09 ივნისი, 2019
ბიძინა ივანიშვილი - მთაწმინდაზე მეორე ტური მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია „მთაწმინდაზე მეორე ტური მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ. „პირველი ტურის დროს ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ვნახეთ კიდეც და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათან ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები ტიპიურად და ეს მათ რიცხვში არჩევნებში კარგად უნდა გამოიხატებოდეს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.