21 აგვისტო, 2020
დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი ისტორიის წინაშე და ეს დიდი ისტორია დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. აქ არის მაგალითი, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა, რას ნიშნავს სახელმწიფო და როგორ ესმის თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მარნეულსა და გარდაბანში თავისი სახელმწიფო და თავისი სამშობლო. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ერთად შევაჯამოთ, თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში და ასევე ვისაუბროთ უფრო მეტი მომავალთან დაკავშირებით - რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ერთად ხვალ. თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა. ეს არის ქვეყნის განვითარების და მომავლის ფუნდამენტური პირობა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა და მძიმე დღეებმა, რომელიც ერთად გამოვიარეთ, გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ შორის, მარნეულში. ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული და ეფექტური ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩვენ ერთად შევძელით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, შეგვეკავებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება და დღეს ჩვენი ქვეყანა ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, დღეს ჩვენ გვაქვს გეგმები და დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში სტაბილური ვითარება. ზუსტად ეს არის იმის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტები და ამავე დროს, შევძელით, რომ ერთად ვყოფილიყავით გამოწვევებსა თუ პროგრესში. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გეგმები, ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა - განათლების სფეროში, რეფორმები, დაფინანსების ზრდა, ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერთა დახმარება. მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ახალ ეკონომიკას ოჯახებისთვის, გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და თითოეულს მისცემს თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას. მე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ახალგაზრდებთან დაკავშირებით: დარწმუნებული ვარ, რომ ზაურ დარგალთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ შევძლებთ რომ უფრო მეტი კარი გავუღოთ ახალგაზრდებს, ჩვენ შევძლებთ, რომ თქვენს შვილებს მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში. ორიოდ სიტყვით მინდა ვთქვა ზაურ დარგალთან დაკავშირებით. ახალგაზრდა, განათლებული კაცი. თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ მას, თუმცა, მე მინდა დავახასიათო ის, როგორც ძალიან ეფექტური და პროგრესული საჯარო მოხელე. ვფიქრობ, ამ მძიმე დღეებში, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ზაურმა დაამტკიცა, რომ ის თავისი ქალაქის ღირსეული მერია. მან გაამართლა თავისი არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, ახლაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, ის გაამართლებს თავის არჩევანს. მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მისი სამუშაო გამოცდილებიდან. 2010, 2011 და 2012 წლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს იყო წლები, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა. როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება, ელემენტარულად, ხალხთან მისულიყვნენ. ზუსტად იმ წლებში, ზაურთან ერთად, ჩვენ შევქმენით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლო კითხვების დასმა, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, შევქმენით ერთად თავისუფლების კუნძულები და ზაურ დარგალი იყო საქართველოში 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის, რომელიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევარჩიეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წლები. შემთხვევით არ ვამბობ. ძალიან პრინციპული და ძალიან კრიტიკული იყო მაშინ მუშაობა იმ პროგრამაში, სადაც ზაური მუშაობდა, იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი, დიდი ზეწოლა თავისუფალ აზრზე და დემოკრატიაზე, საერთო ჯამში. მაგრამ მან წარმატებით იმუშავა. შემდეგ ის იყო საჯარო სამსახურში, შემდეგ იყო არჩეული მერი და დღეს, მე ვფიქრობ, მას აქვს სრული შესაძლებლობა, რომ იყოს წარმატებული პარლამენტარი და თქვენი მაჟორიტარი. ახალგაზრდა, ენერგიული კაცია, მას აქვს მთელი გუნდის მხარდაჭერა - საპარლამენტო, სამთავრობო გუნდის, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია ჩვენთან და მას აქვს ყველა უნარი და შესაძლებლობა, რომ ყველაზე საჭირო პროექტები დაამუშაოს, მოიტანოს და გადაწყვიტოს. მე ვფიქრობ, ზუსტად ეს არის ის უპირატესობა, რისთვისაც, ზაურ დარგალი, ვფიქრობ, თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება ამ საპარლამენტო არჩევნებში. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად გავაგრძელებთ საქმის კეთებას! ერთად საქართველოს წარმატებისთვის!