×

14 აგვისტო, 2020

დავით სონღულაშვილის სიტყვით გამოსვლა გურჯაანში

ჩემო გურჯაანელებო,

ბატონებო და ქალბატონებო,

ბატონო პრემიერო,

ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული 4 წლის განმავლობაში იყო და არის ჩემი სიამაყის არსი და დვრიტა.

ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად 2016 წელს შევქმენით დეპუტატის წინასაარჩევნო პროგრამა და განსხვავებული, მთლიანად მუნიციპალიტეტის, ცალკეულ სოფლებზე და თითოეული ოჯახის საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიული ხედვა და შემდეგ 4 წლის განმავლობაში ზედმიწევნით თანმიმდევრულად განვახორციელეთ ეს გეგმა.

გურჯაანი შეიცვალა, შეიცვალა სოფლები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, შეიცვალა მიდგომები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც.
გურჯაანის ხედავს ახალ პერსპექტივას, გურჯაანში მკაფიოდ ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება, გურჯაანი თავად არის ცვლილებების მაგალითი.

მთავარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, შეიცვალა დამოკიდებულება. ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ბევრ ადგილზე მხვდებოდნენ ჯან-ღონით აღსავსე ადამიანები, რომელთა მთავარი მოთხოვნაც საპენსიო ასაკის შემცირება იყო, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეები, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში ჩაწერას.

დინამიკაში კარგად ჩანს, როგორ შეიცვალა მოთხოვნები, როგორ გახდა მათი გზავნილები პიროვნულიდან საზოგადო და როგორი ცვლილებები განიცადა მომავლისადმი დამოკიდებულებამ.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რაც გააზრებული გვქონდა პირადად მე და ჩვენს გუნდს, ყველაფერი მოვახერხეთ ანდაც არაფერი დარჩა გასაკეთებელი, მოუხრეშავ-გასაუმჯობესებელი. მაგრამ თითოეული გურჯაანელი, ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებელი თამამად იტყვის, რომ შრომა, გარჯა, მონდომება და ძალისხმევა არ დაგვიკლია ყველა მიზნის განხორციელებისთვის.
როდესაც ვამბობ, რომ გურჯაანი შეიცვალა, ვგულისხმობ, არამარტო მენტალურ ცვლილებებს. მუნიციპალიტეტი, რომელსაც ფუნქცია დაკარგული ქონდა, ღირსეულად იბრუნებს თავის მოწინავეობას.

რთველი გურჯაანში აღარ არის მარტო ყურძნის რთველი და ისიც სექტემბერ-ოქტომბერში, რთველი გადაიქცა მოსავლის მიღების დღესასწაულად, რომელიც მარწყვისა და კიტრი-პომიდვრის რთველიდან მაისში იწყება, გრძელდება ზაფხულში ატმისა და ვაშლატამას მოსავლით, კენკროვანებისა და ბაღჩეულის მოყვანით, ესტაფეტას იღებს ადრე შემოდგომაზე ყურძნის რთველი და გვიან შემოდგომაზე სრულდება ხურმისა და კარალიოკის რთველით.
ხილისა და ბოსტნეულის, ყურძნის მოყვანა-რეალიზაცია უკვე აღარ არის სპონტანური და გარე პირობებზე დამოკიდებული პროცესი. სოფლის მეურნეობისა და აწარმოე საქართველოს პროგრამებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, შესაძლებელი გახდა ჩამოყალიბებულიყო ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მინდვრიდან სუფრამდე საქართველოში, ხოლო მინდვრიდან ექსპორტზე საზღვარგარეთ სრულ ეკონომიკურ პროცესს უზრუნველყოფს.
მუნიციპალიტეტში მგზავრობისას შეამჩნევდით ათეულობით ახალ საწარმოს, ახალ შენობებს, ახალ ტექნოპარკს, ახალ მოედნებსა და სკვერებს, ახალ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, რეაბილიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ახალ გზებსა და სავაჭრო ობიექტებს, ახალ სასტუმროებსა და გესტჰაუსებს, ცხოველთა თავშესაფარს, მარნებსა და ღვინის ქარხნებს, გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებს, დასრულების პროცესში მყოფ გურჯაანის ცენტრალურ პარკსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

ეს შესაძლებლობა გურჯაანის გაზრდილმა ბიუჯეტმა მისცა გურჯანელებს, რეგიონული და მუნიციპალური ფონდების გაზრდილმა სახსრებმა, რომელიც 4 ჯერ გაიზარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში.

ეს შესაძლებლობა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობამ და პარტნიორობამ განაპირობა. მოსახლეობის ჩართულობა, თანამონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი საჭიროებების წარმოჩენისა და მისი დაკმაყოფილების გზით, აღებულია საუკეთესო ევროპული გამოცდილებიდან.

ეს შესაძლებლობა კერძო ინვესტიციების არნახული რაოდენობით მოზიდვის შედეგია.

გურჯაანი აქაც მოწინავეა. 2016 წლიდან დღემდე 11-ჯერ გაიზარდა ინვესტირებული თანხის რაოდენობა.

ეს შესაძლებლობა, სულ მოკლე ხანში მოგვცემს საშუალებას, გავაუმჯობესოთ და საბოლოოდ მოვაწესრიგოთ წყლით უზრუმველყოფის საკითხები, დავასრულოთ საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტები და მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს.

გურჯაანელები მშრომელი ხალხია. მათ გაქანებასა და გარჯას ბუნებრივი მოწინააღმდეგე არ ყავს. ასეთი მტერი არც უმუშევრობა და არც ბუნებრივი კატაკლიზმები იყო. წარსულში ასეთი მოწინააღმდეგე, უიმედობა და პერსპექტივის არქონა იყო. საჭირო იყო ამ საშინელი მტერის სამუდამოდ დამარცხება და ახალი ორიენტირების, ახალი პერსპექტივების ჩვენება.

ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მოახერხა - აქ ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს პერსპექტივა, აქ ბევრი ადამიანი გაცილებით იმედიანადაა განწყობილი, რადგან ხედავს, რომ ფართო შესაძლებლობები ფართო ასპარეზს აძლევს. ბევრი დაბრუნდა და ბევრი კიდევ დაბრუნდება გურჯაანში საქმიანობის გასაგრძელებლად. პროფესიული განათლების გაძლიერების, ღვინისა და კულინარიის ახალი კოლეჯების გახსნით, ჩვენ შევძლებთ ახალი უნარებით გავაძლიეროთ ყველა მსურველი.

გურჯაანელები ამაყობენ, რომ მეღვინეობის მუნიციპლიტეტის მაცხოვრებლები არიან, გურჯაანელები ამაყობენ, რომ უკვე საერთაშორისო საუკეთესო ღვინისა და კულინარიის ფესტივალების მასპინძლები არიან.

ვხედავ, ვიცი, და მჯერა, რომ წინსვლისთვის ეს გაუმჯობესებები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ვიცი, ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებთ ჩვენ გურჯაანელებს, ვიცი ყველა პრობლემა თითოეული სოფლის ჭრილში, წყლით მომარაგებიდან დაწყებული, მორწყვის სისტემების გაუმჯობესებით დამთავრებული.
ამიტომ ჩვენი დაპირებაც არ იქნება მარტივი შესასრულებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც 4 წლის წინ მიცემულ დაპირებებს, ახლაც ყველას შევასრულებთ.

განვლილი 4 წელი ჩემთვის და ჩვენი თანამოაზრეებისთვის იყო იმედისა და ღირსების მარში!

სახალხო მოძრაობის დასაწყისი უკეთესი გურჯაანისთვის!

თვითდაჯერებული და მომავლის იმედით აღსავსე გურჯაანელებისთვის!

დიახ, ჩვენი ხელისუფლება არის სიტყვის შემსრულებელი, სიტყვის საქმით შემსრულებელი ხელისუფლება!

დიახ, მე ვარ გურჯაანის დეპუტატი ქართული ოცნებიდან დავით სონღულაშვილი და ვიცი სიტყვის ფასიც და სიტყვის საქმედ ქცევა!

დიახ, ჩვენ ერთად უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას!

და დიახ, ჩვენ უფრო დიდ წარმატებას აუცილებლად ერთად მივაღწევთ!

დიდი მადლობა, ჩემ გურჯაანელებს!