21 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, თეთრიწყაროელებო,
დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ.
თეთრიწყარო მაგალითია იმისა, რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკე აღებულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის. ეს, გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ - რეგიონი და საბოლოო ჯამში - ქვეყანა.
არ შემიძლია, არ შევეხო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ გუშინ რაჭაში, ამბროლაურში წარვადგინეთ და რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“. სახელმწიფო მართლა თითოეული მოქალაქის პარტნიორია. რა დგას ამის უკან? მარტივი რამ. თბილისში, სხვადასხვა სამინისტრო - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, ბევრ კარგ ინიციატივას სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. სხვადასხვა დაფინანსებას, შეღავათიან კრედიტებს, სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ინიციატივაა, რომლებიც ეხმარება გლეხს, რომ გახდეს ფერმერი, ეხმარება მოქალაქეს, დაიწყოს საქმე და ბიზნესში შევიდეს, ეს რისკები აიღოს თავის თავზე. ზოგს ტურიზმი უნდა, ზოგს კი წარმოება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც თბილისში არ ცხოვრობდა, უწევდა რეგიონიდან ჩამოსულიყო თბილისში, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში და გაეგო ინფორმაცია. დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, საზოგადოებრივ ცენტრებში. არსად წასვლა არ გჭირდებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში რომ მიდიხართ, იქ არის სრული ინფორმაცია, ყველაფერი, 20 პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაფერი ისეთ დონეზეა გაკეთებული, საზოგადოებრივ ცენტრში რომ შეხვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაუჯდეთ, მოგიყვებათ ყველაფერს, გაგაცნობთ მთელ პროგრამას, მოგცემთ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ეს ყველაფერი იქამდე მივიყვანეთ, რომ კონტრაქტს შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და აქ გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ უნდა, ცოტა ბანკი, ცოტა ცოდნა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება. ტრენინგებია საჭირო? ეს ყველაფერი იქნება იქ. ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება, იყოს გეოგრაფიული განსხვავება. ადამიანებმა, სახელმწიფო სერვისები, რასაც იღებენ თბილისში, უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, სადაც გინდათ, იმიტომ, რომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ეს სხვაობა ისევე, როგორც არ უნდა იყოს სხვაობა, მაგალითად განათლების სისტემაში.
ბავშვი, რომელიც განათლებას იღებს თბილისში, ან თეთრწყაროში ერთი და იმავე დონის უნდა იყოს. ქართველი ბავშვები ნიჭიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ვერ ახერხებს ერთი და იმავე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებში, რაც ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა. სინამდვილეში მთავარი ჩვენი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანაა ის, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია, მტერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მისი პარტნიორია. სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია, აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე, მას უნდა მივეხმაროთ.
მას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი, უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თუმცა, ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულებები, როგორიცაა განათლების ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის შვილებთან იყვნენ კონკურენტუნარიანები.
სისტემური ინფრასტრუქტურა ჰქვია იმასაც, რომ ჩვენი მოხუცებულები, პენსიონერები სოციალურად იმდენად დაცულები იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავლენ. ჩვენი გზები, წყალმომარაგება, გაზი, საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დიდი სხვაობა, თბილისში ცხოვრობს, თეთრწყაროში თუ სადღაც სხვაგან.
რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. თეთრიწყაროში, თბილისის გვერდზე, გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება ამ ზაფხულს დაიწყო. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში.
ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად, ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა.
გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას და რაც მთავარია, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში!