11 აგვისტო, 2020
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით,
მივესალმები ჩვენს ძვირფას ლაგოდეხელებს.
დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება. ადამიანს, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაიზიარებს, რაც თქვენს ქალაქს და რაიონს უდგას.
„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი გააჩნია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც, როდესაც გლობალური საფრთხე ხელისუფლებამ ეფექტურად მართა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა, თანადგომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მინდა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
„ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც ზრუნავს რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით უამრავ პროექტსა თუ ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს.
ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე მდგომებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი და ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობა და ხელშეწყობა სჭირდება ამ პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებას, რაც ჩვენი ვალია და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი კანდიდატის ძალიხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის