16 მაისი, 2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შუალედური არჩევნების წინ არსებული ვითარება გააცნო.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციის ქმედებებს. მისივე განცხადებით, დამკვირვებელი ორგანიზაციები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ ამომრჩეველს ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი არჩევნების დღეს თავიანთი ნების დაფიქსირებაში.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში შუალედური არჩევნების პროცესს აკვირდებიან გავაცანით ის მდგომარეობა, რაც არის ზუგდიდში. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ქალაქზე გავამახვილეთ, რადგან აქ ჩანს ძირითადი პრობლემები.
ვესაუბრეთ იმაზე, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით საარჩევნო კომისიების დისკრედიტაცისთვის.
ყველა აცნობიერებს რის გამოც დაიწყო აჟიოტაჟი - კერძოდ განცხადება, თითქოს დოკუმენტაცია არასწორად იქნა გადაცემული საარჩევნო კომისიიდან უბანზე - არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა და ამას ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია ადასტურებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ასევე ვესაუბრეთ ოპოზიციის მხრიდან მხარდამჭერების მასობრივ მობილიზაციაზე, რომელიც შესაძლოა, არჩევნების დღეს ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას ემსახურებოდეს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების სურვილი და მოწოდებაა რომ არც ერთმა მხარემ, არჩევნებში მონაწილე არც ერთმა სუბიექტმა ამომრჩეველს არ შეუშალოს ხელი ნების თავისუფლად გამოხატვაში“. - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.