19 აგვისტო, 2020
ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ სიტყვით ამ ისტორიული ადგილიდან, სადაც სულხან-საბა ორბელიანის ოცნება, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნებულიყო ევროპულ ოჯახში - დაიწყო. ეს მოგზაურობა გრძელდება დღესაც, თუმცა, დღეს, სულხან-საბა ორბელიანთან ერთად, თითოეული ჩვენგანი, ხელისუფლება და საზოგადოება ვართ მონაწილეები იმ პროცესის, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩვენმა სახელოვანმა წინაპარმა, სულხან-საბა ორბელიანმა აქედან დაინახა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატებების უშუალო შემქმნელები და მონაწილეები ვიქნებით. სამშობლო და თავისუფლება - ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა. დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას. მან მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს და მომავალ თაობებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო გასაჭირში და ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მშვიდობიანი მომავალი, უფრო სტაბილური სახელმწიფო იმისთვის, რათა ჩვენც მივცეთ მაგალითი მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს, თუ როგორი უნდა იყოს მოღვაწეობა მშვიდობის პერიოდში, რათა აღარ დაგვჭირდეს სიცოცხლის და თავის გაწირვა, არამედ ჩვენი შრომით, განათლებით და მიზანდასახულობით მივაღწიოთ და ავიხდინოთ ის ოცნებები, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და რაც ჩვენ გვაქვს დღეს.
მე ვფიქრობ, რომ არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება ირჩევს „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მოქალაქეები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს, არის ძალიან მკაფიო და მინდა, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს გადაგიხადოთ მადლობა, ვინაიდან ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და ეფექტურად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ყველაზე უკეთ მოვახერხეთ ბიზნესის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა. ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელება. რა კავშირშია ეს ყველაფერი თითოეულ ოჯახთან? ქალაქებთან და სოფლებთან? ეს კავშირი არის პირდაპირი, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარების და პროგრესის საფუძველი არის მშვიდობა და სტაბილურობა, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დაცული, როდესაც სახელმწიფო სამართლიანია, როდესაც ქვეყანას აქვს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, სადაც ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები. ჩვენი მოქალაქეები დღეს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანმა აირჩია.
ჩვენ გამოცდილი გუნდით, განახლებული გეგმებით, საზოგადოებას ვთავაზობთ კვლავ საქმიან, მშვიდ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს საზოგადოებას და გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ამ არჩევნებში რასაკვირველია, ჩვენთვის უპირობოდ იქნება მისაღები. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება არჩევნები, როდესაც არა მხოლოდ ახალი პარლამენტი შეიკრიბება, არამედ საქართველო, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს დაუმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ადგილს დასავლურ ცივილიზაციაში, ევროპულ ოჯახში და დაუმტკიცებს, რომ საქართველო იყენებს თავის შესაძლებლობას, გააძლიეროს, უფრო სანდო და საიმედო გახადოს თავისი დემოკრატია.
დღეს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მშვიდობა გაგრძელდეს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. თუმცა, ასევე გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ მშვიდობასა და თავისუფლებას, გვეამაყება, რომ ჩვენი თავდაცვის სისტემა დღეს არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გვეამაყება, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს ძალიან ძლიერი და საიმედო ურთიერთობები.
რას ვაპირებთ მომავალში: ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმით, დაფინანსების გაზრდით, მეწარმეების და ბიზნესის ხელშეწყობით, საკანონმდებლო და საგადასახადო რეფორმებით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობით და განახლებით შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას. ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ ყველაზე რთულ მომენტში ხელისუფლება მზად არის მართოს პროცესები და ბოლომდე აიღოს პასუხისმგებლობა გამოწვევებზე. და სწორედ ეს ჩვენ გვაძლევს უფლებას, რომ გითხრათ, ჩვენ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის მართვა. თქვენი უშუალო მონაწილეობით და თქვენი მხარდაჭერით.
მინდა, ორიოდ სიტყვა ვთქვა ჩემს კოლეგაზე, ვისთან ერთადაც ოთხი წელია ვმუშაობ პარლამენტში - ბატონ გოგი მეშველიანზე. ეს არის წესიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია მომავალში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობისა და საკანონმდებლო ორგანოში ძალიან პოზიტიური საქმიანობის გამოცდილება. რა არის მისი უპირატესობა? მას აქვს უშუალო კონტაქტები, როგორც საპარლამენტო გუნდთან, ასევე, სამთავრობო გუნდთან, პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან. შესაბამისად, სწორედ ის შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც თქვენი კუთხის, თქვენი მხარის და თქვენი ოჯახების საჭიროებების დროულად მიტანა და ეფექტურად გადაწყვეტა შეუძლია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ის იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას და მე მჯერა, რომ გოგი მეშველიანი იქნება თქვენი საუკეთესო არჩევანი პარლამენტში. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბოლნისის წარმატებისთვის!