რომ ჩვენ წინაშე კიდევ უფრო დიდი გამოწვევები დგას, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ.
მეგობრებო, ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ!
ჩვენ გავიმარჯვებთ მარნეულში, ჩვენ გავიმარჯვებთ გარდაბანში, ჩვენ გავიმარჯვებთ მთლიანად საქართველოში!
ერთად ჩვენი სამშობლოს წარმატებისთვის!