×

14 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა დედოფლისწყაროში

მოგესალმებით დედოფლისწყაროში, ძალიან ღირსეულ კახელებთან ერთად. დღევანდელ დღეს საუბარი უნდა დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, რომელიც უნდა გვახსოვდეს და აგვისტო ის თვეა, როცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გავამთლიანოთ.

მოსავალზე რომ გადავიდეთ - რთველი იწყება აქედან და შეუძლებელია, რთველს გვერდი ავუაროთ. 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავამთავროთ ეს კარგი საქმეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და ამის დადასტურება იქნება ეს რთველიც. ჩვენ ამ რთველსაც ჩავატარებთ ძალიან მაგრად და ქართველ გლეხს, კახელ გლეხს საამაყოდ ექნება, როგორ ჩავატარებთ ამ რთველს. ისევე, როგორც დავაბინავეთ ატამი, დავაბინავებთ ვაშლს, შემდეგ თხილს და შემდეგ ციტრუსს.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი, რათა ჩვენს ბავშვებს განათლების მაგარი სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ, აქედან რომ გავლენ, სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, ჯანმრთელობა ჰქონდეთ, ჯანმრთელობის მომსახურება და ნორმალური სოციალური დახმარება ჰქონდეთ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა ჩვენი ოჯახები ღირსეულად ვარჩინოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანზე ზრუნვა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გვემართა. ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ და მეტი უნდა შევქმნათ.

ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი სოფლად და რეგიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია, ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სასოფლო გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
ბავშვები და სკოლები - ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლა,  3000-მდე სკოლიდან, გასარემონტებელია. ასაშენებელია ახალი სკოლები. სამთაწყაროში ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მშენებლობა მთავრდება მაჩხაანშიც. ეს საკმარისი არ არის.
მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება, ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება ღირსეული შრომით შექმნილ მის სიმდიდრეს და ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც. დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ!