14 მარტი, 2020
მსურს რომ ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს მოსახლეობას ამ მძიმე მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონა ვირუსს ებრძვის.
დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით ტრენინგებსაც გაივლიან.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ ჩვენი დახმარება.
ჩვენ, ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე, არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას.
ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას.