×

19 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა დმანისში

მოგესალმებით, დმანისელებო!
როგორც კახიმ თქვა, ეს ფაქტი მეცნიერების მიერ დადასტურებულია და პირველი ევროპელების სამშობლო არის აქ. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველას უნდა გავაგებინოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად ეს კუთხე, დმანისი, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საქართველოში, ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, არის პერსპექტივის, დიდი მომავლის საწინდარიც.
აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა.

ადამიანზე ზრუნვაზე დაყრდნობით, სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. დმანისი და კიდევ 9 სოფელი. ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, რომ ადამიანები დმანისში დარჩნენ, რომ ახალგაზრდები დმანისში ბრუნდებოდნენ, რომ აქ იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ დმანისში ახალგაზრდებს შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება. როდესაც თბილისში ჩავლენ, თბილისელ ახალგაზრდებს მაგარი კონკურენცია გაუწიონ. დმანისში ჩვენი მოხუცები, პენსიონერები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც დიდ ქალაქებში, ღირსეულად. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარია ის, როგორც მთავრობა ცდილობს მიეხმაროს ყველა კუთხეს და მათ შორის დმანისსაც. ჩვენ ხომ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ დიდია სიღარიბე. ბევრი გვაქვს ერთად საშრომი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ისეთი, როგორც ეკუთვნის ამ კუთხეს და ამ ქვეყანას.
ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რათა ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენს ოჯახზე და ახალგაზრდებზე უკეთესად ვიზრუნოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ვანაწილებთ.
პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ - საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები.
ამისთვის, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად გვმართებს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ - „ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - იმიტომ რომ მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, ბევრი ვიდავოთ, ბევრი დისკუსია იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს, აქ უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ერთად მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ!