21 აგვისტო, 2020
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, რომლითაც ახალი მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, როდესაც საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და აკეთებს თავისი პროგრესის კონსოლიდაციას. ცდილობს, რომ მოიკრიბოს ახალი ძალა მომავლისთვის და სწორედ „ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვაქვს გეგმები, გვყავს გამოცდილი გუნდი და ასევე, გვყავს მხარდამჭერები თქვენი სახით, რომელთაც იციან, თუ რის გაკეთება შევძელით ერთად ამ წლების განმავლობაში და მინდა, პირველ რიგში, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ვინაიდან თქვენი მხარდაჭერის, შრომის, მოთმინების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ერთად გაგვეკეთებინა ის, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მხარდამჭერები და მოქალაქეები ენდობიან და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ერთად შევძელით ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაზე უკეთ და ეფექტურად დაგვეცვა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე და პროგრესზე ვისაუბროთ. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ადამიანის უფლებები. დღეს გამოქვეყნდა გაეროს ეგიდით კვლევა, სადაც ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები ამ მიმართულებით არის შეფასებული დადებითად. რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო არის გამოწვევის წინაშე და პანდემიამ შეცვალა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, სამწუხაროდ, არაერთი ადამიანი შეიწირა და არაერთი ოჯახი ტრაგედიის წინაშე დააყენა, ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, აჩვენა თავის საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლება, თქვენთან ერთად, მზად არის გამოწვევებისთვის. სწორედ ამ გლობალურმა კრიზისმა გამოსცადა, თუ რამდენად სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს ჩვენს ქვეყანას, რამდენად ხალხზე და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რამდენად სწორი იყო რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. გახსოვთ ალბათ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ოპონენტები ბევრჯერ გვექაჩებოდნენ წარსულში, ბევრჯერ უსამართლო კრიტიკა მოგვისმენია, იყენებდნენ თავის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს იმისთვის, რომ თეთრი შავად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის და კარგი ცუდად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის. გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თუ რისთვის იყო საჭირო სოფლის მეურნეობაში დაფინანსების გაზრდა და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ფუჭად გადაყრილი ფული. გახსოვთ, რომ გვაკრიტიკებდნენ ძალიან მკაცრად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო. გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა, ჯანდაცვის სისტემას ჰქონდეს ამხელა დაფინანსება. გახსოვთ, რომ გვაკრიტიკებდნენ წლების განმავლობაში, თუ რა საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბიზნესს გაუკეთოს სუბსიდირება და დააფინანსოს „აწარმოე საქართველოში“, გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურმა პანდემიამ დააყენა გამოცდის წინაშე, გამოჩნდა, რომ სწორედ ეს რეფორმები აღმოჩნდა კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ რეფორმებმა შეძლო ჩვენი ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენა და თუ დღეს ჩვენ მშვიდ კამპანიას ვატარებთ, თუ დღეს ჩვენი ქვეყანა არჩევნებისთვის გეგმიურად ემზადება, მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ჩვენზე უფრო შეძლებულმა და ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა გადადეს არჩევნები და სამწუხაროდ, დიდი პრობლემების წინაშე არიან, ეს არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენ ერთად შევძელით ამ სწორი რეფორმების გატარება. ამას ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩვენოთ პროცესი. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა რჩება, რჩება ბევრი მოქალაქე და ბევრი ოჯახი, რომელიც შეიძლება, ამ მომენტშიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, გაჭირვებასთან არის პირისპირ, მაგრამ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგამთ სწორ ნაბიჯებს, ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების სფეროში რეფორმებით და დაფინანსების გაზრდით, იმ რეფორმებით, რომლებზეც ისაუბრა გიორგი გახარიამ, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეებს, ფერმერებს, ვცდილობთ, რომ თითოეულმა ოჯახმა შექმნას თავისი ეკონომიკა და ამით შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის, გზების, ბაღების, სკოლების მშენებლობით და განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, ამ გლობალური პანდემიის დროს არის დიდი გამოწვევის წინაშე და ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ მოვედით თქვენთან, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა, კიდევ უფრო მეტად და გულღიად გითხრათ, რომ თქვენს გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება კვლავ ის ძალა, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ქვეყნის მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას.
მინდა, ორი სიტყვით ვისაუბრო ჩემს კოლეგაზე, გოგი მეშველიანზე, ვისთან ერთადაც, ამ წლების განმავლობაში, პარლამენტში ვიმუშავე. რატომ არის ის საუკეთესო არჩევანი? ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც აქვს განათლება, რომელსაც აქვს მოტივაცია, ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც აქვს კონტაქტები, საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, მთავრობასთან უშუალო კომუნიკაცია, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაცია, პარტიის ხელმძღვანელებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ვინ შეძლებს უფრო უკეთ, რომ თქვენი პრობლემები, თეთრიწყაროს პრობლემები, დმანისის, ბოლნისის, წალკის პრობლემები დროულად მიიტანოს ხელისუფლებასთან, დროულად მოძებნოს გამოსავალი, დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ არა გოგი მეშველიანმა. ამიტომ, მე გთხოვთ, რა თქმა უნდა და მას ვუწევ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში მან მართლაც წესიერად, თავდადებულად იმუშავა. ის არის პასუხისმგებლიანი ადამიანი და ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც რაიონი ჩაიკეტა კარანტინის გამო, ის როგორც მაჟორიტარი, ბოლომდე რჩებოდა თავის საზოგადოებასთან, რჩებოდა ქალაქში და სოფელში რომელიც ჩაკეტილი იყო და სანამ არ გაიხსნა ყველა მოქალაქისთვის, ის იყო რაიონში და თითოეულ ადამიანს ეხმარებოდა. ეს არის ის, რაც საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ მომავალში მისი მხრიდან მიიღოთ, როგორც დეპუტატის და როგორც თქვენს მიერ არჩეული პირისგან. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ ამ შეხვედრისთვის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული, პროგრესული გეგმები, მივალთ კიდევ უფრო ახლოს, სადაც ხელისუფლების მხარდაჭერას და დახმარებას ელოდება ხალხი და შევძლებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ერთად. ერთად წარმატებული საქართველოსთვის! ერთად წარმატებული თეთრიწყაროსთვის!