14 აგვისტო, 2020
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! განსაკუთრებული მადლიერებით მოგესალმებით ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცებს, თქვენ ყველას. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში გვერდში დგომისთვის, თქვენი ერთგული მსახურებისთვის და რა თქმა უნდა იმ თავგანწირვისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ 2012 წელს, მაშინ როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. დღეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე დღე, მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემიერის ნათქვამს და კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული ათი ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს და დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით. ეს მე შემთხვევით რა თქმა უნდა არ მიხსენებია, ვინაიდან ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და ეს არის გაკვეთილი, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ არავითარი შეცდომა. საუბედუროდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ის ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვია აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ამას გარდა კოდორი დავკარგეთ, დავკარგეთ ახალგორი და დამატებით მივიღეთ 10 ათასზე მეტი, დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი ძვირფასო მეგობრებო და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ბელადი, ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება ჩვენი მოქალაქის. თითოეული მოქალაქის თავისუფლება მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის შედეგად 300 ათასი ჩვენი მოქალაქე გახდა დევნილი. სულ რაღაც 10 წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა. როცა ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აბსოლუტურად საღად და პასუხისმგებლობით უყურებს ამ არჩევნებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ვართ იდეალურები. ბუნებრივია, ჩვენ მოგვდის შეცდომები, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს ვასწორებთ და წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის უნარიც, ამის აღიარების უნარიც და ამის გამოსწორების შესაძლებლობაც. ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი მთლიანი „ქართული ოცნება“ მისი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მე მჯერა, რომ ამ მთავარ მონაპოვარს თქვენთან ერთად კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება, ძირითადი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის. ჩვენ კარგად გვესმის, და პრემიერმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე... რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია. ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა ყოველთვის აპელირებს იმით, რომ თითქოს ყველაფერი იყო იდეალურ ქვეყანაში და 2012 წლის შემდეგ ერთიანად დაინგრა ყველაფერი. ეს არის ის ნარატივი, ტყუილი და სიცრუე, რასაც ჩვენი ოპონენტები ავრცელებენ. 30 წლის განმავლობაში, მოდით ვაღიაროთ, ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელებით ვანგრევდით ჩვენს ეკონომიკას, ვუქმნიდით ჩვენს მოქალაქეებს უამრავ პრობლემას და სწორედ ამ უგუნური პოლიტიკის შედეგი არის ის, რამაც განაპირობა აგვისტოს ომის შემდგომ რაც მოხდა ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს ღირსეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც არის გამორჩეული პარლამენტის წევრი, რომელიც გამოირჩევა თავისი ნიჭიერებით, კრეატიული იდეებით და მე მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება ამ რეგიონის მოსახლეობას და თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს პარლამენტში.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, და გისურვოთ წარმატება და ერთად გამარჯვება!