28 ნოემბერი, 2018
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს დღეს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის.
დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის ძალზედ მაღალი აქტივობა, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს.
დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი - უმთავრესი პრიორიტეტია.
ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის გასავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად.
მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არის საკუთარი საქმიანობის ხელახალი შეფასების საუკეთესო საფუძველი.
ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ამ გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ, გასული ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა.
თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი.
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს.
კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი დღევანდელ გამარჯვებაში.
ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, სამართალდამცავ ორგანოებს, დამკვირვებლებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მადლობას გიხდით თქვენ - ჟურნალისტებს.
დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება.