×

19 აგვისტო, 2020

გოგი მეშველიანის სიტყვით გამოსვლა ბოლნისში

ჩემო ძვირფასო ბოლნისელებო,

ჩემთვის დიდი პატივია კვლავ ვიყო „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ რეგიონში. 

დიდი მადლობა ამ დიდი ნდობისთვის „ქართული ოცნების”თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური საბჭოს სრულ შემადგენლობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ჩამობრძანებისთვის, აქ გაჟღერებული ხედვებისთვის.

ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რეგიონების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ განვლილ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების რაოდენობა და მასშტაბი. 

განვლილი წლების მანძილზე 2,5-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი და თუკი 2013 წელს 14,5 მილიონ ლარს შეადგენდა ეს მაჩვენებელი, 2019 წელს 33 მილიონამდე გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელისუფლებო გუნდის მიერ დანერგილ პროექტებში საკმაოდ ბევრი ადგილობრივი ერთვება, ხელშესახები პროგრესი გვაქვს ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროს, მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში არასდროს განხორცილებულა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისში მიმდინარეობს 26 მილიონი ლარის ღირებულების წყალარინების პროექტი, რომელიც ქალაქის მომავალი განვითარების საყრდენი გახდება, ხოლო დაბა კაზრეთში საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებით აღჭურვაში სახელმწიფომ 4 მილიონ ლარამდე გაიღო. 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა რატევანი-კაზრეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა ბოლნისი-წუღრუღაშენის გზის მშენებლობაზე. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში საბჭოთა პერიოდიდან გაზიფიცირებული 37 დასახლებული პუნქტიდან 19 ჩვენი ხელისუფლების მიერ არის განხორციელებული. 

რეგიონში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადასაწყვეტად გარემოს დაცვის სამინსტროსთან შეთანხმებული გეგმით 30 მილიონ ლარამდე იქნა ინვესტირებული, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გარემო.

მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული სხვა მიმართულებებითაც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მიუხედავად აღნიშნული წარმატებული პროექტებისა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენს წინაშე უამრავი გამოწვევა დგას, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის მანძილზე აქტიური მუშაობითა და თანამშრომლობით დავძლევთ.

ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი განვითარება.

ბოლნისს დიდი კულტურული და სპორტული ტრადიციები აქვს, რომელსაც შესაბამისი მხარდაჭერა ესაჭიროება.

ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და გვაქვს ერთმანეთის სრული ნდობა და იცით, რომ ყოველთვის თავდაუზოგავად ვიშრომებ ჩვენი მხარისა და ხალხის ინტერესებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების გამტარებელი და დამცველი საქართველოს პარლამენტში. 

ჩვენმა ერთიანობამ ორთვიანი მკაცრი კარანტინის და იზოლაციის პირობებში, ურთიერთთანადგომამ და  უპრეცედენტო  სოლიდარობამ, ყველას დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად დგომით ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგვიძლია და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში და უამრავ სასიკეთო ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი მხარის და საქართველოს წარმატებისთვის!