21 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თეთრიწყაროელებო!
მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს - საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს - ბატონ კახა კალაძეს.
ძალიან დიდი ისტორიული ქარტეხილები ახსოვს ამ მიწა-წყალს. აქ ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდეობის ძეგლია შემონახული, რომელიც ჩვენს დიდ მემკვიდრეობას ასახავს. ამასთან ერთად, აქ არსებული ადგილობრივი უნიკალური ბუნება და კლიმატი თეთრიწყაროს განვითარების ძალიან დიდ პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა თეთრიწყაროს მთავარი სიმდიდრე ადგილობრივი საზოგადოებაა, რომელიც ყოველთვის გამორჩეული ერთობით და თავდადებით ემსახურებოდა ქვეყანას.
ჩვენ ხელისუფლებას, რომელმაც მთავარ საზრუნავად თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და განვითარება დაისახა, საკმაოდ ბევრი პროექტი და პროგრამა აქვს განხორციელებული.
მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. მხოლოდ პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 100-მდე პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, 60-მდე ბიზნესის გაფართოების მიზნით.
დიდი ინვესტიციებია განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის მიმართულებით.
ჩვენი ხელისუფლების მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთ დასტურად ისიც შეიძლება ითქვას, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის კომპენსაციის სახით 4 მილიონ ლარამდე თანხა გაიცა.
ბუნებრივია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი და ამისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.
მათ შორის, აღსანიშნავია დაბა მანგლისის გაზიფიცირების მიმდინარე 11,5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი და ასევე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიმდინარე სამუშოები ჯორჯიაშვილი-ბოგვის მიმართულებით, რომლის ღირებულება 2,7 მილიონ ლარს შეადგენს.
უახლოეს პერიოდში დაიწყება 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი: გოლთეთის, წინწყაროს, ქოსალარის, დურნუკისა და ხაიშის მიმართულებით. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება დაბა მანგლისშიც.
ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას ჩვენი გუნდის ძალისხმევის გაერთიანება ესაჭიროება და აქ თითოეული ჩვენგანი ვიგულისხმებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონსოლიდაცია, რათა ერთად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ერთად ვიშრომოთ თეთრიწყაროსა და საქართველოს წარმატებისთვის.